Monday, December 4, 2023

 Janina Xergiani

ამდენი ქალის ნატვრა ხარ,
შენ კი გვერდს კატით იმშვენებ?
გირჩევ მთავარმა არ ნახოს,
თორემ ,,ეჭვებს" ის გიჩვენებს😳
ჩამოგინაყავს ცხვირ-პირს და
ნახავ შენ რასაც ის იზამს,
იკმარე ვინაც გვერდით გყავს,
შენს გულს ვინც კრძალვით იზიდავს.
👏😳💕💕💕
პატივისცემით ჩემგანაააა

ელგუჯა ციგროშვილი
წვლილის მოწინავე შემტანი
Janina Xergiani კაფია~კომენტარის პასუხად ჯანინა ხერგიანს :
( ფშაურ კილოზე .)
1 . ეს რა აზრები გაწუხებს
ჯანი ,~,,ბრძენო და ჭკვიანო"...
თუკი ჩემ გვერდით ფისო წევს ,
ვის რა აქვს საეჭვიანო ?!
2 . კომენტარ გადავიკითხე ,
ვთქვი : ამან მთლად
,,გააფრინა,"
კატა თუ გვერდით მომიწვა ,~
მადონა თუ საბრინა ?
3 . ქალიც მომიწვეს , ვის უკვირს ,
მზეზეც კი არი ჩრდილია...
არ დაგავიწყდეს , ,,წაწლობა,"~
ფშავლების მოგონილია .
4 . შენ ფშავს და ფშავლებს
რად იცნობ ,
სხვა კუთხედა და სხვა ტომად ?
საფშავლოს არა ჰყოლია
ქალი , მთავრად და ბატონად .
5 . ალბათ სვანეთში ეგრეა ,
თუმც მე არა მაქვს ნახული ...
გვითხარ , შენ
რამდენჯერა გყავ
შენ ქმარი ,,ჩამონაყული ?"
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
3 . 12 . 2023 წელი .

Tamar Bourne
წვლილის მოწინავე შემტანი
Maia Diakonidze ელგუჯა ციგროშვილს :
ვაი, ეს რა დრო დაგვიდგა,
კაცმა ირჩია "ციცა",
იმ კაცს დაეწვას სახნისი,
ქალს უღალატებს ვინცა!

ელგუჯა ციგროშვილი
წვლილის მოწინავე შემტანი
Tamar Bourne კაფია~კომენტარის
პასუხად თამარს :
( ფშაურ კილოზე )
1 . ვწერ: ,, მუდამ მარტო
ვიძინებ ,
ტყუილადა გღრღნის
ეჭვია "...
სად ნახე ქალის ღალატი ,
კბილი რომ დაგიკრეჭია ?
2 . ვეფხვი რომ მეთქვა , იქნება
ეჭვმა დაგიწყოს თარეში ...
,, ციცაზე " ეჭვიანობა ?
,, ვეფხისტყაოსნის " მხარეში ?
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
3 . 12 . 2023 წელი .

Janina Xergiani
ასაკიანს და გათხოვილს, არ უხდება ანცობა,
მითუმეტეს კაფია და კაფიით წაწლობა,
დამითმია ასპარეზი ტყუილად ნუ ირჯებით,
იცხოვრეთ სულ უიმედოდ სიყვარულის იჭვებით
.
Tamar Bourne
წვლილის მოწინავე შემტანი
ელგუჯა ციგროშვილი ვინ რა ვიცით, იწაწლეთ 
თუ შემოგეხსნა ხვანჯარი,
დავიჯერო, მართლა იდო
თქვენ ორს შორის ხანჯალი?




ელგუჯა ციგროშვილი
წვლილის მოწინავე შემტანი
კაფია~კომენტარის
პასუხად თამარს :
( ფშაურ კილოზე )
1 . კაფიისთვის , ეს თემა ,~
მართლა ამაზრზენია ...
არ ველოდი , თუმც თქვენგან
კიდევ დამხვდა ,, ძღვენია ."
2 . სურათს დავცქერ ,
თქვენს შუა ,
ვერც მე ვნახე სამანი , ~
ისე ჩახუტებიხართ
შენ და შენი ,, შამანი !"
3 . პასუხს გიწერ , არ მინდა ,
რომ გეგონო ჯანჯალი ...
ეხლა თქვენ თქვით ,
თქვენს შორის
თუ ,, ეტევა ხანჯალი ?"
4 . კაფიობა თუ გიყვარს ,
ლექსის თემა შეცვალე ,
თორემ ეჭვის ხეივანს
შეეფარვი შენც მალე .
5 . ეს კაფია ჩათვალე ,
ნიშნად შერიგებისა ,
მოკითხვები გადაეც , ~
,, შამანსა " და ,, რეგისა !"
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
3 . 12 . 2023 წელი

Janina Xergiani
დამესიეთ ინტერესში ჩავარდნილი ქალები,
სვანი ვარ და ჩემს სულს ისეც ვუმკურნალებ უწამლოდ,
არც მსუბუქად არ მიპრაწავს იქეთ-აქეთ თვალები,
ზოგისაგან განსხვავებით მიცხოვრია უწაწლოდ.

Janina Xergiani
ელგუჯა ციგროშვილი მთაში მუდამ ერთგულებაა და ღალატის არ ცნობა,
მოყვარეს მტლად ედებოდნენ, სტუმარს ღმერთს უწოდებდნენ,
რას მიქვია სხვისი ქალის არშიყი და წაწლობა.
ვინმე ფეხს თუ წამოკრავდა, ყველას გზებს უსწორებდნენ...
მზე და მთვარე მეგზურობდა სვანეთსა და მთის სოფელს,
სადაც მუდამ კრძალვა იყო ქალისა და კაცისა,
გათხოვილი ედრებოდა სისპეტაკით ღვთისმშობელს,
ცოლიანი მახვში იყო მტრისა და მოყვარისა.

ელგუჯა ციგროშვილი
წვლილის მოწინავე შემტანი
Janina Xergiani მერე , ვის უხსნი მაგას ? შენ თვითონ არ დამიწერე :
,, კატა თუ გვერდით მოგიწვა და ის ,,მთავარმა " ნახა , იეჭვიანებს , ცხვირ~პირს ჩამოგინაყავს და ნახავ შენ რასაც გიზამსო "... შენი ნათქვამით რა გამოვიდა , სვანები , ათეული საუკუნეები კოშკებში , თავის საქონელთან ერთად თვეები ცხოვრობდნენ და ცოლები ჰყარაულობდნენ კატებს , რომ ქმრის საწოლზე არ ასულიყვნენ , თორემ ქმრებს ცხვირ~პირს ჩამოუნაყავდნენ ?
კომენტარზე მე გიპასუხე , რომ ჩვენთან ქალები , კაცებს არა სცემენ ...
შენ სხვა ქალების ლანძღვა დაიწყე , ამ დროს ხმა არავის გაუცია და არც შენს კაფიაზე მიუწერიათ რამე .


ავტ. სტალინი, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილი

 

🔸️,,მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე,
თუკი საწუთროს მე მორჩილი - შენში მომანდობ,
თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე,
შენგან იმედი - შემოქმედად უნდა მომმადლო.
💓არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს,
და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც,
შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე
და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.
✝️ ️ჟამი მიმწუხრის, წასასვლელად უნდობლად მიხმობს
და მხოლოდ შენში მივენდობი ჩემს ბედს გამრიგედ,
თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს,
ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ, ვით დღეს ხვალინდელს..."🙏💞

ვითომ სახუმარო!, ჩანახატი

ვითომ სახუმარო!
ობობასავით გამოვძვერი ჩემი სახლიდან, მრავალი ფეხით უფრო გამიადვილდება მეთქი წერეთელზე სიარული. იცით, ალბათ, აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხან ერთი ფეხი ჩამივარდა ორმოში, ხან - მეორე, დანარჩენი ფეხებით ძლივს ამოვეზიდე იქიდან, გზა განვაგრძე, ავტობუსში ასვლას აზრი არ ჰქონდა, მოძრაობა გაჩერებული იყო ორივე მხარეს, ისევ ელექტროდეპოს ხიდზე გადასვლა ვარჩიე, კიბეების კასკადი დამხვდა წინ, როგორც ადრე, უკანა ფეხებით დავეყრდენი ქვედა კიბეს, ახტომა გადავწყვიტე, მაინც ობობად წარმოვიდგინე თავი, მაგრამ არა ეგრე საშიშიაო, მითხრა ჩემმა ობობამ, ჯერ ქსელი გავაბათ, თავი დავიზღვიოთ, მერე ავხტეთ ზევითო. მაგის დრო სად მქონდა, ქსელების გაბმის, ისევ ადამიანობა ვარჩიე და ქოშინით გადავირბინე ხიდი. მეტროში შევვარდი, დანიშნულების ადგილზე რომ დროზე მივსულიყავი. ამის მერე, ნურავის ეწყინება, რომელიმე საღამოზე ან ღონისძიებაზე თუ ვერ დავესწარი. მგონი მალე ფრინველად გადაქცევა მომიწევს რომ თქვენამდე მოვაღწიო და ჩაგეხუტოთ, მაგრამ მეშინია,რომ ვერ მიცნოთ ახალი სახით!
მაია დიაკონიძე
4.12.2023 წელი

გამონათვამები

 ზრდილობა სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი ადამიანს, ვერ ასწავლი, ადრე თუ გვიან, თავის ვირობას გამოამჟღავნებს!

,,სიცივე მაფხიზლებს!"

 ,,სიცივე მაფხიზლებს!", მითხრა დღეს სოფომ. მომეწონა ეს სიტყვები.

დიახ, სიცივე ზოგჯერ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ტვინიც აქტიურდება, ოღონდ სიცივის დოზას და ხანგრძლივობას გააჩნია. დაკვირვებიხართ, ალბათ, როგორ უწითლდებათ ლოყები ყინვაში მოთამაშე პატარებს. სიცივეში დიდხანს ყოფნა კი დამღუპველია. ასეა ცხოვრებაშიც. ზოგჯერ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაცივება ბიძგს აძლევს მათ, საგმირო საქმენი ჩაიდინონ, დიდხანს ცივ ურთიერთობებს კი არავის ვუსურვებ, მაინც სიყვარული და სითბოა ყველაზე დიდი ძალა დედამიწაზე!
ო, სიცივევ!
,,არ გიყვარვარ?!" ისე ჩუმად მეკითხები,
მათრობელა ხმით ჩურჩულებ, თითქოს მბანგავ,
აგერ თოვლით დაფარულა ამ მთის თხემი,
მე კი ახლა მომკითხავიც არვინ არ მყავს.
შენ მოგენდო?! შენ არ იყავ კაცის მკვლელი?!
რამდენ ვაჟის, გარდაცვლილის ცოდვა გადევს,
ამ ომებში გაიყინა ალბათ ბევრი,
მათ საფლავებს ახლაც აყრი თოვლის ფანტელს.
ო, სიცივევ, გაალურჯე მთაში ქალი,
ბავშვსაც შენი საცეცი არ დააკელი,
საფირონი ხომ გახადე ლოყა ლალი,
იმ გოგონას, გახსოვს, ერქვა ანაბელი?!
ახლა ჩემი უკვდავყოფა განგიზრახავს?!
ალბათ, გინდა ამ კლდე-ღრეში მასამარო,
ჰო, როდესაც გადვიქცევი ყინვის ლოდად,
ვარსკვლავფიფქიც, გთხოვ, რომ შუბლზე მომაყარო.
მაია დიაკონიძე
6.12.2022წელი

ჩანახატი ,,ტყე შეუნახე შვილებსა!"

,,ტყე შეუნახე შვილებსა!"
ჩანახატი
ტყეში ერთი ბრძენი ბუ ცხოვრობდა. გამოცდილება დიდი ჰქონდა, კარგა ხანი ეცხოვრა უკვე, ამიტომ ხშირად ეკითხებოდნენ რჩევებს ტყის ბინადარნი. ისიც ყველას პასუხობდა. მაგრამ ერთ დღეს საშინელი გაჭირვება დაუდგათ ცხოველებს და ფრინველებს. ადამიანებმა იწყეს მათ სამყოფელში სიარული. ხან ერთი ხე მოჭრეს, ხან - მეორე. რჩებოდნენ ცხოველები უბინაოდ. ფრინველები - ბუდის გარეშე. აგერ შაშვი აცრემლდა, რაღა ვქნაო. იქით ციყვი მიიყუჟა უცხო ადგილას, სად წავიდეო. შეკითხვები ბევრი იყო, სხვა ტყეებში იწყეს გადასვლა ტყის ბინადრებმა. ბუ ხომ ვერავის სცემდა პასუხს: რა იცოდა, რა რჩევა მიეცა, არც ის იცოდა, რას ფიქრობდა ადამიანი?! მაშინ გადაწყვიტა ღმერთისთვის ეთხოვა დახმარება. ბევრი იფიქრა, რა ენაზე დაეწერა წერილი და ბოლოს გადაწყვიტა ქართულად და იცით რატომ?! ქართული ხალხური ანდაზა გაახსენდა: ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამაა, შენი ვალია!"
ისმინა ღმერთმა ცხოველების და ფრინველების თხოვნა, შეწყდა ტყის კაფვა, ადამიანებს მხოლოდ ავადმყოფი ხის მოჭრის უფლება ჰქონდათ, მის მაგივრადაც ახალი ხე უნდა დაერგოთ. ბრძენ ბუს მადლობა გადაუხადეს მადლიერმა ფრინველებმა და ცხოველებმა. ამიტომაა, ასე ლამაზად რომ შრიალებენ ხეები საქართველოში, ბრწყინავენ და ელვარებენ დღისით მზის შუქზე, ღამით - მთვარისაზე.
ქართველი კაცი კი დღესაც მღერის, თითქოს ტყე ბუბუნებს:
,,ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!."
მაია დიაკონიძე

4.12.2023 წელი

 

ბავშვობიდან რაღას გამოვრბოდი?!

 თუკი ბაღში ვარდი ვერ ყვავილობს,

თუკი  ჩამომწყდარა წყალზე ბონდი,

ბულბულს რომ აჯობოს, ყვავი ცდილობს,

ბავშვობიდან რაღას გამოვრბოდი.


ბებია მურაბას მიხარშავდა, 

ყველაფერს მერჩია ალუბალი,

ბაბუ სარს უთლიდა ცვრიან ხარდანს,

მე ვიყავ იმათთვის საჩუქარი.


თუკი ბაღში ვარდი ვერ ყვავილობს,

თუკი  ჩამომწყდარა წყალზე ბონდი,

ბულბულს რომ აჯობოს, ყვავი ცდილობს,

ბავშვობიდან რაღას გამოვრბოდი.