Sunday, July 7, 2013
უქონელ კაცს(2)
მათხოვრის კალთაზე ჰკიდია ვირთხა.
დაფლეთილ ჯიბეში პურის ქერქს ღრღნის და...
ძაღლი კი- ერთგულად დარაჯობს პატრონს,
გაყინულ გუგებში მთვარის შუქს აფრთხობს,
სარკიდან უცქერის თვალები ღმერთის,
გაღებულ კართან რომ თავის შვილს ელის...
უქონელ კაცს(1)
ღობე-ღობე, ქუჩა-ქუჩა,
დაიცვითა ტანსაცმელი,
ნაფლეთებში გამოწყობილ
სტუმარს არსად არვინ ელის.
მხოლოდ ღმერთის საუფლოში
მისთვის არის კარი ღია,
სანატრელი სტუმარია,
"ფიანდაზებს" მისთვის შლიან.
სხეულს ქარი დაიტირებს,
დააკვნესებს სალამურებს, -
ამ ქვეყანას მისი ყოფა
მხოლოდ ამას ადასტურებს.
აქ ვერც ერთი კაცის გულში
თანაგრძნობა ვერ იპოვა,
საცხოვრებლად და სამყოფად
გამოუყვეს ნაგვის გროვა.
აქ ძაღლი და ვირთხა არის
მისი ძმა და მეგობარი,
მხოლოდ მათთვის გაუნდია
გულისთქმა და სატკივარი.
საჭმელსაც კი მათთან იყოფს, -
არ სჩვევია მას სიძუნწე,
სამძიმარზე მისულ წვიმას
ქარიშხალი კარებს უღებს...
გაყინული თვალებიდან
თითქოს სხივი კრთება უფლის.
ღარიბსა და უქონელ კაცს
თვით ეშმაკიც ძლიერ უფრთხის.
ზოგს წარწყმედა რატომ უკვირს?
ქჯებმა ლახტი გამომდეს
ქაჯებმა ლახტი გამომდეს,
ჭინკამ გამიკრა ხელები,
ტყე-ღრე მატარეს მზაკვრულად,
სისხლში მიცვალეს გენები.
მას მერე ძლივსღა დავდივარ,
ქვეყანას არ ვეჩვენები,
მიმუხთლა წუთისოფელმა,
გადავისერე ვენები.
არც ამან მომცა საშველი,
სისხლი წურწურით მდიოდა,
სუნზე მოვიდნენ ყორნები,
დედის ტირილი ისმოდა,
ლეშისმჭამელნო, რა გინდათ,
ლეში თუ გინდა შეჭამოთ,
სული ხომ მაინც დარჩება,
შეხებას როგორ ბედავთო,
არ გამოდგება მაგისთვის,
თქვენ რომ ბრჭყალებსა ლესავთო,,
თუ ჯოჯოხეთში მოვხვდები,
იქ აგიტირებთ დედასო!.
.
Saturday, July 6, 2013
სისხლის ყივილია, ისევ რომ გაისმის
გამოჩნდა სოფელი, დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ,
სულს ვითქვამ, კლდეებში წყაროა ჩართული,
მშვენიერ სიზმარს ჰგავს ტყიანი მიდამო, -
ხიდზე დაჩოქილი წინ მხვდება წარსული...
შენ, ჩემო მიწაო, ძუძუ რომ მაწოვე,
რომ დამიფრთიანე გული და მუხლიც,
არ მინდა, არ მიყვარს შენ გარდა არავინ,
გაღმიდან ხელს მიწვდის ტოტები მუხის.
შარაგზა ჩამოჰგავს სამოთხის მდინარეს,
დაწნული ღობიდან მიცქერენ თვალები,
მიდამო სავსეა ჭრელ-ჭრელი პეპლებით,
ხბო მხვდება ეზოში ნაცნობი ხალებით,
ცას სწვდება ღიმილი და დედას ვეხვევი,
აქ არის წარსულიც, სულთქმა და ზღაპარიც,
რომელსაც ვაცხობდი, როდესაც მშიოდა,
მერე კი ბაბუას საფლავთან დავფალი...
ჰაერში სუნი დგას პურის და ფოთლების,
ჩიტების ჭიკჭიკი ბაღს ავსებს ედემის,
გულს გავხსნი სალაღოდ, მეზობლებს ვეძახი
და ვკოცნი იმ მიწას, ქება რომ ეგების.
მზე ისევ მიცინის... მინდვრისკენ ვეშვები,
დილის ცვარს გულმკერდზე მძივებად გავიშლი...
რა ტკბილად მიღიმი, მზიანო ბავშვობავ,
სისხლის ყივილია, ისევ რომ გაისმის!
მაია დიაკონიძე
6.07.2013წელი
ჩემო ნანა, აფხაზეთო!
ჩემო ნანა, აფხაზეთო!
ჰოი, ნანა, დამარწიე
შენს აკვანში,
მათამაშე ღრუბლებით
და წვიმებით,
ჰოი, ნანა, დაიმღერე
ძველებურად,
შემეგებე ტყეებით
და ნისლებით.
ჰოი, ნანა, შენზე
ფიქრმა მომინელა,
გოგოები ერთ აფხაზ
ბიჭს ვყვარობდით,
ჰოი, ნანა, რომ ვეღარ
გგრძნობ ჩემსას ჩემად,
მაინც სევდით ისევ
გიხმობ: ,,გამოდი".
Friday, July 5, 2013
ცას ვეღარ მივწვდი ხელითა
მიწავ, ნუ გაგეცინება,
გულში მალულად გყვარობდი,
ვიცი, შენ უნდა მიმიღო, -
ფართოდ გამიღო კარები,
დამრეც ფერდობებს დავყვები,
ცას ვეღარ მივწვდი მინითა,
მინდა რომ გკოცნო, გეფერო...
შენ შემხვდე გუდასტვირითა.
მიწას
სანამ შენს პერანგს მათხოვებ,
ბარი მთას მოეკრძალება,
ნისლები ათამაშებულ
სხივებს მიიღებს ძალებად,
აყვავებული ყაყაჩო
თავს აწევს, ქვეყნის რჩეული,
მიწა ცის გვირგვინს დაიდგამს,
აღარ უტირის სხეული,
ვერც ყანა იგრძნობს ტკივილებს,
სიო გვერდს უვლის თავთავებს,
ჩავდგები მინდვრის შუაში,
მწყერჩიტას ვეტყვი არაკებს,
თოხით გამოვალ ნაპირას,
მუნჯი გავხდები მეხარე,
სანამ შენს პერანგს ჩავიცმევ,
პური არსობის იხარებს...
Subscribe to:
Posts (Atom)


.jpg)



