Monday, July 11, 2022

ჩემი ავტობიოგრაფია

 

                                ავტობიოგრაფია

    მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს მრავალშვილიან ოჯახში. მამა  - იოსებ დავითის ძე დიაკონიძე -მეცნიერ-მუშაკი, რამდენიმე წიგნის ავტორი შრომის ეკონომიკაში, კითხულობდა ლექციებს თსუ- ში, დედა- ლიდა მიხეილის ასული დანილჩენკო, უკრაინელი, განათლებით ეკონომისტი, მუშაობდა სახალხო მეურნეობის ეკონომიკის და დაგეგმვის ინსტიტუტში. 1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში". 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ამასთან ერთად,  ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. ამჟამად ვთანამშრომლობ საბავშვო-ლიტერატურულ ჟურნალ "დილასთან", სადაც იბეჭდება ჩემი ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები. ,,დილაში" გამოქვეყნებულია ჩემი  50-ზე მეტი საბავშვო ნაწარმოები 

      ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. ლექსების წერა 2012 წლიდან დავიწყე. სტიმული ქვეყნის ავბედითი მდგომარეობა გახდა, მასზე დარდი. იმავე წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა "მწერლის გაზეთში" (2012წელი, N 6), შემდგომ გაზეთებში "ქართული სიტყვა",  "ლიტერატურული მესხეთი", ჟურნალი "ოლე". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი ესსეებში, , ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო" ზღაპრისთვის "ფანქრის მთლელი". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" 2017 და 2018 წლების ერთ-ერთი ნომინანტი. 2018 წელს გავხდი კონკურს "ივერია" ერთ-ერთი ნომინანტი : წლის საუკეთესო ნოვეელა". ჩემი ლექსები, მოთხრობები და ესეები შეტანილია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში. ვარ შვიდი წიგნის ავტორი,  ერთი საბავშვო კრებულის "იოცნებეთ ყველამ" (ლექსები, მოთხრობები, გამოცანები) (2015),  მეორე ლირიკული ლექსების კრებულია "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017), მესამე წიგნი გამოიცა 2018 წელს, ზღაპრების კრებული, სათაურით "ფანქრის მთლელი", 2020 წელს გამოიცა ასევე მესამე საბავშვო წიგნი "მხიარული ანაბანა", რომელიც გაფორმებულია ჩემი ილუსტრაციებით, 2023 წელს გამოიცა ჩემი წიგნი, (ლექსების კრებული): ..რა იცის ქარმა", გამომცემლობა ,,მწიგნობარი",  ამავე წელს გამოიცა ორი საბავშვო წიგნი: ზღაპრების კრებული ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი" და ,,ორომტრიალა".. 2021წელს გავხდი ლიტერატურული ჟურნალ ,,ანეულის" სპეციალური პრიზის მფლობელი რევაზ ინანიშვილის სახელობის ,,ერთი მოთხრობის" კონკურსში, 1922 წელს დავჯილდოვდი წმინდა ნინოს ფესტივალის მედალიონით, ასევე 2022 წელს, როგორც საბავშვო ავტორმა, მივიღე შიო ღვიმელის სახელობის პრემია ნაყოფიერი საქმიანობისა და საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2023 წელს მწერალთა კავშირისგან გადმომეცა მარიკა ბარათაშვილის სახ. პრემია, 2024 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსგან გადმომეცა იაკობ გოგებაშვილის სახ. პრემია საბავშვო წიგნისთვის ,,გაზაფხულის კაბიდან გადმოვარდნილი ყვავილის ამბავი". 

   როგორც მხატვარმა პირველად  მივიღე მონაწილეობა სამხატვრო გამოფენაში, რომელიც  გაიმართა 2017 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც ასევე . მონაწილეობდნენ ჩემი ოჯახის წევრებმა, 2024 წელს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ჩემი ნახატების გამოფენა. ასევე ვმონაწილეობდი რამოდენიმე ჯგუფურ  გამოფენაში მხატვართა კავშირსა და მხატვართა ლიგაში (2020 , 2021, 2022, 2023, 2024, 2025 წ.წ.), რამდენიმე ნახატი შეტანილია საგამოფენო კატალოგებში.

   ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 2016 წლიდან.

 

                                                                     მაია დიაკონიძე

                                                                      

No comments:

Post a Comment