Tuesday, September 24, 2024

ჩანახატი, სოფლის ბოლოს რომ სასაფლაოა

ჩანახატი
სოფლის ბოლოზე რომ სასაფლაოა,
ბახულა დარბის, ჩემი ბახულა,
კუდს აქიცნებს, თითქოს მიღიმის,
კრეჭს კბილებს, მხიარულად ყეფს,
ეტყობა, ახსენდება, ერთად რომ დავდიოდით
მდინარის პირას ტირიფებთან,
მიყვარდა ტირიფები, მათ ქვეშ ქვაზე ჯდომა,
მე, ტირიფები და ბახულა წყალში ვიყურებოდით,
ანარეკლს ვუცქერდით, მზეზე მოელვარე თევზის ფარფლს,
თავკომბალებს, ქვის ქვეშ რომ იმალებოდნენ.
სოფლის ბოლოზე რომ სასაფლაოა,
ჩემს და-ძმას ვხედავ,
ერთმანეთისთვის ხელი ჩაუკიდიათ,
თეთრი სამოსი აცვიათ, თოვლივით თეთრი,
თოვლივით სპეტაკი იყო მათი გულებიც,
დიდი გაცისკროვნებული თვალებით მიყურებენ,
ალბათ მოვენატრე, მეც მენატრებიან,
მაგრამ ახლოს ვერ მივდივარ,
შორიდან მიქნევენ ხელებს.
პაპა და ბებიაც იქ არიან,
სოფლის ბოლოზე, სასაფლაოზე,
პაპას თავისი ცხენი მოჰყავს,
ზედ ბებია შეუსვამს,
თავი სიზმარში მგონია,
ან თუ კინოფილმს ვუყურებ.
ჩაიხვია კასეტამ, თუ რაშია საქმე,
ნელ-ნელა ყველაფერი ქრება,
ბებიაც, პაპაც, ჩემი და-ძმაც,
ბახულაც, პაპას ცხენიც
ყველა დანარჩენიც...
მაია დიაკონიძე
17. 09.2024 წელი

No comments:

Post a Comment