Tuesday, September 27, 2016

პოეტს (სახუმარო)

გადავლახე ბილიკი
თამაშით და ქილიკით,
წინ შემომხვდა გოეთე
მითხრა: -  ჰგავხარ პრომეთეს,
ხალხს შენ აღარ სჭირდები,
ნუღარ გჯერა მითების,
ზევით კარს არ გიღებენ,
ვერ დათესე სიკეთე,
კლდეზე მიეჯაჭვები
სტაქნებით და ვალებით,
გიტრიალებს ყორანი,
გამოგიღოს სტომაქი,
ორი ქვეყნის საზღვარზე
მუდამ დაეხეტები,
ფანტაზიით ცხოვრობ და
უსახელოდ ბერდები.








Thursday, September 22, 2016

დეკა

არ ვჩვეულვარ გულის ფხანას,
შრომით გავდგი კლდეში ფესვი,
არა ვგავარ დედოფალას,
მხრებზე დამდის ტალღა თერგის.
თავს ვევლები  ქვას და რკინას,
არწივებთან ვიყოფ ბინას,
დეკა მქვია, ვარ მთის შვილი,
ღმერთმა მომცა ჯანი, ძირი.

ცხოვრება თურმე დიდი ვალია

ცხოვრება კაცის, თურმე, ვალია
და გვიან ხვდება ამას ძალიან,
ახალგაზრდა თუ ღელვამ არწია,
დამბაჩის ლულაც მიტომ ასწია.


Wednesday, September 21, 2016

დედის სიმღერა (საბავშვო)

ავიჩონჩხლე ქარვის მძივი ,
მზით ნაფერი მარცვლების,
აკიდოებს გავაჯიბრე,
იჯრა-იჯრად ატეხილს.
ჭანჭურს მივეც პირველობა,
დავიკიდე საყურედ,
ფერიცა და ფორმაც მომწონს,
ტოლს არ უდებს ალუბლებს.
ქლიავმა კი ხილმა შავმა,
ვერ აჯობა ფერადებს,
თუმცა მეტად გაუმართლა,
ბავშვებს ხონჩით მივართმევ,
დავამატებ კომშს და ატამს,
სასარგებლო ხილია,
კბილებს გაუსვ-გამოუსმევს
თამუნა და ილია.
ბროწეული ლაღობს ხეზე,
ჯერ არ დაუკრეფიათ,
მსხალი თურმე ტოტებიდან
ჩამოცალა ღვინიამ.
ბებომ მოსცხო დიდი ჯოხი,
-ბავშვებს რაღა ვაჭამო?
- ჩვენმა ძროხამ ცას შეზმუვლა,
- ზევით დარჩა, გაამოთ!
- ჩურჩხელები წყება-წყებად
ცეცხლის პირას ჰკიდია,
იმას მაინც ვეღარ შეჭამს
გატიკნული ღვინია,
ყარაულად დავუყენეთ
ჩვენი ეზოს დარაჯი,
მასთან ახლოს ვერ გაივლის
ვერც კატა, ვერც ალქაჯი.
შემოდგომა შემობრძანდა
გოგოებო, ბიჭებო,
ყველა დედას უნდა თქვენთვის
ბარაქისა  იმღეროს.

Tuesday, September 20, 2016

ნუ გამცვლი, ჩემო, სხვაზედა

მე შენში ისევ გავთენდი,
ამოსული ვარ მზესავით,
გულ-ღვიძლი აგიყოილე, -
პურის თავთავში რონინებ,
აღმოსავლეთით დარია,
დასავლთს ქარი ბოგინებს,
ნუ გამცვლი, ჩემო, სხვაზედა,
დავწყვეტ ჩვენს შორის ბოგირებს.

ყვავილი ხარ მაინც (სახუმარო)

გაყინულა ვარდი,
მომემატა დარდი,
- ხედავ, მისი ხვედრი,
შენ არ შეგხვდა, - ყვედრით
მეუბნება ერთი,
ჯერ კიდევ გაქვს სუნი,
არც სიცივეს უფრთხი,
არც ტანად ხარ გონჯი,
გულის კარებს პორჭყნი,
ყვავილი ხარ მაინც,
თუმც არ ჰგავხარ მაისს.

სიკეთე

სხვებისგან ველით სიკეთეს,
თვითონ ნაკლებად ვიმეტებთ,
გვსურს ბევრი მოგვცეს სამყარომ,
დილა ყოველი გვახაროს,
დოლარი გვქონდეს დასტებად,
მეგობრები კი - მასტებად.
ხელში ჭიქით და სიტყვებით
გვინდა მოვიხსნათ კირთები,
მაგრამ არც ისე ადვილად
იხსნება თურმე კარტები,
თუ გინდა შეგხვდეს გრაალი,
არ უნდა გყავდეს ბადალი,
ყოველ დილას და საღამოს
მაღლა ღმერთს უნდა აამო,
უნდა ბრწყინავდე სიკეთით,
გმადლობდეს მთელი სამყარო.


,