Saturday, June 4, 2022

მე გუბნები (სატრფიალო)

 მე გეუბნები: ,, შენი ვიქნები",

შენი ვიყავი იქნებ ოდითგან,

ვიცი, არაფერს რომ არ მპირდები,

მაგრამ ზღვებს, ზეცას, მზესაც მომიტან.

მომიტან სურნელს ყვავილთა ბაღის,

გულზე დამკიდებ ნამგალა მთვარეს,

მეც გამოვყვები  სისხლის ხმას,  ძახილს

და სიყვარულით აგივსებ არეს.






„ო, ელი... ელი...“ ავტ. მარი ჟღენტი

 „ო, ელი... ელი...“

****************
უსუსურია დღესაც კაცი, ყოფის წინარე,
თუ ნება მისი უფსკრულისკენ მიაქვს მდინარეს,
მდინარეს დროის,
მნათობთ შორის მკუთავ უფსკრულებს,
აქ ბრმა ადამი ზენას ნაცვლად, ქვენას უყურებს,
მხუთავ სივრცეებს, მშობელს ბნელის... თავისი ქცევით,
ისე მთვრალია, ვეღარც არჩევს, ზევით თუ ქვევით!
მზე გაბზარულა!
ახლა მხოლოდ მთვარეა მთელი
და ცის კაბადონს სისხლმდინარე აჰკვრია ხელი!
ლეღვი, დამფრთხალი ბედისწერით, ქარში შეირხა,
გოლგოთის კეფას აზანზარებს ციურ ცრემლის ხმა:
„ელი!..
მამაო!.. ელი!..“
გმინვა შენივთდა სისხლად!
გორგლადქცეული კაცთა გონი ქცეულა რისხვად...
უსუსურია მუდამ კაცი, ყოფის წინარე,
თუ ნება მისი უფსკრულისკენ მიაქვს მდინარეს!
ო, საბაქთანი... საბაქთანი... ო, ელი... ელი...
ელი!
აქაც კი ... მხსნელად ისევ შენს მოსვლას ველით!
ეს მღვრიე დისკო ჩვენთვის მზეა, ცისთვის - გულია,
ოდენ, ეთერი სისხლის ორთქლით გათანგულია,
ხშირად:
ჭრელია დღენაკლული ეს ჩვენი სული,
რადგან
დაგვგეშეს - აქ ოფლის და… იქ - ცოდვის სუნით.
და
აღარ გვახსოვს ღაწვდახოკილ ღვთისმშობლის კვნესა,
არც,
იმ დღეს ცაში ჩამომხრჩვალი ღრუბლების მესა!
არც,
უგვანოთგან ყოველთმეფე გან-კვეთებული,
არც,
თეთრი მტრედი მკერდით კლდის ქიმს დახეთქებული,
როცა ხორშაკმა სუნთქვა ქვიშის ქარით შეგვალა
და ათორმეტმა მოციქულმა ზეცას შებღავლა!
ელიიი!..
ჩვენ ვცდებით!
თითქოს, შენვე ასე გენება...
და ხსოვნა ყოვლის, სულ დაკარგეს ჩვენმა გენებმა!
იქნებ ამიტომ ... დღეს ცას ფარავს ცოდვის სირუხე,
მე მეშინია!
სულო, ისევ ნუღარ გვიმუხთლებ!
გადაგვარჩინე, ელი!
ისევ, შენი თავდებით,
რწმენის გარეშე, სადაც ვიშვით, იქვე ვმთავრდებით!
უსუსურნი ვართ, უდღეურნი, ყოფის წინარე
და გონი ჩვენი უსასრულოს მიაქვს მდინარეს!
წიგნი წარსულის თავად ვწერეთ სისხლის ყდისანი,
ერთურთს ვუცვალეთ ნაკოცნარნიც იუდისანი!
ელი!
ჩვენ ვცოდავთ!
ცოდვა მოგვსდევს ზურგზე აკიდოთ!
იქნებ, გვიშველო: არ გაგცეთ და აღარ გაგყიდოთ!
სათქმელ-საქმნელი ბედისწერის რკალად შენივთდა
და ერთხელ კიდევ... საბოლოოდ... ისევ... შენით და...
დღეს ქრისტე აღსდგა!
გთხოვთ, სინათლე გულში გვათოვო!..
ო, ელი!.. ელი!..
საბაქთანი... არ მიგვატოვო!
***
„ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“* -
ჯვარზე გაკრული მაცხოვრის სიტყვები:
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?
************************************************
მარი ჟღენტი

Friday, June 3, 2022

ელავდნენ ბნელში შენი თვალები (სატფიალო)

 თავდავიწყებით გკოცნიდი უცნობს,

ელავდნენ ბნელში შენი თვალები,

შმაგი ვნებების  მიტევდა ურდო,

დრო იდგა ჩემი გარდაცვალების.

მიყვარდი ისე, როგორც არავინ,

და ვბანაობდი გეენის ცეცხლში,

არ იყო ჩემთვის არა წამალი,

რჩებოდა ჩემგან მხოლოდღა ფერფლი.

.და ვიყნოსავდი შენს ამო სურნელს,

სულში დაქროდნენ მეტეორები,

და სიყვარულის ბადაგით უძღებს,

ისევ იმ ღამის ჩრდილს გელოდები.




ტუჩებზე დამრჩა შენი გემო (სატრფიალო)

 

ტუჩებზე დამრჩა შენი გემო, შენი სურნელი,
ყაყაჩოების, გვირილების ნექტრის და თაფლის,
როგორც პეპელას სხვა მინდვრიდან, ვიცი, სულ მელი,
და მექაჩები შენკენ რაღაც ჯადოსნურ ძალით.
მეც მოვალ შენთან, თან მოგიტან მზის სხივთა კრთომას,
მოგიტან ვნებას, სისხლს რომ უვლის, არაქათს აცლის,
მოგიტან ზეცას, სიყვარულის შარბათით თრობას,
იდუმალებას ამქვეყნიურ გძნობათა განცდის.
მაია დიაკონიძე
3.06.2022წელი


 

ზოგი ჭირი მარგებელია, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ,,ზოგი ჭირი მარგებელია"

1.მამულის მიწავ, დამეფინე
კვლავ ფიანდაზად...
დედავ,ძვირფასო! ,,უძღებ შვილზე"
არ დაგცდეს ძვირი,
მეთავისება ხალხის სიბრძნე,
თქმული ანდაზად:
რომ ,,მარგებელი არის თურმე
ხანდახან ჭირი!"
2.კარგა ხანია, უცხო ზეცის
მხურავს საბანი,
დაგაბიჯე და... ა ნ თ ე ო ს ი ს
მომეცა ძალა,
არ დავივიწყე შენი ენა,
შენი ანბანი
და გულზე ლოდი დამსუბუქდა
ისე, ვით ჩალა.
3.ბევრჯერ დავუსხლტი ბედისწერით
მოვარდნილ ზვავებს,
ნურვინ იფიქრებს, შევიცვალე და
ვიღაც სხვა ვარ...
უბრად ვეწვიე დედისა და
მამის საფლავებს
და მათ წინაშე დატუქსული
ბავშვივით ვდგავარ.
4.ნამდვილ სიყვარულს განშორება
ვერ აფერმკრთალებს
და მონატრება, ამ სიყვარულს
გულზე მიქარგავს...
არ ვეპუები უზნეობის ბოროტ
გრიგალებს,
არც ქართველობა,არც ღირსება,
არ დამიკარგავს !
ელგუჯა ციგროშვილი.
თბილისი. 28.11.2017 წელი.

Thursday, June 2, 2022

ნუღარ მიკითხავ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 ნუღარ მიკითხავ, თუ კი გავხდი არაგვის წერა,

თუ თავი მივეც მის შავ ტალღებს, იმის ჩქერალებს,

ნუღარც მიკითხავ, სიყვარულის თუ კი არ გჯერა,

სხეული რაა, როცა სულში ცეცხლი ელვარებს.




მე შენს სულეთში (სატრფიალო)

მე შენს სულეთში მოვყვები სიზმრებს,

და ჯადოსნურ ჯოხს ბავშვივით ვიქნევ,
და როგორც უწინ, ზღაპრების მჯერა,
შენკენ მოვყვები მიღმიერ სივრცეს.
იმ დროს მახსენებ, ვიყავით ერთად,
ქვეშაგად გვეგო არხოტის მოლი,
და როცა ქარი დაქროდა ველად,
მეც ყვავილივით ნარნარად ვკრთოდი.
მათბობდი, როგორც პატარა იას,
შენს სუნთქვას მაშინ ჩემს სულში ვგრძნობდი,
ნეტავ ამ ხილვას ახლა რა ჰქვია,
მონატრებების ტალღად რომ მოდის..