Saturday, June 14, 2025

მინდოდა (სატრფიალო)

 სატრფიალოების ციკლიდან:

მინდოდა
მინდოდა ჩემთვის შემოგეხედა,
შეგჭიდებოდი ფრთიანი მზერით,
როგორც ფალავანს უცებ ერთხელაც,
რომ გამარჯვება მიმეღო ერთი.
წამომეღო და შენ თვალთა სხივი, -
ბროში ჩემს მკერდზე ზედ დამემჩნია,
და როგორც ყანა მზის ცეცხლში იწვის,
დავმწვარიყავი, ასე მერჩია.,.
არ შემომხედე, ვალალ, არც ერთხელ,
დამუნჯდა გული, რკინა-ქვად იქცა,
წვიმას მოველი კუშტსა და მერეხს,
რომ გაიწმინდოს ეს დედამიწა.
მაია დიაკონიძე
12.06.2025 წელი

სიცოცხლის იმედი, მინიმა

 ***

ნემსივით ჩავკარგულვარ თივის ზვინში,
და იქ კი მიპოვის ვინმე?!
მაინც ხომ არ მიშველის ვაი-ვიში,
ვიტოვებ სიცოცხლის იმედს!
მაია დიაკონიძე
14.06.2025 წელი

თუ არ გინდოდი... (სატრფიალო)


სატრფიალო ლირიკიდან:
თუ არ გინდოდი..
თუ არ გინდოდი, რას შემჩარე კალამი ხელში,
რატომ მაჩვენე ტყის ალების თვალები მრეში,
მომაჯადოვე, თან წამიღე ფოთოლთა ქარში,
და დავაცვითე მე თითები თეთრ და შავ კლავიშს.
შენ კი, უგულოვ, აღარც შორით მეხმაურები,
აღარ მაბეზრებ თავს კოცნებით და საუბრებით,
მაგრამ ერთგულად, თეთრი კენჭი, ზღვისპირას გიცდი,
სადაც მე და შენ აის-დაისს ყანწებით ვცლიდით.
მაია დიაკონიძე
14.06. 2025 წელი



რაა ცხოვრება... (სატრფიალო)

სატრფიალოების ციკლიდან:
რაა ცხოვრება...
რაა ცხოვრება ნეტავ უშენოდ,
როგორც სასმისი ღვინის გარეშე,
ანდა უავშრო, ცხენი უბელო,
ცხელ ტრამალებზე ზე მოთარეშე.
შენს ჯაჭვის პერანგს გახსნია თვალი,
და დაირღვევა უკვე საცაა,
მე კი რა ვუყო უსაზმო წადილს,
როცა სამყაროც აცა-ბაცაა.
რაა ცხოვრება ნეტავ უშენოდ,
როგორც ჩამქრალი თვალი სპეკალის,
ჩემს სისხლს ჯებირი ამოვუშენო,
თორემ წამლეკავს დარდის ეკალი.
მაია დიაკონიძე
12.06.2025 წელი

Friday, June 13, 2025

მაია დიაკონიძის ლექსი: ,,ზღვაო, მითხარ!" ელგუჯა ციგროშვილის კაფია-ექსპრომტით!

 ჩემი ლექსი ელგუჯა ციგროშვილის კაფია-ექსპრომტით

ზღვაო, მითხარ!
ზღვაო, მითხარ, გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ,
შენი დიდი სიყვარული მიძევს გულში,
მომაგებებ ლურჯ თვალებს და ნაცნობ ტალღას,
მხვდები, თითქოს ახალგაზრდა მნახე გუშინ.
მე შენს ზვირთებს უსასრულოს ისევ ვეტრფი,
მიყვარს შენი ამოქშენა, შენი სუნთქვა,
და როდესაც ამ ქვეყანას არ ვიქნები,
მხოლოდ შენ მსურს მიმიხუტო ახლოს გულთან.
მაია დიაკონიძე
20.08.2022წელი
საზღვაო ექსპრომტ-კაფია!
,,ზღვისფერი გაქვს თვალები და – თავად გევხარ ზღვას"...
გამუდმებით ნუ გასცქერი პალმებსა და ბზას,
წინ თუ კარგად არ იყურე, ფეხს დაადგამ ქვას,
სალონიკშიც გავიგონებ შეკივლების ხმას,
თან თავსაც არ გაიმტყუნებ, დააბრალებ სხვას,
ასკინკილით დაადგები სახლისაკენ გზას...
,,ზღვისფერი გაქვს თვალები და – თავად გევხარ ზღვას!"
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
21.08. 2022 წელი

კაფიობა: კახას და მონიკას ,,გაბაასება" (ფოტოს კომენტარად)


კაფიობა: კახას და მონიკას ,,გაბაასება" 

(ფოტოს კომენტარად)

გელა ციგროშვილი ბ-ნ კახას! 

(ფშაურ კილოზე)

საეჭვო საქმეს არ ენდო
არ გადააწყდე მახესა..
ხომ გახსოვს რა დღე გაყარეს,
როცა შორტებით გნახესა..
ახლა მე ერთ რჩევას მოგცემ,
იქნებ ეს იყოს მთავარი...
ამ ღვინოს ვისთანაც დალევ
არავის საქმე არ არი..
ზაურის ხელში ჩავარდნილს
ან მეტი რა დაგრჩენია...
შაგარგოს ყველა... განგებას
ვინც შენთვის გაუჩენია...
მანამ შაგიძლავ, აკვნესე
შენი ზურნა და დაფია...
არ დამიწუნოთ ეს ლექსი,
არ გამრუდდება კაფია..
პატ. გელა ციგროშვილი


  • ელგუჯა ციგროშვილი
    კაფია ბ-ნ კახას და გელას!
    (ფშაურ კილოზე)
    საგულდაგულოდ გავსინჯე,
    თქვენ ლექს-კაფიის ქრონიკა...
    მე წუნი ვერა ვუპოვე,--
    მართლა კარგია მონიკა!
    კახა, ხელი არ გაუშვა
    და არ გვაჭამო სირცხვილი,
    თუ მზე და მთვარე არ ეყოს,
    ვარსკვლავ დაჰპირდი წვრილ- მსხვილი.
    დაუნანებლად აჩუქე,
    თითით გიჩვენოს რომელი,
    სხვაც ბევრი შაუსრულოდი,
    სურვილი დაუცხრომელი.
    მონიკას გამო, სხვამ ბევრმაც,
    ტრფობის ფიალა დაცალა...
    მახსოვს, კლინტონმა მონიკა,
    ლამის ,,თეთრ სახლში"გაცვალა! 
    ელგუჯა ციგროშვილი.
    ქ.თესალონიკი.25.06. 2013 წელი



გელა ციგროშვილი კახას
თუ ეგ მონიკა მოგწონ და
თან გულსაც ესალბუნება...
არც ერთი აღარ გჭირდებით,
ჩვენი არ გინდა რწმუნება..
მარტივით არი, ხო იცი,
ლამაზი ქალის ბუნება...
მანამ გიღიმის, გიცინის
სანამ შესცვლია გუნება.
მანამდე გრძნობა ბობოქრობს,
ნაპირებს ეხათქუნება,
ცოდვაში არ ჩაგეთვლება
მარხვაში მაგის ცდუნება...

Thursday, June 12, 2025

ვინ ხარ ან რა ხარ?! (პატრიოტული)

ვინ ხარ ან რა ხარ?!
ვინ ხარ ან რა ხარ, რად მიგიღოთ
ჩვენ ჩვენს საძმოში,
გამოდგები კი, უსახურო,
თუნდაც მჯღაბნელად,
თუ ვერ ივარგე სამშობლოსთვის
მწარე აწმყოში,
მომავალს როგორ შემორჩება
შენი სახება.
თუ ერის წყლული არ გატირებს,
არ გეძნელება,
იმის ყურება, როგორა წევს
ხალხი ტლაპოში,
და დასტრიალებს ჩვენს ველ-მინდვრებს
მტერი ძერებად,
ვერ მიეშველე გურამიშვილს
იმ ბნელ ხაროში.
ვინ ხარ ან რა ხარ, რად მოგიღოთ
ჩვენ ჩვენს საძმოში,
გამოდგები კი, უსახურო,
თუნდაც მჯღაბნელად,
თუ ვერ ივარგე სამშობლოსთვის
მწარე აწმყოში,
მომავალს როგორ შემორჩება
შენი სახება.
მაია დიაკონიძე
12.06.2025 წელი