Friday, January 11, 2013

მშორდები


მთებზე გაწოლილი ნისლივით მშორდები,
ირგვლივ კვლავ ქარია - აშარი, ავყია,,
დრომ თვალი დამიწვა, ამდენი გოდებით
ბადეში გახლართულ ქორჭილად მაქცია,
ჰაერი არ მყოფნის, წყალს ვითხოვ მწყურვალი,
ისევ სიყვარულის ზღვა მინდა გავცურო,
შენ კი კვლავ ჰორიზონტს ნისლივით შორდები...
მადლობის სათქმელად მოვდივარ, წარსულო...

Thursday, January 10, 2013

პოეტს


რითმებს დავეძებ მდუმარებაში,
და ამ სიჩუმის მესმის მუსიკა,
სხივად იღვრება ნათელი მთვარის,
გულში სიმები გადაიდრიკა.
მე მდუმარების ველში გელოდი,
შენ კი მოცარტის ჰანგით მოხვედი,
მე შეგიკარი იის კონები, შენ კი
მესროლე რითმა თავხედი...

Wednesday, January 9, 2013

ზვარაკად შეწირულ პატარებს


ზვარაკად შეწირულ პატარებს ვიგლოვებთ,
მინდვრებში ხმა ისმის ბავშვების სიცილის,
მათ უნდა შეეკრათ ყვავილთა კონები,
მშობლები შევამკობთ საფლავებს გვირგვინით,
თავდახრილ ნაძვებთან ჩვენ- ერთი ბეწონი,
დიდებსაც გვაჯობეს, პატარა ხელებით
გემს გეზი უცვალეს, შეცვალეს სამყარო,
ფიქრები გვასწავლეს სხვაგვარი ფერებით...
ბავშვების თვალებით დანახულ ქვეყანას,
სადაც არც ომია და არც რომ უკუნი,
თამაშით, ოცნებით, სილაღით სავსეს და
მშვიდობის კედლებზე დახატულ ღიმილით
ჩვენც ვხედავთ ახლა და დრო არის დავფიქრდეთ,
ოქროსფერ ძაფებით გადავკრათ გულები,
ერთმანეთს ჩავჭიდოთ სათუთად ხელები,
მათ სულებს რომ ჰქონდეთ საგზალი ულევი...

წვიმა (ეტიუდი)


სისხლისფერ ქედებზე ჩამოწვა ნისლები,
ვნებიან სხეულებს ჩააცვეს შავები,
ხმა ისმის ქუხილის, - გაყუჩდა მიდამო,
ქვეყანას დაატყდა შხაპუნა ზვავები...

ბებიას (გილოცავ დაბადების დღეს)

თოვს, სახურავზე დაათოვა ცივმა ზამთარმა,
ფანჯრებზე ყინვამ დაგვიხატა თეთრი პეპლები,
ბუხარში შეშა დაამღერებს ცეცხლის სიმღერას, -
მასავით თბილი ბებია მყავს, დაუბერები...
მამა-პაპათა სურათები დამცქერის, - ზევით,
ჭრელი ხალიჩის სივრცეებში, ამაყად მოჩანს...
ბებომ მასწავლა მომავალის წარსულით ცნობა
და უჯიათი ცხოვრებითაც თამამად ტკბობა.
შეშის ტკრციალი გამახსენებს მოყოლილ ზღაპრებს,
ოცნების ფერში გადავხატავ კეთილს და ბოროტს,
გამარჯვებული სიკეთეა, რადგან ბებია
ასი წელია, მას პირჯვარით ყოველდღე ლოცავს...



Monday, January 7, 2013

ნეკერჩხალი


ელავს ფიფქები მთვარის შუქზე, ლურჯდება ღამე,
ზეზეულ ლანდებს შეუსუდრავს ირგვლივ მიდამო,
გაყინულ ტოტებს ნეკერჩხალი ვეღარც გრძნობს ტანზე,
სწადია, მაგრამ ლამაზ თვალთა ვეღარც კი ახელს,
ტკივილისაგან შეჭმუხვნია გულიც და სახეც,
ჭირხლი წამწამებს დაუთრთვილავს და ცრემლი -  თვალებს,
ლოლუებად რომ დაეკიდება, ჩუმია ღამე...
მისი განცდები ამ ქვეყანას უღმერთოდ ამხელს...


ყველა ქუჩა შემოდის ჩემში...


გავდივარ გარეთ, ყველა ქუჩა შემოდის ჩემში,
როგორც ფიქრები, ახლობელი და შორეული,
წლების მანძილზე გადავკოცნე სულ ყველა ეზო,
ყველა მათგანი ნაცნობია და მშობლიური...
მიყვარს თბილისი, მისი შუქი, ლამპიონები,
მთვარის სხივებზე მოლივლივე ციმციმა მტკვარი,
ამაყი მთები, ჩვენს ქალაქს რომ არტყია ირგვლივ,
კედლები სახლის, სადაც ფიქრით არ სძინავთ ღამე,
სიკეთის ცეცხლი ქუჩებიდან შემოდის უხვად,
ანათებს, ბრწყინავს, უერთდება ვარსკვლავთა ციაგს,
ჩვენს გულებს სიბრძნის, სათნოების სანთლებად ანთებს...
სანუკვარ თბილისს სიყვარულის ქალაქად აქცევს.