Monday, March 4, 2024

კაფია, ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, გელა ციგროშვილი

 კაფია

ელგუჯა ციგროშვილი
(ეკას)
მივესალმები ეკასა
მცურავს ცხოვრების ზვირთებში,
თავის ფეხით რომ მისულა
მინოსის ლაბირინთებში.
მაგას არც რამის შიში აქვს,
მაღლა ღრუბლებში ასულსა
სუყველას გაუსწორდება
კუდიანსა და ავსულსა.
ბებოც ხომ ,,პოლზე" აწყვიტა
შეფასება აქვს იპონის...
ეგ მინოტავრსაც მოთეთქვამს
თუკი მანდ სადმე იპოვნის.
რუსუდან გოგბერაშვილი
(ელგუჯას)
ისევ კაფიებს არიგებ
გუჯა, არ იშლი შენსასა.
ემანდ შენც ,,პოლზე არ გწყვიტოს"
ნუ ეხუმრები ეკასა.
ეკა ჯავახიშვილი
(ელგუჯას)
კრეტადან კაი სალამი,
სიტყვა გაგვიხდა ძვირია,
რა გინდა შუაღამისას
რას შამამიფრთხე ძილია.
რა კუდიანი, ავსული
ან რა ალების არია,
მინოტავრთანაც გამხადე
მებრძოლი მეომარია.
რას არბენინებ საცოდავს,
მუხლებს რისათვის უღლიო,
შენს ამორძალებს მიხედე
მე არვისთან მაქვს შუღლიო.
შენ ისე გამაპიარე
თავს რაღაც უნდა მიწიო,
იქნება ორთაბრძოლაში
არესმაც გამომიწვიოს.
დამიფიქსირე მრავალჯერ
მოგება, სუფთა იპონი,
ღადავს მოეშვი თორემა
რაც რუსომ გითხრა, იპოვნი.
გელა ციგროშვილი
(ელგუჯას)
რაღა დროს მინოტავრია,
რა ზვირთები და რა წყალი,
ამბობენ ლაბირინთებში
მთლად მიიხრწნაო საწყალი.
ფრთხილობენ თანამედროვე
მინოსი ეგეოსია,
დღეს ეკასნაირებისთვის
საზღვრად გაავლეს ტროსია.
ვაი,იმ ბეჩავს შემთხვევით
თუ სადმე მოახელებენ,
რქებს მოუმტვრევენ უბედურს
ძვალს და რბილს გაუმთელებენ.
ელგუჯა ციგროშვილი
(გელას)
ეკას ეგენი არ უჭირს,
არც ბებოს დაუხვალია
თუ რამე წყენა ახსოვდა
ერთად აიღო ვალია.
,,მააპირქვავა პოლზედა"
მთელი არ დარჩა ძვალია,
კარგი ქნეს, დროზე დამარხეს
იქ წაიშალა კვალია.
ეხლა მინოტავს თუ შახვდა
ვაი,იმისი ბრალია.
ელგუჯა ციგროშვილი
(რუსუდანს)
რუსო, შენ ეკას არ იცნობ,
მართლის მთქმელია პირშია,
ნახე, მინოტავრს რას უზავს,
რქებსაც დაამტვრევს ძირშია.
ყანწებად გამამიგზავნის,
ეგ არი ჩვენი პირობა,
ხომ ხედავთავსაც არ იქებს,
სჩვევია სიტყვაძვირობა.
მაგრამ მე რა გაამაჩერებს
დუშმანს დაუდგეს თვალები,
იმ ყანწით უნდა დაგლოცოთ
ჩვენი მოლექსე ქალები.
ეკა ჯავახიშვილი
(ელგუჯას)
გუჯა რთულ საქმეს მავალებ,
არ გერიდება იქითა,
მაგ ყანწს შენ მაინც ვერ დაცლი,
ისევ დაგვლოცე ჭიქითა.
მინოტავრის რქებს თუ უცდი,
ხარია, არვის ბარდება,
ჩვენც დასალოცი დავრჩებით,
ეგ ღვინოც დაგიძმარდება.
რუსუდან გოგბერაშვილი
(ეკას)
ეკავ, ისევ ისგირჩევნავ
მინოტავრს ეცე რქაშია,
იოლ გგონია ჩავარდნა
ციგრშვილების ყბაშია?
ეკაჯავახიშვილი
(რუსუდანს)
ციგროშვილები კი არა,
ფშავნიც დაიძრან მთიანად,
შიში არა მაქ მე მათი
ერთ ლუკმად ვიკმარ მთლიანად.
ელგუჯა ციგროშვილი
(გელას და ეკას)
მაღლით დავხედე ბრძოლის ველს
და შამიშინდა თვალია,
მიმოფანტული რითმები
სულ ნალეწ-ნამუსრალია.
კაფიისისმის ჯახება
დგას დიდი ცოდვა-ბრალია
დაასკვნის მეისტორიე
,,ჭიქაში-ქარიშხალია"7
გელამ ტრაქტატებ მიკითხა
საბას და ჟან-ჟაკ რუსოსი,
ეკას კაფია უწუნა
და მოიწონა რუსოსი?!
ძმაო, მე დაცვა არ მინდა,
ტყვიაში ვაჯენტყვიასა,
ზოგ უფროს მელექსებოდა,
ზოგიც მეძახდა ძიასა.
სუყველას რას გავიხსენებ,
უნდა ჩავხედო სიასა.
როვერვინ ვერსად ვერ მიკბენს
ვიძლევი გარანტიასა.
შენ და ეკასკი გატყობთ რომ
ბოლომდე ჰხარჯეთ კალამი...
ჯიუტად უცდით თუ რომლის
ჩამოვარდება ალამი.
პ.ს.
მე მომისმინეთ ორივემ
ბრძოლაში დაუცხრომელთა
არც მინოოტავრის რქები მსურს,
არც გაგონება ცხოველთა.
ცას ცისარტყელა დაჰკიდა
მისი ნათელი ჰყო ველთა,
და ასე ბრძანა უფალმაა
,,მშვიდობა ნახონ ყოველთა".

Sunday, March 3, 2024

დედას!

 ნაცნობ სიტყვებს მიჩურჩულებს სიო,

,,ბედნიერი მინდა მყავდე, შვილო!"

თმებს დამვარცხნის მოუსვენრად ქარი,

მაგრძნობინებს დედის გულის წადილს.


დაისია თუ აისი მწველი, 

თუ მზე დგება ცაში ზეცის წვერზე,

ყველგან დედის უნაზესი ხელი

ათბობს ვარდებს, ეკლებსა და ძეწნებს.



.








Saturday, March 2, 2024

შენ, მერიქიფევ!

შენ, მერიქიფევ!
თუკი გამცვალე, ჟამს მიმეცი
საფლეთ-საჯიჯგნად,
თუ თვალში ძეძვი ამოვიდა
და ნარ-ეკალი,
სიყვარულისთვის შენი თავი
როცა დამჭირდა,
შენ, მერიქიფევ, გეძებე და
არსად იყავი!
რომ ჩამოგესხა ჩემთვის ღვინო,
ალადასტური,
სისხლს დაეარა ამ ძარღვებში,
ტრფობის დასტურად,
ვერ შევეგუე მე ამინდებს
ეგზომ ცვალებადს
და უშენობას ვამჯობინე
გარდაცვალება.
მაია დიაკონიძე
29.02.2024 წელი

წადი, ქართველო, წადი!!!

წადი, ქართველო, წადი!!!
სადაც არ უნდა იყო,
ყველგან დაგლოცავს დედა,
წადი, ქართველო, წადი,
თუ აღარაფრის გჯერა!
თუ არ მიგიდის გულთან
შენი სამშობლოს დარდი,
სხვა იკისრებს შენს ურვას,
წადი, ქართველო, წადი!
თუ მალე ქართულ ანბანს
აღარ ისწავლის ბავშვი,
,,nicht" - ს იტყვის ,,არას"ნაცვლად,
წადი, ქართველო, წადი!
თუ არ გაწვება ბურთად,
ეს ნოსტალგია მზარდი,
გადაივიწყე სულმთლად,
წადი, ქართველო, წადი!
ღმერთს რაღა უნდა უთხრა,
როცა მიგიხმობს მაღლით,
სად განაბნიე ურცხვად,
ბრძენი წინაპრის მადლი.
სადაც არ უნდა იყო,
ყველგან დაგლოცავს დედა,
წადი, ქართველო, წადი,
აქ მზეს თუ ვეღარ ხედავ!
მაია დიაკონიძე
2.03.2024 წელი



ია დიაკონიძის ნახატების გამოფენა

 24 ივნისი, 2017 წელი, ჩანაწერი ჩემს ფეისგვერდზე

დღეს ბაზალეთზე "ოქროს აკვანში" ჩატარდა ემიგრანტ მხატვართა გამოფენა, საქართველოს ემოგრანტთა კავშირის ორგანიზებით, თავმჯდომარე რუსუდან გოგბერაშვილი. მონაწილეობა მიიღო დავით ბაძაღუამ, გიორგი მელუამ, ია დიაკონიძემ და სხვებმა. ფოტოაპარატი არ მქონდა, ამის გამო სურათები უხარისხოა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით

ანდრიას ისტორიებიდან

ანდრიას ისტორიებიდან

პატარა ნერგი 

ანდრია მშობლებს ხშირად მიჰყავთ პაპა-ბებიასთან სოფელში. აქ კარგი ჰაერია, საკვებიც უკეთესია, ჯანმრთელი გაიზრდებაო. პაპა-ბებიასაც უხარიათ შვილიშვილი მათთან რომ არის, ამაზე კარგ საქმეს რას გავაკეთებთო, ანებივრებენ ბავშვს, ყველა სურვილს უსრულებენ. მაგრამ ანდრია ჭკვიანი ბიჭია, ამით არ თამამდება. პირიქით, ფიქრობს, რახან ასე მაქებენ და მიფრთხილდებიან პაპა-ბებია, მეც სამაგალითო უნდა ვიყოო. პაპას ვენახის მოსავლელადაც დაჰყვება, ყანის, ცხენზე ჯირითსაც სწავლობს, ხეხილის დარგვა-დამყნობასაც.

    ერთ გაზაფხულზე პაპამ ანდრიას დაუძახა:

   - მოდი, ატმების დარგვაში მომეხმარე, ატმების ბაღი უნდა გავაშენოთ!

    მთელი დღე იმუშავეს პაპა-შვილიშვილმა. ყველა ნერგი დარგეს, ერთიღა დარჩათ. 

    - გამხმარია ეგ ნერგი, არ გაიხარებს! - თქვა პაპამ და ღობის იქით მოისროლა. შეეცოდა ნერგი ბიჭს. რა იცი, იქნებ გაიზარდოს კიდევაცო. გავიდა ორღობეში, მოძებნა, ეზოში შემოიტანა და სახლის უკან, განაპირა ადგილას დარგო, თან მიუმღერა;

,,ნერგო გაზაფხულისა,

ჩემი გულის, სულისა,

გაიზარდე, იხარე,

ჩვენც გული გაგვიხარე!"

    ყოველ საღამოს სარწყავით ხელში ჩამოუვლიდა ანდრია ნერგებს, მორწყავდა, თავისი პატარა ნერგიც არ ავიწყდებოდა, სახლის განაპირას მდგარი. ხელს გადაუსვამდა გლუვ ზედაპირზე, მოეფერებოდა. 

    ატმების ბაღი მალე გაიზარდა და აყვავდა კიდეც. პატარა ნერგი კი ჯიუტობდა, ნიშანი არა და არ გამოჰქონდა. ერთ გაზაფხულზე ბებიამ შემოიხედა ანდრიას ოთახში და ახარა:

   - შენმა ხემ ყვავილები გამოიღო, წამოდი ნახე, რა უცნაური ფერი აქვს, კვასკვასა   წითელი.        ცოტა ხანში ანდრიამ თავის გაკვირტებულ ხესთან მიირბინა, მალე პაპაც მოვიდა, ბებიაც იქვე ტრიალებდა, 

   - რა ხილია?-  გაკვირვებული ეკითხებოდა პაპას. წვერი მოიფხანა ვანო პაპამ და წარმოთქვა:

  -  მგონი იაპონური ალუბალია! ფილმებში მინახავს!

 საოცრად ხასხასებდნენ ხის ყვავილები, ბრწყინავდნენ და ანათებდნენ. 

    სახლში გაიქცა ანდრია. კომპიუტერს მიუჯდა, გადაათვალიერა  ხეხილის ყვავილები, ინტერნეტში ბევრი აღმოაჩინა.  მართლაც, მისი ხე იაპონური ალუბალი, საკურა აღმოჩნდა. 

  უკან დაბრუნდა ანდრია და პაპა-ბებიას ახარა:

   - ინტერნეტში ვნახე, მართლაც იაპონურია ალუბალია, საკურა ჰქვია თურმე.

   - ახლა კი გამოგვადგა ეგ კომპიუტერი, კიდევ კარგი, გადაარჩინე! - ღიმილით უთხრა პაპამ  - ახლა ამითაც თავს მოვიწონებთ, ასეთი ლამაზი ხე რომ იდგება ჩვენს ეზოში. 

    მალე გაიზარდა საკურას წითელყვავილა ხე, ყველას თვალს სტაცებს. პაპა ყველას უყვება იმ ამბავს, როგორ გადარჩინა ანდრიამ საკურას ნერგი. ანდრია არ წყვეტს ხეზე ზრუნვას, რწყავს. როცა თაკარა მზე ანათებს ცაში და ხშირად უმღერის:

,,ხეო გაზაფხულისა,

მალამო ხარ სულისა,

გაიზარდე, იხარე,

ჩვენც გული გაგვიხარე!"

მაია დიაკონიძე

1.03.2024 წელი




Friday, March 1, 2024

გაგიავდრდები

გაგიავდრდები!


გაგიავდრდები, წვიმად წამოვალ, თქეშად

და გადაგმალავ მზის ჭიატს სათუთ მკერდში,

რომ დაადგები შენი სახლისკენ თემშრას,

უნდა გამოგყვე და არავინ ჩემს მეტი.


გაგიავდრდები, შემოგეხვევი წვიმად,

და შეგაფარებ ლურჯი ნაძვების  ტყეში,

დილით, როდესაც ქოხში მზის სხივი მივა,

გაგახსენდება?! რომ დაივანე ჩემში!