მე ბედნიერი ვარ!
ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ფულს ბედნიერება არ მოაქვს. ის მარტო თავდაჯერებულობას გვმატებს, თვითკმაყოფილებას, რომ შეგვიძლია, რაც გვინდა ის ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში. ვიყიდით საუკეთესო სახლს, მანქანას, მაგრამ ვართ კი ბედნიერები?! ამ დროს მეტყევე ღარიბულ ქოხში ბედნიერად გრძნობს თავს, რომ თავის საქმეს აკეთებს. გამოდის დილით თავისი პატარა ქოხიდან, ჩაისუნთქავს სუფთა ჰაერს, შეხედავს ხის ტოტებში აბრჭყვიალებულ მზის სხივებს, ,,ეჰე-ჰეი" გადასძახებს ქვეყნიერებას, ჩაეხუტება იქვე მდგარ მუხას და იტყვის: ,,რა ბედნიერი ვარ!"
მეც ბედნიერი ვარ, ჩემი სამშობლოს მიწაზე რომ მიდგას ფეხი, ყველა კენჭი, ყველა ქვა, ყველა ღელე თუ მდინარე აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. კლდენი, პირქუშად ჩამომზირალნი მიყურებენ და მეუბნებიან, ჩვენიანი ხარო. მეც ბედნიერი ვარ რომ ერთნი ვართ, მეც ხომ მათი ნატეხი ვარ, სულჩამდგარი. მათ ტკივილს ვახმოვანებ, მათ სიხარულს.
მიყვარს ყველა ქართველი, სადაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვაქვს.
მიყვარს ქართული ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ. ის ხომ ჩვენს ძარღვებში გამჯდარი ცეცხლი და ღადარია.
ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!
მე ბედნიერი ვარ, ადამიანებო!
No comments:
Post a Comment