Saturday, January 5, 2013
ნუ გამომაცლი ფრთებს! (სიმღერა)
ნუ გამომაცლი ფრთებს, რომლითაც
ვზიდავ სამყაროს,
ნუ ამატირებ, ცრემლებს მივცემ ზღვებსა
და ატარონ,
ტალღებად გადააქციონ, ნაპირნი
მიმოაქციონ,
გემები მილეწ-მოლეწონ, დარდები
გადმოაფრქვიონ,
ნუ გამომაცლი ფრთებს, ნუღარ დამინგრევ
სახლს,
ნუთუ ცოტაა შენთვის, ასე უყვარხარ
სხვას?!
თოვლი(თეთრი ლექსი)
მიყვარს თოვლი, თეთრი, თეთრი და
წმინდა, როგორც ლოტოსის ყვავილი-
-ღმერთების პირმშო. ვაფასებ თოვლი-
ვით სპეტაკ ადამიანურ გრძნობებს და
პატიოსნებას. თუმცა ზოგჯერ თოვლ-
საც შ ე ი ძ ლ ე ბ ა ჰქონდეს შავი სახე,
საშინელი სანახავია ჭუჭყიანი თოვლი.
Thursday, January 3, 2013
ახალი წლის ღამე თბილისში
გაიმართება დიდი ლხინი და ჩვენს სახეებს
ღვინის ეშხი და ცხელი გული გააცისკროვნებს,
ირმის ყანწები გაახარებს დიდმუცლა კაცებს,
ოქროს ძაფებით გადაკერავს სიტყვათა კონებს,
ღიმილით სავსე სარკეები უხდება სუფრას,
ბროლის სხივები გადატეხავს გაყინულ ფანჯრებს
და მათი შუქი, სიტკბოებით, სითბოთი სავსე,
ქალაქის ქუჩებს ახალი წლის ნათებას მატებს...
შემოდგომის ეტიუდი
კვესავს ეული ერთი კუნძი შემოდგომისას,
მის გვერდზე მინდორს შესევია შავი ჭილყვავი,
მოგონებები მინავლულის, ჩამალულისა
მის გულის ყუნჭში არის ბევრი, არის უზღვავი,
ფოთლის შრიალი, ტოტთა რხევა და ქარიშხალი,
სიო ნარნარი, ამ ქვეყანას მისი რჩეული,
გულში ჩამწვდომი, საალერსო სიტყვები ნაზი
და ცულის დარტყმა - მტკივნეული, ანაზდეული...
კვესავს ეული ერთი კუნძი შემოდგომისას,
გაშავებული პირითა და სიკეთით სავსე,
თავს დასდგომია დარდიანი ფარდაგი წვიმის, -
და ნეშომპალით მის გარშემო ნიადაგს ავსებს.
Wednesday, January 2, 2013
დროის მანქანა
დროის მანქანამ წამაცალა საათი მაჯის,
სადაც მივედი, იყო უკვე ძლიერ გვიანი,
დიდი ლოდივით მძიმე იყო თხოვნა და აჯა,
გულის ხვეულებს მივაყენე დიდი ზიანი...
კვლავ ლიანდაგებს მივუყვები და ვითვლი წამებს,
როგორც ვითვლიდი ძვირფას წუთებს, ახლა დარდიანს,
ციფერბლატები აირეკლავს სხვა დროის ალებს,
მატარებელი, თუ მანამდე თან არ წამიყვანს...
Tuesday, January 1, 2013
მივეფერები
მე მოგონების ლურჯი ველით დავიფარები,
ბურუსში ვხედავ დედას, მამას, ბავშვობის გემებს,
მწველი ტკივილის დგება გორები,
მინდა შევღებო სულ სხვა ფერებით,
არ მასვენებენ, მოვეფერები...
ლურჯია ღამე
ლურჯია ღამე, ლურჯია მთები,
მოგონებები მიხმობენ შენთან,
მთვარემ დამალა სახე ღრუბლებში,
შენი სახებაც თანდათან ქრება.
მე მახსენდება ის ტყე და ველი,
ფრთამოტეხილი ჩიტი უბეში,
სულისშებერვით ვათბობდით ერთად, -
ეს იყო ჩვენთვის დიდი ნუგეში,
რომ ერთმანეთის გვესუნთქა ქარით,
რომ სიყვარულის გაგვეგო გემო,
ფრთამოტეხილი გაფრინდი მერე,
შენ და ის ჩიტი ღმერთთან ხართ, ჩემო.
დაათოვს ბაღებს იისფერ ყვავილს,
დაათოვს ბაღებს ზამბახს და იას,
შენ იკაშკაშებ ვარსკვლავი ცაზე,
მე სახელს ვიტყვი ნაზსა და წმინდას.
ალერსს რომ ითხოვს, შენა ხარ მგონი,
ნაზი ნიავი, ნარნარი სიო,
ჭადრის შრიალშიც ისევ მეძახი
და აღტაცებით კვლავ შენთან მიხმობ.
მაია დიაკონიძე
1.01.2013წელი
Subscribe to:
Posts (Atom)






