Thursday, July 3, 2025

რა არის ის, რაც...

 რა არის ის, რაც არასოდეს, არასდროს კვდება,

გვეუბნებიან, სულია და ადის ზეცაში,

რატომ გგვრის მაშინ დაშორება ჩვენს სულთან შვებას,

რად გვსიამოვნებს, სიკვდილი რომ შეგვყავს ვენაში?!


რად არ გვწამს ღმერთის, რატომ ვცდით და თვითონ ვიცდებით,

რად ვაძლევთ ჩვენს სულს ეშმაკეულ ეიფორიას?!

ნოყიერ საზრდოდ ვერ ვიქცევით ჩვენი მიწების,

თუ არ ვეკუთვნით ღვთისმოშიშთა კატეგორიას.


Wednesday, July 2, 2025

მაიას რჩევებიდან:

 მაიას რჩევებიდან:

1. კი არ გატყუებენ, შენ თვითონ იტყუებ თავს, რადგან სიყალბე ათასობით კილომეტრზეც სუნს გამოსცემს, უბრალოდ ჩვენ არ გვინდა ბევრი რამის დაჯერება.
2. ის, ვისაც ცხოველები არ უყვარს, შეუძლებელია კარგი ადამიანი იყოს.
3. იმ ფიქრით, სადაც კარგად ვარ, ჩემი სამშობლოა, შეიძლება ნეხვშიც ამოყო თავი, ჭია ხარ და მიიღე შესაბამისი პატივი.
4. კარგი პოეტობა არ ნიშნავს კარგ ადამიანობას.
5. სულში როცა ბნელა, შეუძლებელია გარეთ ნათელი დაინახო.
5. ადამიანს თუ თქვენთვის დრო არა აქვს, ნურც თქვენ დაუთმობთ დროს, ტყუილუბრალოდ დაიხარჯებით.
6. თუ ადამიანს არ უყვარხართ, ვერც თქვენ შრომას დააფასებს და შეაფასებს, ციდან ვარსკვლავიც რომ მოუწყვიტოთ, იტყვის, თვითონ გადმოვარდა, შენ დაიჭირე და მომეციო.
მაია დიაკონიძე
1.06.2025 წელი

,,ხორნაბუჯში" გაგზავნილი მასალა

 

 ,,ხორნაბუჯში" გაგზავნილი მასალა

ზმანება

(ხალხურ მოტივებზე)

 

მთებს შემოუცვამთ ნაბდები,

თავს ადგათ თოვლის ვარაყი...

ერთმანეთს გადასძახიან:

,,გადმო, დავლიოთ არაყი;

გავთბეთ, სისხლი რომ აჩქროლდეს,

მედგრად დავუხვდეთ ყინვასა,

პირზე ღიმილით ვუსმინოთ

მაგის კვნესას და გმინვასა!"

ქარს მოაქვს ღიღინ~ღიღინით,

არყით პირსავსე ხელადა,

მთათ მაიმარჯვეს ყანწები

სასმელის შესასმელადა.

,,ალავერდს" არის ყველასთან

მთების თამადა,–  მყინვარი,

გოჩასა ჰგავის,  ხევისბერს,, –

მარადჟამს გაუცინარი.

ალალად ლოცავს  მთა-გორებს,

ბარში, – გაფენილ  ხავერდებს

და საქართველოს  მომავალს,

სამყაროს შემქმნელს  ავედრებს!

 

სიჩუმე!

 

ერთხელ სიჩუმე მოვიდა ტყეში,

შეწყდა - ,,გუ, გუ, გუ", მერცხლების ,,ტია",

და ქარსაც გიჟმაჟს, ხანდახან შეშლილს,

შიშისგან კრინტიც  ვერ გაუღია.

არ გაინძრესო ერთი ფოთოლიც,

პირქუშად მდგარმა სიჩუმემ ბრძანა,

ცამდე აწვდილი იდგა გოდოლი,

სიჩუმის, შიშის დამდგარა ხანა.

უეცრად სადღაც იმ ტყესთან ახლოს,

გაიწკრიალა პატარა ზარმა,

თეთრი ბეკეკა მიადგა ახოს,

ამ ზარმა დუმილს გამოჰკრა სარმა.

სიჩუმის წესრიგს მოეღო ბოლო,

ატყდა სტვენა და ქარის რიალი,

ნუ დავიძინებთ ბოლომდე ოღონდ,

სადღაც ისმოდეს ზარის წკრიალი.

 

ხმა  დიდგორიდან!

 

ეს  გაბმული  ხმა  ზარებისა, საიდან  არის?

ზარების  ხმა  ხომ  სიმბოლოა  უფლის  შველისო...

ალბათ  მოგველის  დაჯახება  ხმალის  და  ფარის 

და ... აუწყებენ დავით  მეფეს:  , ომი  გველისო!"

 

დროშას  შეუშვერს  ჭყონდიდელი, გიჟმაჟ  ქარს , ოჩანს ,

კარგის  მაცნეა ხმა  ზეციდან  არწივის  ყეფის;

წმინდა  გიორგის  თეთრი  რაშიც  იმედად  მოჩანს,

ეშმაკსაც  კი  სძლევს  დღეს  ლაშქარი  ერთგული  მეფის!

 

,,უფლის  იმედად  ვიბრძოლოთო", დავითმა  ბრძანა,

სხვა  დროსაც  ბევრი  გვინახავსო  დღეები  ცხელი...

დღეს  გამოჩნდება, როგორ  გვიყვარს  ჩვენი  ქვეყანა,

მტრის  სასაფლაოდ  ვაქციოთო  დიდგორის  ველი!

 

რა იცის ქარმა?!

 

ქარი მოვა და მწველ ფაქიზ გრძნობებს

წაიღებს, დაყრის ვით ყვითელ ფოთლებს,

რა იცის ქარმა, რომ ჩვენს ნაზ ტოტებს,

უსახურებს და სულ შიშვლებს ტოვებს.

 

მოვა და ტანზე მოგვაყრის მიწას,

წრფელი ცრემლებით აგვივსებს თვალებს,

რა იცის ქარმა, რომ ნახავს სიზმარს,

მოვა და იქნებ, ჩვენ აღარც დავხვდეთ!

 

აფხაზეთს!

 

შიშველი ტერფით ვეხები მიწას,

რომლის მარცვლები მჭრიან და მწვავენ,

შორს დარჩა მწვანეათვალება რიწა,

ცრემლები დამდის ცხელი და მწვავე.

 

აღარ მთავრდება წამება ჩვენი,

იმ მიწის კვნესას ნეტავ ვით ვუძლებთ

და ლურჯ სისხლძარღვებს მიბურღავს ეჭვი,

თუ დაიბრუნებს დედა  შვილს უძღებს?!

 

ხნე მოგვცეს ღმერთმა!

 

მზე დაჰფენია ალაზნის მინდვრებს,

ხორბლის ყანები მზის გულზე წვანან,

თითქოს ვიღებდე ჯადოსნურ სითხეს,

ხნე ჰქონდეთ ამ ზვრებს, ხნე მათუსალას.

არ მოეშალოთ ფესვი და ძირი,

კვლავ ინახავდნენ ცეცხლსა და ღადარს,

კიდევ გაზარდოს ქართველმა გმირი,

ხნე მოეყაროს, ხნე მათუსალას.

ცა მოგვცეს ღმერთმა უფრორე ლურჯი,

სიოზე გვეთქვას, ,,მასუნთქა" ამას,

ზაფხული გვქონდეს, - სიმწვანე სულში,

ხნე მოგვცეს ღმერთმა, ხნე მათუსალას.

გადაძახილი რიონის, თერგის,

ალაზნის, ივრის... -  რას ვისმენ ამას!

გმირულ სულს კახის, იმერლის, მესხის,

ხნე მიეც, ღმერთო, ხნე მათუსალას!

    ------------

ხნე – წლოვანება

მათუსალა - ყველაზე მხცოვანი ბიბლიური პერსონჟი

 

შენ, კახეთო!

 

წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,

დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,

და კახეთის ამ საოცარ მიწას

მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს.

ღობე, ღობე, გავსებული ეზო

ყვავილებით  ქვევრებით და ჭურით,

შენ კახეთო, თეთრ ღრუბელთა  მწყემსო,

სიტკბოებით გამომივსე გული.

დაფენილი რუხნისლები ცაზე,

მოვედი და მყისვე შევიყვარე,

გვერდზე გადექ, საქართველოს მტერო,

 

შოთას წიგნის გადამრჩენი!

 

ისრიმისფრს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ვინმე ქვეყნად

ცისკიდურის გამღები,

ჩიტი ნაზი, ჩიტი ჭრელი

სადიდებელს მიგალობს,

ამ ქვეყნის და ამ ბარისას,

ტკბილ ძველ ზღაპარს მიამბობს:

როგორ ედო წიგნი დიდი

პატარა ბიჭს აბგაში,

გაიტანა თბილისიდან,

როცა იყო ალყაში,

ამით იმან უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

ბედმა როგორ აღარ გვწკეპლა,

აგვიჭრელა ღაწვები,

თუ გვყავს ბიჭი ამისთანა,

მაშინ როგორ გავქრებით,

ჩვენი ნესტან-დარეჯანი

ხელში არის ქაჯების,

ყველა ერთად გავისარჯოთ,

ავიკეცოთ მაჯები!

ისრიმისფერს იხდენს ზეცა

ვენახების, ბაღების,

ნეტავ თუა ქვეყნად ვინმე

ცისკიდურის გამღები,

მზეჭაბუკმა უკვდავების

ალაყაფი შეაღო,

შოთას წიგნის გადამრჩენი,

როგორ აღარ შევაქო!

 

შენ ხომ იცოდი!

 

შენ ხომ იცოდი, ჩემო თავო, რა არის ცრემლი,

მაშ, ბოროტებას რატომ ვეღარ წაართვი თავი,

მტკივნეულია, ვიცი, შენთვის ნაკბენი გველის,

მაგრამ სამყარო მხოლოდ დიდი ღალატი არის.

 

მეფერმკრთალები!

 

მეფერმკრთალები, დაგდებია თვალქვეშ ჩრდილები,

და ეფარები ავადმყოფი მოხატულ ფარდაგს,

უკან მოგდევენ გარდასულის ყრუ აჩრდილები,

ვინ ააკვნესებს ბებერ მტკვარზე დუდუკს და არღანს.

 

ხორხოცებს, ფრთხება შეძახილზე გამცემთა კასტა,

და რამდენია აქ შეკრული ღალატის ფიცით...

ქართვლის დედაო, შენს შვილებზე რა გითხრა გარნა,

მგელმა შეჭამოს, თუ შენ წინარ იხტუნებს კვიცი...

 

ჩამოსევდილა!

 

ჩამოსევდილა ჩემი ბაღი, ცრემლებს ღვრის ბია,

მგელთა ყმუილი შემომესმა, იქ სადღაც, გაღმით,

ამ ხმათა ექოს მუდამ ჩემი სამშობლო ჰქვია,

შემომსევია გულზე სევდა, ათასი დარდი.

 

მუსიკას რომ წერს, განმგებელი, მე ვინ ვარ?! ნოტი,

შევცვალო მინდა, მაჟორული მომესმას გამა,

მაგრამ ვინ მოგვცა ამის ნება, ოდით და ოდით,

ჯვარცმის ტკივილი .დასაბამით ტვირთია ქალთა.

 

უცნობი იყო არადა... (ლევან ალავერდაშვილს)

 

,,თქვენ მშვენიერი ხართ ქალბატონო!",

მითხრა და ჩემ წინ გაჩერდა,

მზერა ზეცას უნდა დაატოლოს,

თვალთა ზღვა ჰორიზონტს ავსებდა.

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ვარდი მომაწოდა სიყვარულით

(ვისაც ყვარებია, გაიგებს),

მას მერე არ მწყინდება სიარული,

ჩემს ღიმილს ვარდებად ვარიგებ.

სიყვარულს გაჩუქებთ, მეგობრებო,

ღიმილსაც გაგატანთ ნამატად,

სიხარულს მოვფანტავ ეზო-ეზო,

დარდების არა მაქვს ატანა.

 ---------------------------------

შავი მოეხურა მოსასხამი,

მოსასხამი თუ ლაბადა,

თითქოს ნაცნობის მონახაზი,

უცნობი იყო, არადა.

 

ჩემო კახეთო!

 

ქამარ-ხანჯალით შეგმოსეს ვერცხლის,

და მზის გვირგვინი გიმშვენებს თავსაც,

ჩემო კახეთო, გიტევდა ბევრი,

გაუტეხელო ციხეო, დგახარ!

დგახარ და ერის ბურჯადა გსახავთ,

მამაპაპურო ჩვენო ვენახო,

არ მოგეშალოს შრომა და გარჯა,

ვაზთან ღიღინი, არ მოგეშალოს!

 

მეგონა, გიყვარდი!

(სატრფიალო)

 

ღრუბლებად ვიცურე ზეცაში,

ვიწვიმე, ცრემლები დავღვარე

მეგონა, გიყვარდი მზესავით,

მეგონა ვეწიე საწადელს.

დავწანი ყვავილებსტრიქონი,

იებად დაგკდე კისერზე,

მეგონა მოვიგე დიდგორი,

განა ვთანხმდებოდი მცირედზე.

ოღონდაც მომხედე, მითხარი,

თუნდ ერთი სიტყვა სულ წასვლამდის,

თავი რომ მეგონა მდიდარი,

სისხლ მაწვიმს ტკივილად მარაბდის..

 

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში!

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

და უცებ ეზოში აცივდა,

შენ რომ გადარებდი მოდილიანს,

პლედიც შემომასხი არც კი და.

თვალებს გაშეშებულს ვატარებდი,

რომ არ ამმღვრეოდი გუგებში,

მხოლოდ სწორუპოვართ გადარებდი,

შენ იყავ ერთადერთი ნუგეში.

მე შენთვის ვუკრავდი როიალზე,

უცებ და, ზეცაც მესხვაფერა,

თუ ვიყავ ნეტავ მგლოვიარე

და შენ  კი ლურჯი ეფემერა.

 

ვაჰმე...

 

ვაჰმე, ასე უცაბედად

რად მიმუხთლე, ავო ბედო,

სხვას თუ ოქრო-ვერცხლი მიეც,

მე სულ ია -ვარდი მერგო,

არც მინდოდა, ვამხელ, მეტი,

სულში სიყვარული ენთო,

გავცქეროდი დაბლა მინდვრებს,

მერცხლებს ამოევსოთ ერდო.

განა გთხოვდი მე კიდევ მეტს,

დავფრინავდი ნიავ-ქარად,

ქნარზე ლაღად დავმღეროდი

ურმულსა და იავნანას,

სად წავიდა სიჩაუქე,

ვეღარ ვებრძვი იმ ავსულებს,

ის რომ მივცე ჩემს სამშობლოს,

ასრე რიგ რომ იმსახურებს.

ზურმუხტი მტერს წაუღია,

ძოწეული, ქარვაც მიაქვს,

გაძარცვულა ქართლის ტევრი,

კვნესა მოაქვს მხოლოდ ნიავს,

დაქცეულა ეზო-კარი,

ვერ იწონებს თავსაც ოდა,

თავს ვიმშვიდებთ და ვიძახით,

,,წინაპარი ჩვენი ცხონდა",

რა ცხონება, ქართველთაგან

დაცლლია ჩვენი მიწა,

შემოგვცქერის თვალზე ცრემლით

ათონი და მწვანე რიწა,

შენ ქართველო, მაგ სხეულით

შენი სამშობლო რომ მიგაქვს,

ნეტავ, როგორ გინდა შეხვდე

ზენაართან ღვთიურ მირქმას.

 

შენ მითხარი!

(სატრფიალო)

 

შენ მითხარი, რომ  დედოფალს ვგავარ,

ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდზე,

ლამაზებშიც გამორჩევით სხვა  ვარ,

თუმც დუმილით დარდს გიმატებ დარდზე.

 

შენ ამბობ, რომ  ავაზა ვარ ჭრელი,

წინწკლებს მითვლი, ქათიბს ეფერები...

მატყვევებენ  ეგ თვალები მწველი

და მათ მიღმა გულის ნადებს  ვხვდები.

 

აშკარაა, ცელქი ვნება გვიტევს,

ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,

სიყვარული მთელ  სამყაროს იტევს

და ცხოვრების დასაწყისიც  არი!

 

ესეც პოეზიაა!

 

გარეთ ქარი რომ თამაშობს,

ბავშვებს ჩაეზიარა,

ატრიალებს ბურთს და ანცობს,

ესეც პოეზიაა.

 

ფურისულა გაშლის ფურცლებს,

ზედ პეპელამ იარა,

სკაში დათვი თათებს ურევს,

ესეც პოეზიაა.

 

ვეღარ იტევს ყვავილს ველი,

წინ გაგვიშლის ფიანდაზს,

ყანას მკიან პაპას ცელით,

ესეც პოეზიაა.

 

ვაჟი ქალს აპურებს რწმენით,

ცხვარი მისდევს იალაღს,

რასაც ვერ გამოთქვამ ენით,

ესეც პოეზიაა.

 

ვწევარ ნაპირზე...

 

ვაი თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე,

ქაფი აჟურულ მაქმანებად  მედება ტანზე,

ნეტავი ეს ზღვა რომ მღელვარებს, რაღას აპირებს,

ამ ჩემი ხორცის ნაფლეთების დაუყრის საკენკს

თევზებს ოქროსფერთ, ზოგი რუხი არის ან შავი,

არც მენანება, სიმართლე ვთქვა, მე ჩემი თავი,

ოღონდ ამ სულის მღელვარებას ვრცელი გზა მივცე...

ვაი, თუ ტალღამ გადამრეცხოს, ვწევარ ნაპირზე.

,,კუნწულა ლექსებიდან" - მოვიარაგვე კიდევაც, ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 ,,სიტყვით შეგეწიე, სიტყვით აგამაღლე, სიტყვით დაგატკბე", სწორედ ასეთ შეფასებას მივცემ ბატონი ამირან გოდერძიშვილის - შესანიშნავი ქართველი პოეტის ჩემი ლექსებისთვის გაკეთებულ კომენტარებს. როცა ასეთი დიდი ადამიანი იჩენს თქვენ მიმართ ყურადღებას, ეს უკვე ღვთის მადლია. მადლობელი ვარ ამისთვის ღმერთის, რადგან ამ გულგრილ, უსიყვარულო გარემოში ყურადღებიანი და გულთბილი ადამიანის გამოჩენა დიდი განძია. მიმაჩნია, კრიტიკა, დადებითი თუ უარყოფითი შეფასება ლექსისა, აუცილებელია, რომ გავიზარდოთ, როგორც პოეტები და, პირველ რიგში, როგორც ადამიანები. მადლობა ბატონ ამირანს!

,,კუნწულა ლექსებიდან"
მოვიარაგვე კიდევაც,
ქვებ გავირბინე იორზე,
არაზანს ბებრის კიდება,
ოქროს ყანებად ვიბოძე.
უფალო, ქვეყნის დიდება,
ცეცხლ- წყალში გამოვილოცე.
მაია დიაკონიძე
1.07.2025 წელი
არაზანი - დიდი თონე
ამირან გოდერძიშვილის კომენტარით:
ულამაზესი ,, კუნწულა “ ლექსი, მიუხედავად ლექსის სიმცირისა, მასში საქვეყნო, საერისკაცო და სამამულიშვილო უფლება- მოვალეობა იმდენად სრულყოფილად არის წარმოდგენილი , რომ ახალი აზრის, ან სტროფის დამატებაც კი დაარღვევდა მის ჰარმონიას!!!!
,, მოვიარაგვე კიდევაც,
ქვებ გავირბინე იორზე”,
ულამაზესი მეტაფორაა ქართველი კაცის არსებობისა და მოღვაწეობისა,
არაგვი რომ თავისი შეუპოვრობითა და ბრძოლის ჟინით აახმაურებს, ცხოვრების ორომტრიალში ჩააბამს მთელ არაგვის ხეობას, ეს ხომ ქვეყნის სიხარულიან - ტკივილიანი ცხოვრების სახეა, რომელიც ჩვენმა უნიჭიერესმა პოეტმა ერთ ულამაზეს სიტყვაში ჩაატია —- მოვიარაგვე კიდევაც, სწორედ ეს მოარაგვებაა ქვეყნის ძალისა და ღონის მომცემი—- ალბათ სწორედ ამას იტყოდა საქრთველოს მამა, დიდი ილია!!!!
თანაც ეს ახალი ქართული სიტყვა —- მოარაგვება, დღეს რომ დაიბადა, თანაც ყოვლის დამტევი, რომ არის, თანაც, ნაღდი, ქართული მებრძოლი სულისა, რომ არის და რაოდენ საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ ახალი ქართული სიტყვის შემოქმედი ჩვენი უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პოეტი მაიკო დიაკონიძეა!!!!
მილიონი მადლობა ქალბატონ მაიკოს!!!!!
მხოლოდ მოარაგვებით არ კმაყოფილდება პოეტი, მან იორის სანაპიროებიც მოირბინა, ივრის ჭალებში კაკაბიც და გნოლიც ააფრთხიალა, არაზანში, დიდ თონეში ჩაკიდებული მეპურეც მოინახულა და ოქროს ფერი თავთუხებითაც გაიხარა გული!!!!
ამ საოცარი და უდიდესი სიმდიდრის პატრონი უფალს მადლობას როგორ არ უძღვნიდა და პოეტი წერს:
,,უფალო, ქვეყნის დიდება,
ცეცხლ-წყალში გამოვილოცეო”!!!!
ცეცხლ-წყალში გამოლოცვილ სამადლობელს უფალი, უყურადღებოდ რომ არ დატოვებს, ეს ყველამ ვიცით!!!!......
ამ დიდებულ ლექსს, დიდი ვაჟაც კი, სიამოვნებით მოაწერდა ხელს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მიხარია, რომ , თურმე მაიკოს ქალიშვილი ულამაზესი სოფიო ჭელიძეც მეთანხმება თავისი შესრულებული ვაჟას პორტრეტით!!!!
მადლობა დიაკონაძეების ლამაზ ოჯახს!!!!

Tuesday, July 1, 2025

,, თორემ თქვენ წამალ ვერ მიშველს "... ( ფშაურ კილოზე .), ვტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

1980 წელს , სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტმა ჩაატარა ხალხური პოეზიის საღამო , რომელიც მიჰყავდა ბ~ნ ალექსი ჭინჭარაულს .
საღამოზე , ცნობილ სახალხო მთქმელებთან , ~ იოსებ ბაიაშვილთან და ივანე წიკლაურთან ერთად , მეც ვიყავი მიწვეული .
ეს სალაღობო ლექსიც , იმ საღამოზე ექსპრომტად შეიქმნა .
,, თორემ თქვენ წამალ
ვერ მიშველს "...
( ფშაურ კილოზე .)
1. თქვენს პოეზიის
მოყვარულთ
თვის სტუმრად
შავურჩევივარ
და მენაც
გალაღებული ,
თქვენ მედინსტიტუტს
ვწვევივარ ...
2 . ბალღობიდანვე
მაშინებს ,
ექიმ და იმის
ხალათი ,
მაგრამ დღეს
არვინ იფიქროთ ,
რომ მოველ
ძალის~ძალათი .
3 . თუმც პირნათელი
ვერ მოველ , ~
ან გაგაკვირვოთ
მე რითა ...
გესტუმრეთ
ცარიელაი ,
ცარიელაის
ხელითა ...
4 . ერთს გეტყვით
საიდუმლოდა ,
გათამამებულ
წვევითა :
ჩემ დედას
ე ქ ი მ რძალ უნდა , ~
დაეძებს სანთლის
ღერითა ...
5 . ნეტავ აქ იყოს ,
ენახეთ ,
შამკულებ
ათას ფერითა ;
მე დამეღალა
თვალები ,
ამდენ ლამაზის
ცქერითა ;
6 . სუყველას
საცოლედ გარჩევთ ,
ვინცა ჰსხედთ
ზევით ~ ქვევითა ,
ვერ გარჩევთ ,
გადავიქანცე ,
მე თქვენის
ამორჩევითა ;
7 . რომელი~რა ხართ
წილხვედრი ,
ზეციურ ბედისწერითა ...
იქნებ თქვენ
თვითონ მიშველოთ ,
მანიშნოთ
ხელის ქნევითა ;
8 . ეცადეთ ,
დროზე მაასწვრათ ,
არა ვარ
ღამის თევითა ,
თორემ თქვენ
წამალ ვერ მიშველს ,
მ ზ ე ს ა ვ ი თ ა
მწვავთ მზერითა !
ელგუჯა ციგროშვილი .
თბილისი , 1980 წელი

მზის ჩასვლა მახსოვს!

მზის ჩასვლა მახსოვს!
მზის ჩასვლა მახსოვს, ვუყურებდით
მე და ბებია,
აივნის ტახტზე, გვერდი გვერდზე
ჩამომსხდარები,
მთის წვერზე ღრუბელ-ალუბლები
როგორ წვებიან,
და ნიშანს გვაძლევს ხეზე ჩიტი
გამოდარების.
თმებს მიწნავს ბებო, თან ბუტბუტებს,
თითქოს მუდარით,
,,რა გინდა, მზექალ, გავამზადო
ვახშამზე შენთვის?"
,,სავსე ხომ იყო ოქროს კვერცხით მზის საბუდარი", -
თვალმწვანე ბებოს ვეუბნები:
,,შემიწვი კვერცხი!"
მაია დიაკონიძე
30.06.2025 წელი

არა ყოფილხარ

 არა ყოფილხარ

არა ყოფილხარ შენ ჩემი ღირსი,
სხვა სიმდიდრეზე თუ გრჩება თვალი,
ნუთუ ამქვეყნად არაფრად გიღირს
ჩემი ზურმუხტი, ფირუზი, ლალი.
ამ მოლოდინსაც არა აქვს აზრი,
რადგან იშენე უჩემოდ ბუდე,
ვით საქონელი გამყიდე ბაზრის,
ღვთისკენ სავალი გზა გაიმრუდე.
მაია დიაკონიძე
30.06.2026 წელი