Wednesday, April 17, 2024

გაზაფხული მთაში (მთის კილოზე)

 გაზაფხული მთაში

(მთის კილოზე)
რომ გაუთბება მთას გული,
მეც გადმოვდგები ბანზედა...
ვიცი, რომ ეს გაზაფხული
მთებსაც ჩააცმევს ტანზედა;
გაუხსნის შეჭმუხნულ შუბლებს,
ქუხილის ზარებს დარეკავს,
ქარებს მოუხმობს და ღრუბლებს
მთების გადაღმა გარეკავს.
ხევში ზვავები დნებიან,
იღვიძებს ჭიამაია,
პირმზითში იჭყიტებიან
მორცხვად ენძელა და ია.
გვირილა~ყაყაჩოებით
მორთავს ტყისპირა მდელოებს...
ჩვენც, გაზაფხულის საკადრისს,
ბევრს ვიტყვით სადღეგრძელოებს!
მაია დიაკონიძე
17. 04. 2024 წელი

Tuesday, April 16, 2024

სად არ ვძებნე!

სად არ ვძებნე!

სად ვძებნე და სად არ ვძებნე,
მამულის გადამრჩენი,
მოვისმინე სიტყვა სეფე,
შევიტანე სარჩელი.
იქნებ უფალს შევეცოდოთ,
ვინმე გამოგვიგზავნოს,
შეეჭიდოს სოდომ-გომორს,
უგვანოს და მიზანტროპს. -
და დავდივარ ახლა მხოლოდ
ზეციერის იმედად, –
გამოგზავნოს კაცი ოღონდ
მართალი რომ იქნება!
მაია დიაკონიძე
16.04.2024 წელი


Saturday, April 13, 2024

ბებიას წინდები (საბავშვო ლექსი)

 ბებიას წინდები

შალის წინდა შეუჭამა
ბებოს თეთრმა პეპელამ,
სკივრში ფრთხილად ჩაწყობილებს
მიეპარა ნელ-ნელა,
.
გამოფინა ბებომ მზეზე
ნაირფერი წინდები,
- ჩრჩილი სიცხეს ვერ გაუძლებს,
დააცვდება კბილები.
ფისომ უცებ მოიხელთა
დრო, წამოწვა სითბოში,
გადმოხედა მაღლიდან მზემ,
მიიწვია მინდორში.
მაგრამ ფისოს სად სცალია,
წინდებს ხომ ის დარაჯობს,
ქარმა რომ არ გაიტაცოს
სადმე უმისამართოდ.
მაია დიაკონიძე

Friday, April 12, 2024

ბებიას წინდები

 ხნულში ვყარე სიყვარულის მარცვალი,

მაგრამ მაინც ამოვიდა ღვარძლი,

ღმერთო, ვერ ვცნობ, იქნებ ღვარძლი არც არი,

იმედები მომეც მე გულარძნილს.

ვითომ უყვარხარ და მაინც,
ფეხზე ჰკიდიხარ ყველას,
უნდა უყურო სადამდის, 
მჩხავანა ყვავს და მელას.

Thursday, April 11, 2024

მზესუმზირა მზეს!

სხივი იფრქვევა შენი თვალიდან,
წამოსკუპულხარ გორზე,
გადმოგვცქერიხარ ეშხით მაღლიდან,
ეალერსები წნორებს.
მე დანატრული შენი სითბოსი
ქვევიდან გიწვდი ხელებს,
შენს ნაკვალევზე მეც მოვდიოდი,
ტრფობად რომ გამახელე,
თავს ვატრიალებ, სულ შენ გიყურო,
შენი სხივები მნუსხავს,
მადლი მოგვფინე შენ ზეციურო,
ნუ დამადინებ კურცხალს.

გყავის შენ შენი ამალა,
ვარსკვლავების და მთვარისა,
გულზე მედები წამალად,
მზეო, სიცხადევ ჯვარისა.
ააბრჭყვინ-ააბზიალებ,
გამაქრობელო ჯავრისა,
ჯვრის მადლი ზეცად ციალებს,
იმედად თოთოს აკვნისა.






,

Wednesday, April 10, 2024

 ჩემი ბავშვობის ყაყაჩო,

ადრე გულზე რომ მეფინა,

გაფერმკრთალდა და ხარაჩოც

ჩამონგრეულა ზევიდან.

დარბაზიც ვერ ავაშენე, -

ვიარე, ფიცარნაგებზე,

ყაყაჩო მაინც ამშვენებს,

იმ ჩემი სახლის ნანგრევებს.