Wednesday, October 5, 2022

ცხოვრება მიდის (ფილოსოფიური)

 ცხოვრება მიდის, ვით ოჩანი, ჯახრაკა ცხენი,

ამოვდებთ ლაგამს, ხან მათრახით ვუჭრელებთ ზურგსაც,

თან მიაქვს ჩვენი საპალნე და ოცნება ჩვენი, –

ასე გვგონია, რომ ზეცაში ვიფრინოთ უნდა.


წაიფორხილებს სადმე კლდეზე, ძალიან ვწუხვართ,

არ გვინდა თვითონ გამოვიცნოთ ამის მიზეზი,

და  დავაბრალებთ ყოველივეს ჩვენს მეგზურს თუნდაც,

და სიტყვაც იქნებ ბევრი ვუთხრათ ერთობ ფიცხელი.


ისიც მორჩილად იღებს ჩვენგან ლანძღვა-გინებას,

უნაგირს ვადგამთ, იქნებ იმ დროს წიხლიც მოგვარტყას,

ჩვენ არ ვპატიობთ ხშირად მავანს წყენას მცირედსაც,

მაგრამ მტერს ზოგჯერ დინჯად ვუშვერთ მეორე ლოყასაც.

.





 

Tuesday, October 4, 2022

სალაღობო (სატრფიალო)

 მინდოდა, ბევრი მეკოცნა,

ოი, რა ალში ჩავვარდი,

შენ გიყურებდი მე როცა,

დარდი არ მქონდა არაფრის.


შენზე ფიქრები დამქონდა,

ვენახს რომ ჭიგოს ვაბამდი,

ამ ჩემი გულის საოხად,

გავავსე ყურძნით მარანი.


დავწურე ღვინო წითელი,

ფერებად ავალივლივე,

მერე ჭალაში მივსხედით,

იქა ვსვით, შენი ჭირიმე.




აჩრდილს! (სატრფიალო)

 შემოგეგებე და სიზმრების კარი გაგიღე,

შემოიტანე ყვავილები, ტოტი ლავანდის,

აჩრდილო, ლანდო, აბა ცოცხალს შენ რას გამიგებ,

საუკუნეა უკვე, ალბათ, წარსულს ჩაბარდი.

შენ მეუბნები, რომ სიყვარულს არ გასდის ყავლი,

ის მარადია, უკვდავია, მუდამ დიადი,

მაგრამ რამდენი სიყვარულის ჩამქრალა ალი,

რამდენ სიყვარულს არ ჰქონია კარგი ფინალი.

და შენი სახე მაიმედებს, რომ ის არსებობს,

ის აძლევს სწორედ ამ ცხოვრებას ფერების გამას,

სიყვარული ხომ მერანია, ფიქრი საზეო,

მომავლისათვის მოსაყოლი ჯადოსნურ ზღაპრად.




Monday, October 3, 2022

რა ამინდია?! (სატრფიალო)

მინდოდა, შენთვის მომეწერა, წერას მიშლიან,
ჟღალი ფოთლები, მეფინება, მაცვდება ტანზე,
გამვლელებსა ვთხოვ, მიპასუხონ, რა ამინდია,
- წვიმს, ცივა, თქვენ კი ქალბატონო შილიფად ასე
გამოწყობილხართ, ხომ არ გინდათ პალტო მოგაცვათ
ან წამობრძანდით მანქანამდე,  მიგიყვანთ სახლში,
ასე მომმართავს ჯენტლმენი და,,, მისთვის დონა ვარ,
მაგრამ მიხმობენ შენზე ფიქრები ისევე ქარში.




მინიმა, დაგადნები, სატრფიალო

 დაგადნები, როგორც ფიფქი, ხელისგულზე,

შენი სითბო სიტკბოდ მაქცევს, სხვას რას მიზამს,

და მიიღე კოცნა ჩემი ცხელი ტუჩზე,

ხომ ამართლებს ყველა ხერხი ზოგჯერ მიზანს.

,


ადონისო! (სატრფიალო)

 სად ხარ, ჩემო თვალხატულა ადონისო,

ვით ღვთაებას გმორჩილებ და ნაზად გყვარობ,

 ნუთუ უნდა დამაოსო, მალოდინო,

და არ მითხრა; მომწონხარ და მიყვარხარო.

შენ ერთს გელი აღმაფრენით აფროდიტა,

სისხლისფერი ვარდ-ყვავილი მადევს გულზე,

სიყვარულის ძალს და ვნებას შენ მომიტან,

ეს ყოველი სიზმარეთში ვნახე წუხელ.


,





Sunday, October 2, 2022

შენ რომ მიყვარდი! (ნინო სპანდერაშვილს!)

შენ რომ მიყვარდი, კი იცი,
ეკალ-ბარდო და ძეწნაო,
აბა, ტკივილის გარეშე, 
სული ვინ გამოძერწაო.

სულს მიბერავდა ნიავი,
გულზე სისხლ, თვალცრემლმდინარეს,
ახლაც, მგონია, მიცანი,
შენც აქ ხარ ჩემო მდინარევ.

ძეწნავ, დაუშვი ტოტები,
მომხვიე, მხრებზე მომხვიე,
სული ცას მიდის ოტებით,
არა გყავს, ვხედავ, მოცილე.

დავსხდეთ და ერთად ვიტიროთ,
ამ კლდე-მთისა და იმ ბარის,
იქნება ღმერთმა გვისმინოს,
კარგად აგვიხდეს სიზმარი.