Tuesday, June 4, 2024

ჩემს ნიშას როცა ეტკინა... (პატრიოტული)

საშველად ვუხმობ!
ჩემს ნიშას როცა ეტკინა,
მეც მიწყლიანდა თვალები,
ზეცას ღრუბლებად ეკიდა
თვალები - განათვალები.
ნიშავ რქებიც კი დაგემტვრა,
მიწასთან ნაჭიდავები,
ჰოი, ოქროსფრად ამტვერდა
შენი ნახნავი ყანები.
მაგრამ ცხო თუ მოგერია,
განა ვჩიოდი მაგასა,
შინაური რომ ერია
და იტაცებდა ყამარსა.
ეგე მეძნელა უფრორე,
ვიხმარ საშენად ყავარსა,
განა მოვიხმობ წყალმდორეს,
საშველად ვუხმობ არაგვსა.
მაია დიაკონიძე
3.06.2024 წელი

Monday, June 3, 2024

თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნას!

 თენგო ავსაჯანიშვილს!

ვიცი, არაგვო, როგორ ტირიხარ,
ერთი წვეთი ხარ, ცრემლად ნადენი,
შენ და პოეტი ერთი სისხლის ხართ,
გადაიტანეთ ერთად ამდენი.
ძმადშეფიცულნი ერთად მიდიხართ,
ნეტავ რა ზღვაა თქვენი დამტევი,
არაგვო, შენ ხომ ერთი მითი ხარ,
პოეტის ლექსი, კიდევ - რამდენი.
მაია დიაკონიძე
2.06.2024 წელი
თენგოს!
ბავშვობაში სუყველანი
ვთამაშობდით სახლობანას,
იატაკი გვქონდა მიწის,
ზეცა გვქონდა ჭერად, ბანად.
ვაშენებდით ხან ტოტებით,
ხან ქვიშით და ხანაც მიწით
და ჩვენს სახლში რომ ვიყავით,
სულ არაფერის გვქონდა შიში,
მაგრამ როცა გავიზარდეთ,
ოცნებებიც ჩაინავლა,
ამიტომაც შენი სახლი
ღმერთმა ზევით აიტანა.
მაია დიაკონიძე
2.06.2024 წელი
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, Sofio Chelidze და 17 სხვა პიროვნება

Sunday, June 2, 2024

მომიტანა ქარმა ქუდი

მომიტანა ქარმა ქუდი
(სახუმარო-სალაღობო)
მომიტანა ქარმა ქუდი,
რევერანსით მომცა ხელში,
თქვენიაო, არ ვარ ქურდი,
გაგიცვალოთ უნდა ძველში.
ჩემი ძველი ჭილის ქუდი
მომხადა და თან წაიღო,
ახლა კარგ ამინდებს ვუცდი,
იქნებ წვიმამ გადაიღოს.
ლურჯი ქუდი დავიხურო,
საჩუქარი მექსიკიდან,
მგონი ქარი აღარ ხუმრობს,
ლექსიც მითხრა ბესიკისა.
მაია დიაკონიძე
2.06.2024 წელი
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ქუდი გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Nino Rostiashvili, ვალიკო კაკაურიძე და 50 სხვა პიროვნება

სიტყვა

 სიტყვა

ვითომ სიყვარულით, გკლავენ,
გახვედრებენ შხამის ისარს,
ვითომც არაფერი, წავლენ,
შეგინგრევენ გულის ფიცარს.
ვითომც არაფერი, სიტყვას
თითქოს არ აქვს არა ფასი,
არაერთხელ ვიტყვი, მითქვამს,
სიტყვა არის შინაარსი.
უსიტყვობაც აზრი არის,
იგულისხმო უნდა ბევრი,
განა უსიტყვობის აღთქმას
ტყუილად დებდა ბევრი ბერი.
სიტყვა - აღთქმა, სიტყვა - ფიცი,
ვაქებ, ვაქებ ჩემს საფიცარს,
მაგრამ სიტყვამ, ისიც ვიცი,
ბევრი ვინმე დაამიწა!
მაია დიაკონიძე
2.06.2024 წელი

Saturday, June 1, 2024

ვფიქრობ და მიხარია! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ვფიქრობ და მიხარია!

,, არაგვის ხეობაზედა ,
ერთი ყვაილი ყვავისო ,
იმას ხელ არავინ ახლოს ,
თავის პატრონი ჰყავისო !"
(ფშაური სატრფიალო .)
ვფიქრობ და ... მიხარია !
არც კი ვიცი საიდან დავიწყო ...
ისაც არ ვიცი , ფიქრი საიდან იწყება , ~ არსაიდან , ან ყველაფრიდან !
მეეჭვება , ეს ვინმემ იცოდეს , ბრძენმაც კი , იმიტომ , რომ რამდენი ადამიანიც არსებობს , ფიქრიც იმდენია . ამიტომაც , ყველა თავისთვის და თავისას ფიქრობს .
ბევრს ფიქრი გულს სტკენს , ჰზარავს , აშინებს , ზოგი გაურბის , ზოგს ჰკლავს კიდეც !
მე კი , ვფიქრობ და ... მიხარია .
მე შენზე ვფიქრობ !
რა მიხარია ? ალბათ ის , რომ შენ არსებობ .
რატომ მიხარია ? ~ არ ვიცი .
მიხარია და იმიტომ ...
ან ფიქრს რას გაუგებ კაცი . არც მოსვლას გეკითხება და არც წასვლას .
ისაც არ ვიცი , მაქვს კი უფლება , რომ შენზე ვიფიქრო , ჩემს ფიქრში მაინც დაგითავისო ?
ადამიანი ბუნებით ეგოისტი და მესაკუთრეა . ყველფერი , რაც კარგი და მშვენიერია , თავისთვის უნდა .
მეც ადამიანი ვარ . რა თქმა უნდა ეგოისტიც . იმიტომ , რომ მარტო ჩემთვის მინდიხარ , არავისთვის არც მემეტები და არც მეთმობი .
ისეთი განცდა მაქვს , თითქოს სამოთხეში
ვართ და შენ ევასავით ერთადერთი ხარ , რომ სხვა არჩევანი არ გამაჩნია ;
დაე , ასე იყოს . მე მიხარია , რომ შენზე ვფიქრობ და ეს ფიქრიც მიხარია ...
მიხარია , რომ შენ არსებობ !
ვისაც ფიქრი უყვარს , მას არ შეიძლება , რომ ცაც არ უყვარდეს .
ამიტომ , მე ცაც მიყვარს ;
უსაზღვრო , უნაპირო , ფიქრების და ოცნებების უკიდეგანო საძოვარი .
განსაკუთრებით ღამის ცა მიყვარს . უფრო ნოყიერი გასადევარია ფანტაზიის , ოცნებებისა და ფიქრებისათვის .
უცხო მიწაზე დიდი ხნით ცხოვრებისას ერთი რამე აღმოვაჩინე : ჩვენს ცაში , ბევრად მეტი ვარსკვლავია , ვიდრე სხვაგან !
ბავშვობიდან მიყვარდა ვარსკვლავიანი ცის ყურება ...
ზაფხულშიც ძალიან ლამაზია , მაგრამ ზამთარში მტვერი ნაკლებია , ჰაერი უფრო გამჭვირვალეა და ცაც მეტად კაშკაშაა .
ირგვლივ ყინავდა , ვარსკვლავებიც სიცივეს ასხივებდნენ . მე კი შევყურებდი ამ ცივ უსასრულობას , რომლის ძირშიც ვარსკვლავები , თითქოს ციცინათელებად დაფრინავდნენ და ვნატრობდი , ვოცნებობდი , ვირჩევდი , ვფიქრობდი და ... მიხაროდა !
არა , მთელი ცა კი არა , ერთი ვარსკვლავი მინდოდა , ჩემი წილხვედრი , კაშკაშა , თუნდაც ცივი , რომ იმას გავენათებინე , მე კი გამეთბო !
~ სიგიჟეა არა ?
~ რა თქმა უნდა ?
~ მაშ სიჭკვიანე რაღაა?
როცა არა ჰფიქრობ , არა ოცნებობ , არ ეძებ , ბროლის კოშკებს არ აშენებ , იმედს არც იგონებ და არც ებღაუჭები , თუნდაც იმ უკიდეგანო , ვარსკვლავებით მოჭედილი ცაში , შენს წილ ბედის ვარსკვლავს არ ეძებ ?
აბა , რაღა უნდა გიხაროდეს , რისი მოლოდინი უნდა გქონდეს ?
ვის რაში არგია ეგეთი სიჭკვიანე , თუ თავი ბედნიერად არ იგრძენი ?
მე ვთვლი , რომ ადამიანი , ყველაზე ბედნიერი , ფიქრში და ოცნებაშია .
ხოლო როცა თავს ბედნიერად გრძნობ , ~
გიხარია კიდევაც .
ჰო , და მეც ვფიქრობ და ... მიხარია !
მე შენზე ვფიქრობ და ეს ფიქრი მიხარია !
მიხარია , რომ შენ არსებობ !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
20 . 01. 2012 წელი

მეუბნები

მეუბნები: ,,ვერ გავიგე,

ქალი ხარ თუ ავაზა?!"

წელზე ხელი რომ მომხვიე, 

იმან გამალამაზა.


სიყვარულის ცეცხლი დამკარ,

მეძახი ნაზს, ლამაზსაც,

ყაბაჩა რომ მისახსოვრე,

იმან გამალამაზა.


,,მთის ქალს ჰგავხარ", მეუბნები

და მეზახი აღაზას,

თერგს აქეთ რომ გადმოხვედი,

იმან გამალამაზა.


ყვავილების თაიგული

დავიჭირე ანაზდად,

შიგ ფეთქავდა შენი გული,

ამან გამალამაზა.




Friday, May 31, 2024

ამირან გოდერძიშვილის წერილ-რეცენზია ,,ხორნაბუჯში" (2024 წლის პირველ ნომერში) გამოქვეყნებულ ჩემს ლექსებთან დაკავშირებით

 დღევანდელ გაციებულ სამყაროში, როცა ადამიანების გულს ყინული მოსდებია და იშვიათად გაიგონებთ თბილ სიტყვას, ქებას ვინმესას, არ ვგულისხმობ მდიდრებსა და ცნობად სახეებს, მაქებარი რომ არასდროს ელევათ, მეგობრებიც კი იშვიათად გაიმეტებენ ხოლმე ქათინაურს, მალამოდ დამედო გულზე ბატონი ამირან გოდერძიშვილის წერილ-კომენტარი, რომელიც მან ლიტერატურულ ჟურნალ ,,ხორნაბუჯში" დაბეჭდილ ჩემს ლექსებზე: ,,ზმანება" (ხალხურ მოტივებზე), ,,სიჩუმე", ,,ხმა დიდგორიდან", ,,რა იცის ქარმა", ,,შენ კახეთო!", ,,ჩემო კახეთო!", ,,ესეც პოეზიაა" გააკეთა. როგორც ვიცით, ბატონი ამირანი არაჩვეულებრივი პოეტია, სიტყვის ოსტატი და მისი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ქალბატონო მაია,
როგორც მხატვარს, მე ვერ შეგაფასებთ, მაგრამ როგორც პოეტს, ფრიადოსნად გამოგაცხადებთ,
ახლა მაგიდაზე გადაშლილი მაქვს ლიტერატურული ალმანახი ,, ხორნაბუჯი”, სადაც თქვენი შვიდი ლექსია მოთავსებული და შვიდივე ულამაზესი პოეტური ესთეტიკით არის შემკობილი!!!
სასიამოვნო დახვეწილობით იკითხება ხალხურ მოტივებზე დაწერილი ,, ზმანებაც”, ( რომელიც ზმანება კი არა, სრული რეალობაა,
,, მთებს შემოუცვამთ ნაბდები,
თავს ადგათ თოვლის ვარაყი,
ერთმანეთს გადასძახიან:
,, გადმო, დავლიოთ არაყი”
ბერიკაცი მთები, ხადახან, ძლიერი ყინვის დროს, მართლა გადასძახებენ ხოლმე ერთმანეთს, მართლა ეპატიჟებიან ერთმანეთს ,, ჭიქა არაყზე”
და სურვილიც მართლა, მალევე აუსრულდებათ,
,, ქარს მოაქვს ღიღინ-ღიღინით,
არყით პირსავსე ხელადა,
მთათ მაიმარჯვეს ყანწები
სასმელის შესასმელადა”)
ამ სილამაზის ნახვისა და წარმოდგენის შემდეგ, როგორ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს ამ ჭეშმარიტებაში?!!!
,,ალავერდს არის ყველასთან
მთების თამადა, — მყინვარი,
გოჩასა ჰგავის, ხევისბერს, —
მარადჟამს გაუცინარი...”
პოეტს ეს ყველაფერი თავისი თვალით უნახავს და თავისი ყურით მოუსმენია, ამიტომ ეჭვის შეტანა ამ სიმართლეში დაუშვებელია!!!
ჩვენი გმირული ისტორიის საამაყო ეპიზოდის—- დიდგორის ომის პირველი დღის გათენებას ეძღვნება ლექსი ,, ხმა დიდგორიდან”, სადაც ლამაზად არის გადმოცემული მეფისა და სამშობლოს ერთგული ქართველების სიყვარული და თავდადება სამშობლოს მიმართ,
რამაც განაპირობა ,, ძლევაი საკვირველი”...
,,წმინდა გიორგის თეთრი რაშიც იმედად მოჩანს,
ეშმაკსაც კი სძლევს დღეს ლაშქარი ერთგული მეფის!”
განსაკუთრებული პოეტური ემოციები და ფერები აქვს გამოყენებული ავტორს კახეთის პეიზაჟებისა და მისი სიმტკიცისა და გაუტეხელობის გადმოსაცემად.
,, წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,
დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,
და კახეთის ამ საოცარ მიწას
მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს”
პოეტს შეუმჩნეველი არ დარჩენია, როდესაც ,, ერთხელ სიჩუმე რომ სწვევია ტყეს”და ყველაფერი დადუმებულა, მაგრამ თეთრი ბეკეკას ყელზე შებმულმა ზარმა, უცებ ,, სიჩუმეს გამოჰკრა სარმა” ... და ტყე ძველებურად ისევ აშრიალდა და ახმაურდა.
და პოეტის სურვილია, ჩვენს გამოსაფხიზლებლადაც ისმოდეს ზარის წკრიალი!....
და ბოლოს, ქალბატონი მაიას პოეტურ ხედვას მიუგვნია ბევრისათვის უბრალო და არაფრის მთქმელი მოვლენებისათვის, და იქ ულამაზესი პოეზია აღმოუჩენია, აი, ეს მარგალიტებიც:
,, გარეთ ქარი რომ თამაშობს
ბავშვებს ჩაეზიარა,
ატრიალებს ბურთს და ანცობს,
ესეც პოზიაა”
ანდა ფურისულას გაშლილ ფურცლებზე პეპელა რომ გაივლის,
ან, დათვი სკაში თათებს რომ აურევს,
ან, შვილიშვილი პაპის ცელით ყანას რომ მომკის,
ან ,, ქალს აპურებს ვაჟი რწმენით”
ან, ,, ცხვარი მისდევს იალაღს”
და ბოლოს ლაკონიური დასკვნა:
,, ვერ გამოთქვამ რასაც ენით,
ესეც პოზიაა”
აი, ის დიდი სიამოვნება რაც ამ ჟურნალიდან მაია დიაკონიძის ლექსებმა მომანიჭეს!!!
მადლობა ქალბატონ მაიას ამ მშვენიერი ლექსების შექმნისათვის და ბატონ გიორგი ნატროშვილს ამ მრავალმხრივი თემატიკით დატვირთული ალმანახის გამოცემისათვის!!!
რედაქტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ალმანახი გასცდა რეგიონალურ საზღვრებს და ლამის საქართველოს ლიტერატურული სფერო მთლიანად გაითავისა!!!"
ამირან გოდერძიშვილი
გმადლობთ, ბატონო ამირან, ჩემგან მიიღეთ სამადლობელი და უდიდესი პატივისცემა!