Wednesday, April 5, 2023

ბავშვის ღიმილი

ბავშვის ღიმილი
ყველგან ეხატა ღიმილი თბილისს,
ყველა სახლს, ეზოს, სახლს თუ აივანს,
ახლა თბილისი, ჩემი თბილისი,
ღიმილისაგან თითქოს დაცლილა.
თითქოს დაატყდათ ტოტები ნუშებს,
ალუბლებს თვალი სევდით აქვთ სავსე,
და ვეგებები დარდიან ქუჩებს,
სალამს ვუგზავნი ღიმილა ბავშვებს.
აქვე ცოცხლდება ჩემი იმედი,
მხნედ მივუყვები ალუბლის ქუჩას,
და ეს ღიმილი, თუნდაც მცირედი,
გადავიხატო სახეზე უნდა!
მაია დიაკონიძე
5.04.2023წელი

Tuesday, April 4, 2023

მინიმა

 გახლართული მირაჟების ნისლში,

ყოველ დილას ახალ ზღაპარს ვადგენ,

ვიცი, არის დიდზე დიდი ტყუილი,

მაინც ვფიქრობ, რომ ამიხდეს მალე.

მინიმა

 ამ ცხოვრების დღენი, წლები,

ამ ცხოვრებას შევალიე,

ბევრი შემხვდა ორგულ-მნენი,

ბევრიც იყო შევალიე.

ერთ ხელში მზე ოქროდ ბრწინავს,

მეორეში - მთვარის დისკო,

სამყაროა ჩემი ბინა,

სხვას არც აღარაფერს ვითხოვ.

ნეტავ, რასა გთხოვ, უფალო! (მინიმა)

ნეტავ, რასა გთხოვ, უფალო,
ყველაზე უფრო მცირეს, –
ქართველ კაცს ტუჩზე ღიმილი,
პური არსობის მისცე.
რომ არა ჰქონდეს სურვილი,
შვილს სსხვის მიწაზე ზრდიდეს,
სამშობლო იყოს პირველი,
ფიცობდეს მხოლოდ მის მზეს.




გამქრალი იმედები

 გამქრალი იმედები

მე ყელიდან ჩამომგლიჯეს ოქროს ძეწკვი,
რუდუნებით ვატარებდი უკვე წლები,
იმას გაჰყვა ათასგვარი იმედები,
სირინოზის სიმღერა და ნაზი ხმები.
ჩამესმოდა, მიზიდავდა სადღაც შორით,
ქვეყნის გონი დამალული მაღლა გორით,
ვფიქრობდი, რომ იქ რაღაც, ჩემიც არის,
არას ქონა, მითხრეს შენი ბედი არის.
შენ ვერ იფრენ და იცოცო უნდა დაბლა,
რაც გინდოდა, არაფერი ხომ არ ახდა?!
იყავ ბრმა და იყავ ყრუ და იყავ ბეცი,
ეს ყოფილა, გოგოვ, შენი განაჩენი.
მაია დიაკონიძე
4.04.2023 წელი

Monday, April 3, 2023

შენ, კახეთო!

 წვიმდა, წვიმდა, უცნაურად წვიმდა,

დასდიოდა ცრემლი მხოლოდ ვაზებს,

და კახეთის ამ საოცარ მიწას

მზე აფენდა ციდან ფიანდაზებს.

ღობე, ღობე, გავსებული ეზო

ყვავილებით  ქვევრებით და ჭურით,

შენ კახეთო, თეთრ ღრუბელთა  მწყემსო,

სიტკბოებით გამომივსე გული.

დაფენილი რუხნისლები ცაზე,

მოვედი და მყისვე შევიყვარე,

გვერდზე გადექ, საქართველოს მტერო,

მზე დაადგა ხორბლის ნაფერ ყანებს.






მინიმა


შენს მკლავებში რომ ჩავესვენები,

მარადისობას მინდა დარჩეს ის ერთი წამი,
თვალში ჩაღვრილი ზღვათა მელნები,
სინაზით შევსვა, ვით დილის ნამი.
მაია დიაკონიძე
3.04.2023წელი