Sunday, May 4, 2014

ნაწვიმარ ღრუბელს ვეხები ხელით

ნაწვიმარ ღრუბელს ვეხები ხელით,
მიწაზე ცრემლად ცამ რომ დამტოვა...
იასამანმა მაკოცა წყენით, -
ნუ დამტოვებო ნამდვილ მეგობარს.

Friday, May 2, 2014

ის მზე ჩემია, შენ რომ გიღიმის!

ის მზე ჩემია, შენ რომ გიღიმის.
სხივებს ფანჯრიდან შემოგაწოდებ.
ბაღში შემოსულს მოგართმევ იებს,
სევდით შვვმოსავ ცისფერ გაზონებს.
რომ ჩემი გულის იგრძნო ტკივილი,
შენს ლურჯ თვალებში მინდა ჩავყვინთო...
ფანჯრიდან სხივებს შემოგაწოდებ
და ჩემი სუნთქვით სულსაც გაგითბობ.

Monday, April 28, 2014

ქალბატონო, შენს ღიმილში... (სიმღერა, შეასრულა ბეჟო ბეჟიტაშვილმა)

ქალბატონო, შენს ღიმილში...

ქალბატონო, შენს ღიმილში მზე ყვავილობს,
ნათელ შუბლზე სისპეტაკის დაღი გაზის,
შენს თვალებში თავთუხები იცინიან,
ნაზი მზერით აყვავილდა ვარდის ბაღი.
შემოგიცვამს ლურჯი კაბა, მოჩითული,
თმებს გისწორებს ურჩი ქარი საალერსოდ,
ღვთაება ხარ, სიყვარულის მოციქული,
თვალკამკამა ნაკადულის ანარეკლო!
ნეტავ, იმას, ვინც შეგახოს ნაზად ბაგე,
ვინც ეგ გული სიხარულით ააძგეროს,
დაგანახოს ზღვა, სუფთა და მოკამკამე
და ზეცაში ღრუბელთ რემა გადარეკოს.
ქალბატონო, ხარ სამყაროს დედოფალი,
ვერ მოგწყვიტე ცრემლიანი ურჩი მზერა,
იმქვეყნიურს, სხვა ჯიშის და სულ სხვა ყანდის,
დაგედევნე, ვით ოცნებას ნაზს და ფერადს.
თმებს გაიშლი, განათდება ნისლიანი,
ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვება ლურჯი მდელო,
სულს ამივსებ სიხარულით და სიამით,
შროშანივით სპეტაკო და საყვარელო.
მაია დიაკონიძე
28.04.2014 წელი






Sunday, April 27, 2014

მიაუ, მიაუ (საბავშვო)

მიაუ, მიაუ, რომ იძახი,
კუდჭრელა და მწვანეთვალა,
ძილს არ მაცლი, არ მაძინებ,
საჭმელსა მთხოვ წარამარა.
წადი, თაგვი დაიჭირე,
ბებოს უნდა გამოადგე,
თორემ მერე, საახალწლოდ,
ჩურჩხელებს ვერ დაგვიმზადებს.

Wednesday, April 23, 2014

მე ქარი მიყვარს

მე ქარი მიყვარს, ღმუილით რომ დაივლის ველებს,
ანდამატივით მიიზიდავს ტოტებს და ფოთლებს,
შემოახტება მხედარივით დარახტულ ხეებს
და მერე სადღაც, ხევხუვებში, უმწეოდ გოდებს.

Tuesday, April 22, 2014

დამახატინე!

დამახატინე ცის კიდე და სიმწვანე მთათა,
დამაწერინე ასი ლექსი, იქნებ ათასიც...
ღვთიური მადლით, ყველა ქართველს ანდერძით გვერგო
მშვენება შენი... მოციმციმე მზეზე ალმასი!

Monday, April 21, 2014

სევდა

სევდა დამჩნევია საფეხურებს,
კედლებს აბლაბუდა მოჰფენია,
ღიად დარჩენილი სარკმელიდან
მზის სხივს იმედიღა შეჰყოლია.
ფქვილად უქცევიათ მოგონება
თაგვებს მიტოვებულ განჯინაში,
ზანდუკს, ბებოს მზითვით ამოვსებულს,
თავზე სიმარტოვის ჩრჩილი აზის.