Friday, January 30, 2026

სადღა არის ჩემში სისხლი?! (პატრიოტული)

სადღა არის ჩემში სისხლი?!
ძარღვებიდან დავიცალე,
სადღა არის ჩემში სისხლი,
ჩემთვის სამი საფიცარის
გამიცუდდა ნათქვამ-ფიცი.
ვერც მამულის დაცვა შევძელ
და ვერც ენის, ესეც ვიცი,
ახლა ღვთის სიტყვაში ვეძებ
შევსებას ამ დანაკლისის.
მაია დიაკონიძე
30.01.2026 წელი






არ დასრულდება ნეტავი?! სატრფიალო

არ დასრულდება ნეტავი?!
იმდენი ტკივილი მოდის,
მაცივ-მაცხელებს ძარღვებში,
ან რა გაუძლებს მოლოდინს,
ამ ქარიშხლიან ღამეში.
ქარი დარაბებს აწყდება,
სნებიანივით ხარხარებს,
ფიჭვების კვნესა არ წყდება,
ქაჯ-მაჯლაჯუნებს ახარებს.
გულში ტკივილად ჩამდგარა
მიმოლეწილი ტოტები,
მეხმიანები ამგვარად,
გულსევდიანი ნოტებით.
არ დასრულდება ნეტავი,
გარეთ ქარიშხლის ღრიალი?!
იქნებ მეღირსოს ნეტარი
გრძნობების ორომტრიალიც.
მაია დიაკონიძე
28.01.2026 წელი

ბეჟო ბეჟიტაშვილის სიმღერის ტექსტი

 მე მინდა რომ საქართველო

ერთიანი და ძლიერი იყოს საქართველო,საქართველო მინდა რომ შენი შენი ხნია ვიყო გაბრწყინდები განათდები გამთლიანდები კვლავ შენ გიმღერებ, და მოვკვდები გულს არ დაგიმალავ მე მინდა რომ საქართველო ისეთი იყო როგორც არასდროს საქართველო სანატრელო მარგალიტი ხარ მთელი სამყაროს გაბრწყინდები განათდები გამთლიანდები კვლავ შენ გიმღერებ, და მოვკვდები გულს არ დაგიმალავ

მინდა ჩემო საქართველოვ,
ერთიანი და ძლიერი იყო.
საქართველოვ, საქართველოვ,
მინდა შენი ერთერთი ხმა ვიყო.

გაბრწყინდები, განათდები,
გამთლიანდები კვლავ,
შენ გიმღერებ და მოვკვდები,
გულს არ დაგიმალავ.

მინდა ჩემო საქართველოვ,
ლამაზი იყო, როგორც არასდროს,
დედასავით სანატრელო,
მარგალიტი ხარ მთელი სამყაროს.

გაბრწყინდები, განათდები,
გამთლიანდები კვლავ,
შენ გიმღერებ და მოვკვდები,
გულს არ დაგიმალავ.

Thursday, January 29, 2026

მინიმა

მინიმა

რა საჭიროა დრამა,
დრო თვითონ ამბობს სათქმელს,
დავრჩებით აქ თუა არა?
გადაწყვეტს ჩვენი საქმე!
მაია დიაკონიძე
29. 01. 2026 წელი

Friday, January 23, 2026

ძმის დატირება

 ავაიმე, ჩემო ძმაო და, 

ჩემო სისხლო და ხორცო,
ჩემო შავ-თეთრო მერანო,
ბოღმა რად უნდა ცოხნო!
მტერი კარზეა მომდგარი,
ჯგროდ გორის ციხის ბოლოს,
ვაჟკაცი მიწაში წევხარ,
გმინვაღა ისმია მხოლოდ.
როგორ დაგჯიჯგნეს ყორნებმა, 
ვეღარ იქნევდი ჰოროლს,
ავაიმე, გმირო, ვაჟკაცო, 
ვინ უნდა გაგიტოლო?!
როგორ უვლიდი ქარაფებს, 
კლდედ ეფარვიდი კოდორს,
ჩამოიღვენთე, გაცივდი,
გულიღა დაგრჩა თოთო.
ავაიმე, სულო დამწვარო,
მტერი ქცეულა კოღოდ,
სისხლისმწოველი თავს გვესხმის,
სახლს გვიწიოკებს როგორ!.
ავაიმე, რაღა ვიდარდო,
რაა ამ ქვეყნის ბოლო?!
ჩამოიქროლე, არწივო, 
შევარდენო და ქორო, 
ქვეყნის და მიწის ერთგულო,
ბოღმა რად უნდა ცოხნო,
ავაიმე, ჩემო ძმაო და, 
ჩემო სისხლო და ხორცო!


Tuesday, January 20, 2026

თოვლის გუნდა (მოგონებებიდან)

  თოვლის გუნდა

(მოგონებებიდან)

დედას ყვავილები უყვარდა და აივანზე მიწით სავსე ხის ყუთები გვედგა. რა არ ხარობდა ამ ყუთებში: ბალბა, სხვადასხვა ფერის ვარდები, ასტრები, გეორგინები. ჩემს ბავშვობაში თბილისში ბლომად თოვლი მოდიოდა და აივანზე მდგარი ყუთები და ქოთნებიც თოვლით იფარებოდა. იმასაც ვახერხებდით პატარები, რომ აივანზე პატარა თოვლის ბაბუა ჩაგვედგა ხოლმე. სარეცხი რომ გაეკიდა დედას, ხელს უშლიდა ჩვენი ნახელავი, ამიტომ რომელიმე ქოთანში გადაიტანდა ხოლმე, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით და ეზოდან კარგად ჩანდა ჩვენი თოვლის კაცი. ქუჩიდან ყველა ხელისაწევით ესალმებოდა. ყინვები მაშინ კარგა ხანს გრძელდებოდა, ჩვენი თოვლის ბაბუაც მედგრად იდგა ხოლმე და გვილამაზებდა ბავშვობას, სტაფილოს ცხვირით, შავი ღილების თვალებითა და წითელი ძაფის ყურებამდე გახეული პირით. ერთხელაც თოვლმა ლღობა დაიწყო, თოვლის ბაბუას ადგილზე ერთი დიდი გუნდა დარჩა, ზედ დარჩა სტაფილო, შავი ღილები და წითელი შალის ძაფის ნაგლეჯი, თითქოს შიგნით ჩაეზარდა. არა და არ დნებოდა თოვლის გუნდა, შავ თვალებს აკვარკვალებდა, სტაფილოს ცხვირიც ადგილზე ჰქონდა და წითელი ძაფიც პირივით მისდევდა სახეზე.
ერთხელ სტუმარი მოგვივიდა. შეზარხოშებული აივანზე გავიდა და მალევე გაფითრებული სახით უკან შემობრუნდა. - იქ აივანზე მოჩვენებაა...- ძლივს წაილუღლუღა. დედ-მამა მაშინვე გაიქცა აივანზე, ჩვენ სახლში მივიმალ-მოვიმალეთ. მალე დედა სიცილით შემობრუნდა უკან: - თოვლის ბაბუას ნარჩენებია, - აუხსნა სტუმარს, - ეს ერთი გუნდა დარჩა და არა და არ დნება...
ყველამ ბევრი ვიცინეთ, მას მერე იმ თოვლის გუნდას ,,მოჩვენება" შევარქვით, ,,თოვლის გუნდა - მოჩვენება", ასეთი მაინც არავის ეყოლება, ასე მგონია.
მაია დიაკონიძე
17.01.2025 წელი

ვიცვლებით!


ვიცვლებით!
ვიცვლებით, სისხლისგან ვიცლებით,
დრო გადის უჟმური ჟამიდან,
აღარ გვწამს წყალწყალა ფიცების,
იმედი იყო და წავიდა.
თოვლივით ქათქათა სიყვარულს,
დღეს ვხედავ, რომ ყავლი გასვლია,
ისევ იმ ძველ ზღაპრებს მიყვები,
მე ყინვის ბურუსი მაცვია...
მაია დიაკონიძე
18.01.2026 წელი

Monday, January 19, 2026

მაიას რჩევები

 ადამიანებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა და მინდა რჩევებიც მივცე ახალგაზრდებს.

მაიას რჩევები:
1. ახალგაზრდობაში დროს ვკლავდი, არ ვიცოდი რაში დამეხარჯა, დღეს ვცდილობ დრო გავაცოცხლო, რაც შეიძლება მეტი მოვასწრო, ამიტომ გაუფრთხილდით დროს. ყველაზე დიდი განძია ამქვეყნად ღვთისგან ბოძებული.
2. დადებული პირობა, მიცემული სიტყვა ყოველთვის შეასრულეთ, რომ სხვას გული არ ატკინოთ, ვიღაცა ხომ ელის მათ შესრულებას, აუცილებლად მოგეკითხებათ. არის შემთხვევები, რომ პირობის შესასრულებლად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგომნი დაბრუნებულან.
3. მატერიალურის დევნაში ბევრს ავიწყდება სულიერებაზე ზრუნვა: ავიწყდებათ მშობლები, და-ძმები, ახლობლები და ნათესავები, არადა რამდენი ადამიანი კვდება ჩვენს ნატვრაში, ნეტავ ერთხელ დამანახაო, ვიყოთ ყურადღებიანები, ზოგჯერ ერთ თბილ სიტყვას შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი.
4. ნუ მისცემთ ნებას შურს და სიძულვილს თქვენზე გაიმარჯვოს. აპატიეთ, მტერიც რომ გეგონოთ, ამით თქვენს სინდისს დაიმშვიდებთ და ეს საქციელი შეიძლება იმ თქვენთან დაპირისპირებულ ადამიანსაც გამოადგეს. თქვენ თვითონ გადადგით ნაბიჯი შერიგებისაკენ.
5. ნუ გააკეთებთ ცუდ საქმეს, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, სხვა დროს და სხვა ადგილას, თქვენ თუ არა, შვილებს და შვილიშვილებს, ,,ბებიას ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს კბილი მოკვეთაო", ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი.
6. თუ თქვენ ყველას სიყვარულით უცქერით, გიყვართ ყოველი სულდგმული, თქვენ ბნელში მდგარი სანთელივით ხართ, გზას უნათებთ გარშემომყოფებს, დარჩით ასეთად, სამყაროს ჭირდება თქვენნაირი ადამიანები.
7. სხვისი არაფერი გინდოდეთ, ნუ მოიპარავთ, ნუ წაართმევთ. იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე გგონიათ, თუ ფულს არა, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. მშივრების და იმედწართმეულების სულები არასოდეს დაგტოვებენ.
8. ჩვენი სიცოცხლე სამყაროსთვის რამდენიმე წუთია, გავლიოთ სიკეთის კეთებაში, არავინ იცის, ვის როდის მოგვივა აღსასრული. კარგად მაინც მოგვიხსენიებენ სიკვდილის შემდეგ.
9. ვაკეთოთ საყვარელი საქმე, თუნდაც წუთები დავუთმოთ მას დღის განმავლობაში, შეიძლება მან უფრო მეტი წარმატება მოგვიტანოს, ვიდრე ძირითადმა, რასაც შემოსავლის წყაროდ მივიჩნევთ.
10. იმქვეყნად არავინ არაფერს წავიღებთ, ვერც სასახლეებს, ვერც მიწებს, ვერც ბიზნესს, შვილები და შვილიშვილები კიდევ რას იზამენ, არავინ იცის, ამიტომ ჩვენს სამშობლოს მოვახმაროთ ქონება და სიმდიდრე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, ისტორიაში მაინც ჩაიწერება ჩვენი სახელები.
მაია დიაკონიძე
18.01.2025 წელი

Saturday, January 17, 2026

სიკვდილის გადაფიქრებაც შეიძლება... ესსე

 გუშინ პოსტი წავიკითხე, გულისმკვლელი. ახალგაზრდა ქალი წერდა, დედას დაბადების დღემ უღიმღამოდ ჩაიარა, არავინ მოსულა, მამამ ერთი მეზობელი მოიწვია, ერთად დაულევიათ ყავა, მას, ფეხმძიმეს, ორი წლის შვილთან ეჩქარებოდა და მალე დაუტოვებია მშობლების სახლი. მერე კი სულ გადავიწყებია ეს ამბავი. ეს დღე თურმე დედას უკანასკნელი დაბადების დღე ყოფილა და რამოდენა იყო ქალის წუხილი, რომ მშობელს გრანდიოზული დაბადების დღე არ მოუწყო: დაანთებდა ყველა ოთახში ჭაღებს, ფორტეპიანოზე მის საყვარელ მუსიკას დაუკრავდა, მოიწვევდა ყველა ნათესავს, ნაცნობს თუ უცნობს და ა. შ. რომ დედა გაცინებული და ბედნიერი ყოფილიყო, იქნებ სიკვდილი გადაეფიქრებინაო.

მეც, დადარდიანებულს, ჩემი დის - მედიკოს სიკვდილის წინა დღე გამახსენდა. ჩემთან მოვიდა სტუმრად, საოცრად სევდიანი იყო, ყველანაირად ვცდილობდი გამემხიარულებინა, თავზე ვევლებოდი, ჩემი თავის მიკვირდა, ისე ვნერვიულობდი მასზე. სახე სულ ჩამოღვენთილი ჰქონდა. თუ რამ საუკეთესო საჭმელი მქონდა, გამოვუტანე. მიყვარხარ მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. რაოდენია ჩემი მწუხარება, სიკვდილი ვერც მე გადავაფიქრებინე.
მოვეფეროთ ადამიანებს, გვიყვარდეს ისინი, დავიხარჯოთ მათ წინაშე, არ ჩაგვყვეს დარდი, რომ სიკვდილი ვერ გადავაფიქრებინეთ, არადა, დარწმუნებული ვარ, სიკვდილის გადაფიქრებაც შეიძლება.

დღეს ვემსგავსები!

 დღეს ვემსგავსები!

ზეცის დამრეცზე მზე ჩამოგორდა,
ტაატ-ტაატით ჩადის ის ზღვაში,
ზვირთთა მეუფე უკრავს აქ ორღანს,
თითქოსდა სისხლი მოცურავს ღარში,
ავსებს ფიალას, ტალღების ცეკვას
თუ ვერ ვხედავდი გუშინწინ, გუშინ,
დღეს ვემსგავსები სამოთხურ ევას,
გამჩენი მხატავს კალმით და ტუშით.
მაია დიაკონიძე
10. 01.2026 წელი

აიწყვიტა...

 აიწყვიტა...

აიწყვიტა ასაწყვეტმა,
ვინ დაუშლის, აბა,
არ უშველის აღარც წკეპლა,
არც მუხლქვევითკაბა,
აქეთ-იქით ძაღლის ყეფას,
მისი ღიმი ახლავს,
სხვების ოხვრით ვერა ძღება,
ქალი ვნებით მაფშა.
მაია დიაკონიძე
10.01.2026 წელი
მაფშა - მეგრ. სავსე, ძალიან სავსე

სატირელ-სახუმარო

 სატირელ-სახუმარო

დღეს ერთი ჩვენი ახლობელი დაასაფლავეს, ანევრიზმით გარდაიცვალა, სასწრაფოს ფეხით ჩაუყვანია დაბლა, რა გადაარჩენდა იმ საცოდავს?! როგორც გვითხრეს, ორ ადგილიან საფლავში 18 ათასი ლარი გადაუხდია ოჯახს, ისიც ნაცნობობით, ლამის დეპუტატი ჩარიეს საქმეში, ხომ არის ეს 6 000 ევრო, არადა გაჭირვებული ოჯახია, საფლავსაც გაკეთება ხომ უნდა.
ეს ამბავი სატირალია, მაგრამ ჩემმა გურულმა ქმარმა აქაც აღმოაჩინა იუმორის წყარო. მირეკავს და ანდერძად მიბარებს: რომ მოვკვდები, დამწვით და ფერფლი მტკვარს გაატანეთ, იმ საცოდავს თბილისი უყვარდაო. ჩემი საფლავი გაყიდეთ 10 ათას ევროდ, მაგაზე კარგი რაღა უნდა გავაკეთო ოჯახისთვის სიკვდილის მერეო.

სახუმარო (გურულების ისტორიებიდან)

 სახუმარო

კალანდაა და ერთ ამბავს მოგიყვებით გურულების ისტორიებიდან:
ჩემს ახლობლებლებს წლების წინ ბლომად საქონელი ჰყავდათ და ერთ საღამოს ძროხები არ მოვიდნენ სახლში. ცოლ-ქმარი წავიდა საძებნელად, ეძებეს, ეძებეს, მოიარეს ახლომახლო ტყე-ღრე, როგორც იქნა, იპოვეს და შუაღამეზე შემორეკეს ეზოში. დააბინავეს. თვითონ დაღლილ-დაქანცულები საწოლებზე მიეყარნენ და ათი წუთის დაძინებულზე შემოვარდა პატივცემულის ძმა ყვირილით: -გაიღვიძეთ, თქვე ზარმაცებო, შუადღეა, თქვენ გძინავთ, საქონელი დაგრჩენიათ ეზოში და გარეთ გადავრეკეო. წამოხტა ცოლ-ქმარი, გაიხედეს გარეთ, თეფშივით გადაშლილი ბადრი მთვარე დაჰნათის ქვეყანას, ბრწყინავს, კაშკაშებს.
ძმას იმ ღამით კარგად დაულევია, გამოღვიძებია, ჰგონებია მზე ანათებს, აგერ საქონელი ისევ ეზოშია, გადაურეკია ახალმოყვანილი ისევ ჭიშკრის გადაღმა, ძმას ,,მიეხმარა". ძლივს ასწრებდა, ისე გადაირია საქონლის პატრონი.
ასე იყო ეს ამბავი.

Friday, January 16, 2026

ვითომ?! მინიმა

 ვითომ, ვითომ, ვითომ გიყვარს,

ვითომ ზრუნავ და ერთგულობ,
მაშ, რად არ ჩანს, თუკი გიყვარს,
დაგლეჯილი რად ხარ გულო?!
მაია დიაკონიძე
16.01.2026 წელი

Saturday, January 10, 2026

მე, ქართველს! (პატრიოტული)



მე, ქართველს!
დუმს ჩემი ქვეყანა
და ამ დუმილში
რამდენი ხმაურია,
რამდენი სათქმელი...
მე, ქართველს რომ მიწა მერგო,
იმასაც ვერ მოვუარე,
შინაური გვყავდა სერგო,
მტერს ნახავდი რით უარესს.
ახალი და ძველი მტერი,
როგორ უნდა გავარჩიო?!
ასდიოდა მიწას მტვერი,
სპარს-თურქების პარპაშშიო.
მაგრამ მოსულს შინაურად
ვერ აჯობა შაჰ-აბასმა,
ვუცეკვებდით კინტაურსაც,
ვერ გაჭრა ვერც სიტყვაბასრმა.
დაგვასხეპა ბევრი ტოტი,
ფესვის ჭამას რომ შეუდგა,
მივადექით კიდევ ტორტით,
ჩვენთვის კარგი არა უთქვამს.
ბევრი არის კიდევ მნდომი,
სისხლისმსმელი, ლეშჭამია,
წაიქცევა როდის ლომი,
მათთვის ხომ შეჭამანდია.
მაია დიაკონიძე
9.01. 2026 წელი

მინიმა

თოვლი მოდის,  მოფრთხიალე ფარვანა,

დედამიწა ფანტელებმა დაფარა,

– ხვალ, არ ვიცი,  ან მოვალ და ან არა, –

მოიმღერის  ციდან ფიფქი ფარფარა.

მაია დიაკონიძე

12.05.2025 წელი




.






Thursday, January 8, 2026

ნაკვალევი თოვლში,მინიატურა

                                ნაკვალევი თოვლში                 

 -, გუჯა, ჩააკითხე თამრიკოსა, ერთად ვისაუზმოთ, რაით არა ჩანს ეს გოგო?! - ეუბნებოდა მამა შვილს, თან თვალით აჩვენებდა, დროზე წადიო. ცოლს მაგიდა უკვე გაეწყო და ქმრის ბრძანებას ელოდებოდა, სუფრასთან მოეწვია შვილები. 

  - რა ქნას, ისვენებს, ქალაქიდან კვირაში ერთხელ ჩამოდის ხოლმე, დააძინეთ ეს ქალი, როცა უნდა, მაშინ ამოვა. - სიყვარულით  ამბობდა ცოლი.

- ამ სიცივეში, მთელი ღამე თოვდა, ან ბუხარი როგორ დაანთოს, ან საჭმელს როდის გააკეთებს?! ამოვიდეს აქ იყოს... - ნერვიულად იწიწკნიდა ულვაშებს სტეფანე. 

- ჩავალ, მამი, ნუ ნერვიულობ - უთხრა გუჯამ მამას, ზევიდან არც არაფერი მოიცვა, პულოვერით  და ყელზე მოხვეული შარფით ჩაირბინა კიბეები, ქვევიდან გელას - ძმას ანიშნა, შენც წამოდიო, მაგრამ იმან, დედას ვეხმარები კაკლის დატეხვაშიო, მოიმიზეზა,  მარტო ჩაუყვა გზას. დიდი თოვლი დაედო. სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმოდა. კაცის ჭაჭანება არ იყო.

ფრთხილად მიუყვებოდა ახალგაზრდა ოღრო-ჩოღრო ბილიკებს. 800 მეტრი იყო თამრიკოს სახლამდე. რამდენიმე წუთში დაფარა მანძილი.

   ჭიშკართან დაიძახა: - თამრიკო, გღვიძავს, მამა გეძახის, ამოდი, ისაუზმეო. 

  თამრიკოს თავი გამოჩნდა მეორე სართულის ფანჯრის მინაში, ძლივძლივობით გააღო ფანჯარა, თოვლს ჩაეჭედა.

  - გუჯა, ჩავიცმევ და წამოვალ, აბა, აქ რა ვაკეთო მარტომ?!

- კარგი, კარგი, - გამოეხმაურა ბიძაშვილი. სახლამდე ძლივძლივობით მიაღწია, - ნიჩაბი სად არის? ცოტა გავათავისუფლებ თოვლისგან ეზოს, ჭიშკრამდე ბილიკს გავკვალავ. - უთხრა.

--  მანდ არის სადღაც მიყუდებული, კედელთან პირველ სართულზე. - დაუძახა ქალმა.

- სანამ მოემზადები,  საქმეს გავაკეთებ. 

- შვილები რომ მყავდეს, ხომ ისინი მოაგვარებდნენ მაგ საქმეს, - სინანულით წარმოთქვა ქალმა. თვალებში ცრემლი აუკიაფდა. - ბავშვების ნაფეხურებით იქნებოდა ეზო სავსე.

  - რა გიშლის მერე, გოგო, გათხოვდი, - შეუძახა ბიძაშვილმა. - ჭკუა გაკლია თუ სილამაზე, იმ შენს უნივერსიტეტში ერთი კარგი ბიჭი ვერ იპოვე?! 

- ვერა, ვერ ვიპოვე. - გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ქალმა.

   ცოტა ხანში ბიძაშვილები აღმართს შეუყვნენ. 

  გავიდა წლები. მძიმე სენმა წაიყვანა იმქვეყანას ქალი. სახლს წლების მანძილზე არც მომვლელი გამოუჩნდა და არც პატრონი. თოვლს ჩაეზნიქა სახურავი, გადაეფარა ეზო.

 - ბიჭო, ნიჩბები გადმოიღე, - დაუძახა მამამ შვილს. - სახლი გადავთოვლოთ, არ ჩაინგრეს სახურავი, დედაბოძი თუ წაიქცა, რაღას ვუშველით?!

  პატარა თამრიკომ გაღებულ ჭიშკარში შეაბიჯა. 

- მამა ეს სახლი ვიყიდეთ?! - არა, მამა გენაცვალოს, გვაჩუქეს კეთილმა ადამიანებმა, წასაქცევად დაენანათ, ეტყობა, - დაუძახა მამამ და ნიჩბები შეიტანა ეზოში.  პაპა უკვე სახლის სახურავზე ამძვრალიყო. 

     თამრიკომ პატარა ძმას ჩაჰკიდა ხელი და თეთრ თოვლში მათი პატარა ნაკვალევიც გაჩნდა. ღმერთმა ამრავლოს...

  ციდან ლოცავდა თამრიკო პატარებს.



  



  - 


Wednesday, January 7, 2026

ჩემი ნაწარმოებების სია, 2025 წელს გამოცემული

 ჩემი წლევანდელი ლიტერატურული მოღვაწეობის შედეგები მინდა გამოვიყვანო, გადავხედე-გადმოვხედე, დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი, ვერანაირი ჩინ-მენდლები ვერ მივიღე, არც დიდთა ამა ქვეყნისათა ყურადღება არ დამიმსახურებია, ჩემთვის, მშვიდად ვეწეოდი ჭაპანს, აღარ ვდებ ლექსებს აღარც ლიტერატურულ ჯგუფებში, 20-25 მოწონება თავის შეწუხებად არ ღირს, იშვიათად ვესწრები სალონური შეხვედრებსაც ( ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს).

რაც მთავარია, ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი მოღვაწეობა ,,ლიტერატურულ საქართველოში",
1. ჩემი მოთხრობები: ,,მგებრები (ერთი ფშაველი კაცის მონაყოლიდან)", ,,გიჟი",,,ხელახალი გამოცდა", ,,საავადმყოფოში", ,,მაზუთა" გამოქვეყნდა ,,ლიტერატურული საქართველოს" 2025 წლის 2 ივნისის N4 (4100) ნომერი
2. ,,თამაზ წივწივაძე - უკვდავთა ბატალიონის მეთაური", რომელიც ბატონი თამაზ წივწივაძის ხსოვნას ეძღვნება, 2025 წლი 14 ივლისი N6 (4102)
3. ,,ინდივიდი, მასა და ბელადები: თავისუფლების ფასი", ჯემალ ქარჩხაძის ,,იგის" მიხედვით, 2025 წლის 17 ნოემბერი, N 15,(41111)
4. ,,ლალი ღაჭავას ,,საფრთხობელა-მაფრთხობელა და სხვა ამბები" - თანამედროვე ქართული ზღაპარი", 2025 წლის 22 დეკემბერი, N 17 (4113)
მინდა მადლობა გადავუხადო ქართველი მწერლის - თემურ აბულაშვილის მეუღლეს - ნონა მაქაცარიას, რომელმაც დაწერა რეცენზია ჩემი ლექსების კრებულზე: ,,რა იცის ქარმა?!" -მაია დიაკონიძის პოეზიის დრო-სივრცობრივი განსაზღვრებანი", გამოქვეყნდა 2025 წლი 25 აგვისტოს N9 (4105) ნომერში
ასევე ნაყოფიერი იყო ჩემი შრომა საბავშვო-ლიტერატურულ ჟურნალ ,,დილაში", ამა წლის თორმეტივე ნომერში გამოქვეყნდა ჩემი მოთხრობები და ზღაპრები:
1. ,,ენძელა", 2025 წელი, N1, გვ.3
2. ,,ბებიას სარკე", 2025 წელი, N2, გვ.14
3. ,,ბელას ვარდისფერი ფეხსაცმელი", 2025 წელი, N3.. გვ.15
4.,,სოფელი ბუსუსეთი", N, 2025 წელი, N4, გვ. 20
5. ,,ეშმაკის ბორბალი", ვარდისფერფეხსაცმლიანი გოგონების ისტორიის გაგძელება, 2025 წელი, N5, გვ. 18
6. ,,სიყვარულის ღიმილაკები", ვარდისფერფეხსაცმლიანი გოგონების ისტორიის გაგრძელება, 2025 წელი, N6, გვ.9
7. ,,ზღაპარი ცისარტყელაზე (სლავური ზღაპარი), თარგმანი მაია დიაკონიძის, 2025 წელი, N 7, გვ. 18
8. ,,წითური ძიძა", 2025 წელი, N8, გვ. 8
9. ,,ტყაპუნა წვიმა", 2025 წელი, N 9, გვ. 20
10. ,,შემოდგომის ფოთლები", 2025 წელი, N 10, გვ. 20
11. ,,ანდრია და ქარი", 2025 წელი, N 11, გვ. 13
12. ,,ყველაზე ლამაზი ტორტი", 2025 წელი, N 12 .
დიდი მადლობა ,,ლიტერატურული საქართველოს" და ჟურნალ ,,დილის" რედაქციას, რედაქტორებს: ჯუბა ღებელს და თამარ ნინიკაშვილს, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს, ქალბატონ დოდო წივწივაძეს, ელზა მეტრეველს და სხვებს ჩემდამი გამოჩენილი ყურადღებისათვის.
რუბრიკაში: ,,ფიქრი და განსჯა" ჟურნალი ,,ანეული", N 3, 2025 წელი, დაიბეჭდა ჩემი პატარა წერილი ,,ყველამ ჩვენ-ჩვენი სვეტიცხოველი უნდა ავაშენოთ...", მადლობა ჟურნალის რედაქტორს - თამარ შაიშმელაშვილს.
ასევე ზოგიერთი ჩემი ლექსები გამოქვეყნდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოცემებში.
წელს ჩემი რედაქტორობით გამოიცა ემიგრანტი პოეტის - ელგუჯა ციგროშვილის 500 გვერდიანი წიგნი: ,,სადაც კი დავალ, საქართველო დამაქვს სხეულით", რომელშიც ლექსებთან ერთად შესულია ფშაური კაფია-გალექსებანი.
სასიხარულო იყო ასევე, რომ ,,ქუჯის" დაჯილდოვებაზე შედგა ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერის: ,,ჩემი სახლი" პრემიერა , კომპოზიტორი: ირმა კვაშილავა, მომღერალი-შემსრულებელი - თამთა კაკულია.

რადგან თოვლი...


რადგან თოვლი ...
რადგან თოვლი ასე მშვიდად მოდიოდა,
მეც დიდ თოვლში ფრთხილად ვდგამდი ნაბიჯებს,
თოკს ვაბამდი ცაში ვარსკვლავ ორიონთან,
თითქოს ზეცას გარღვეოდა საჯიბე.
ბრჭყვიალებდა თოვლის ფიფქი ათას ფერად,
ვარსკვლავეთი გაშლილიყო ამარტის,
სად ვნახავდი თოვლს ლამაზს და ასე ფერადს?!
ყვავილასკილს ზედ მაყრიდნენ საფანტით...
მაია დიაკონიძე
1.12.2025 წელი



შობას გილოცავთ, მეგობრებო!

 შობას გილოცავთ, მეგობრებო!

გუშინ ჩემი ჭკვიანი სოფიკო მოვიდა და მითხრა: - დედა, ახლა მივხვდი, რომ პირველი და ყველაზე დასაფასებელი ამქვეყნად მადლიერების გრძნობაა, თუ ეს გრძნობა არ გაქვს, სულ ტყუილია სიყვარული და ბედნიერება. ადამიანი უფლის მადლობელი უნდა იყოს, ამ ქვეყანას რომ მოევლინა და დატკბეს ცხოვრების თითოეული წამით, რასაც ღმერთი აძლევს, იმ სიკეთით, რაც მას მიეცა. მაშინ ბედნიერებაც მოვა, რასაც ყველანი ვესწრაფვით. რა თქმა უნდა, პირველად ამის შესახებ სოფიკოს არ უთქვამს, მაგრამ გამეხარდა, ამ დასკვნამდე თვითონ რომ მივიდა.
გილოცავთ, გილოცავთ, უფალი დაიბადა ჩვენს გულებში!

ვაი, შენ, ჩემო სოფელო! ბედობის დღე

 ბედობას გილოცავთ, ქართველებო, ცოტანიღა დავრჩით, არადა რამოდენაა კავშირი ჩვენ სისხლსა და ხორცს შორის, ორად დავიყავით, პირიქითა ქართელები და პირაქეთა, წასულები და დარჩენილები. როცა სამშობლოს ვტოვებთ, დედაბუდიანად ვიყრებით, ჩვენ ჯვარ-სალოცავს ვტოვებთ, უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი წინაპრები იმქვეყნად ტირიან, რამდენ მათგანს სისხლი აქვს დანთხეული ამ მიწისთვის, რამდენი თქვენგანი იქნება 300 არაგველის შთამომავალი, 6 ათასი მესხის, ძმები ხერხეულიძეების და ა. შ.

იწრიტება სისხლისგან ჩვენი სამშობლო. მახსოვს, ქვაბით წყალი დავდგი ასადუღებლად, უცებ დავინახე, ქვაბში წყალი კი არა, სისხლი დუღდა, მომეჩვენა მეთქი, გავიფიქრე, მეორე დღეს ჩემი და გარდაიცვალა. სისხლის ყივილი თუ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას.
მე ჩემი კლდე-ღრე მირჩევნია სხვის ბაღნარს, ჩემი ქოხი მირჩევნია სხვის სასახლეს. თუ კარგად მოვუვლით, ამაზე მდიდარი ქვეყანა არ იარსებებს დედამიწაზე.
ვაი, შენ, ჩემო სოფელო!
მკაცრ ფერებს ზეცა ამჭახებს,
ცარიელია ეს კალო.
აქა-იქ შაშვი ჭახჭახებს,
მომხვნელიც არ ჩანს აქ ალოს.
სად თავთავს ჩიტი კენკავდა,
დღე წითელ კაბას იხდიდა,
ზარი ხშირ-ხშირად რეკავდა,
დღეს ვერ გამოდის ძილიდან.
ვაი, შენ, ჩემო სოფელო,
ვეღარ გამძღახარ ძილითა,
შენები სალამს გიძღვნიან
შორეულ ამერიკიდან.
მაია დიაკონიძე
15.02.2025 წელი

სახუმარო ისტორია

 სახუმარო:

31 დეკემბერია, ფაციფუცში ვართ, უეცრად გათბობის სისტემა გამოირთო. ვის დავურეკოთ ახლა, ვინ მოვა, ვფიქრობთ?! ერთ ხელოსანს შევეხმიანეთ, ქალაქგარეთ ვარ, სამ იანვრამდე არ ვიქნები ქალაქშიო, მეორეს დავურეკე, შვიდ საათამდე მოვალ აუცილებლად, მისამართი გამოგზავნეო. გავიხარე. გახდა 6 საათი, არ ჩანს. ვურეკავ, მპასუხობს, ახლა მოვიდე თუ მეკვლედ ახალ წელსო. ვითომ ხუმრობს. მე ისტერიული ტონით, ახლა მობრძანდით მეთქი. ავუხსენი, რა პრობლემა აქვს ბაკს, მივხვდი ყველაფერსო. ერთ საათში მოვალო.
რეკავს ერთ საათში, ვუხსნი, მანქანა სად დააყენოს, მეჩხუბა, არასწორედ გამაჩერებინე მანქანა, რას მასწავლი, რაც არ იციო. არ მივაქციე ყურადღება, ერთი სული მაქვს, გათბობის ბაკს შეხედოს. მოიტანა რაღაც ლურჯი ჩემოდანი, რაღაც მოწყობილობა, შავი, პისტოლეტის მაგვარი. ბაკი გახსნა, კლაპანი აქვს გამოსაცვლელი, სამამდე ვერ ვიშოვიო, რისთვის მოდიოდა, ვერ გავიგე, თუ ნაწილები არ ჰქონდა. ჩვენ ბაკს რომ უყურებდა, თან მესენჯერში ვიღაცის ბაკს ათვალიერებდა და უხსნიდა, როგორ უნდა გაეკეთებინათ, სანამ არ შევახსენე, ჩვენც გვეჩქარება მეთქი, ყურადღებას არც გვაქცევდა.
ოჯახში ჭიქა ავაწევინეთ, ისე ხომ არ გავუშვებდით, დაიწყო ბაქიაობა, მე ცოლთან ,,გაიასნებული" მაქვს სიტუაცია, ნარკომანი არ ვარ, მაგრამ ღვინო, დუდუკი და ქალები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახალ წელს ჯერ ოჯახში შევხვდები, მერე გათხოვილ შვილებთან მივალ, მერე მკვდარი ძმის შვილებს მივულოცავ და ბოლოს, ჩემს საყვარელ ქალთან უნდა მივიდეო. სასმელი არ დაულევია, რულზე ვზივარ, ისეთი ცუდი სიმთვრალე მაქვს, შეიძლება ვინმე მოვკლაო. თან გაგვაფრთხილა, სამში პახმელიაზე ვიქნები, დილით დამირეკეთ და შემახსენეთ თქვენი თავიო.
ასეთი პერსონაჟი დიდი ხანია არ მინახავს, გაოგნებული ვუყურებდი.
წავიდა, ათ წუთში ვხედავთ, ის შავი პისტოლეტის მაგვარი მოწყობილობა დარჩენია. ვურეკავ, ბატონო, რაღაც მოწყობილობა დაგრჩათ მეთქი. ვერაფრით მიხვდა, რაზეა ლაპარაკი. მოკლედ, მანქანას გავეკიდე, ეზოდან არ იყო გასული იმ შავი პისტოლეტით. როგორც იქნა, ფანჯარა ჩამოწია, კარგა ჩანს უყურა, ჩემიაო, აღიარა და გამომართვა.
მაგ კაცს როგორღა დავურეკავდი, სხვა ხელოსანი გამოვიძახე სამში, ნაწილები იმ წუთშივე შეუცვალა ბაკს, კი მივეცი 250 ლარი, მგონი ბაკის ფასი, მაგრამ იმ კაცთან საქმის დაჭერა განა შეიძლებოდა?!

Thursday, January 1, 2026

სახუმარო, თვალები აგვიმიმოზა, კაფიობებით, გელა ციგროშვილო, გოჩა ხარანაული, ეთერ ისაკაძე, მაგული ღვინიაშვილი, ირინოლა ტყეშაველი,

 სახუმარო კაფიობებით, შეგიძლიათ ჩაერთოთ კიდეც

თვალები აგვიმიმოზა,
რა ნახა ჩვენმა თვალებმა,
მკერდი, რა მკერდი გვიბოძა,
თვალები აგვიჩარექა.
აბა, რა ნახოს მუნ მეტი,
კაცის გულმა და თვალებმა,
თავზე დაგვასხა ბრუ-რეტი,
გამოგვეცხადა მწვალებლად.
ფეისბუქმომხმარებელი,
როგორც ქვა-ღორღი წალეკა,
თვალ- გულის გამხარებელნი,
ლექსზე ფიქრობენ ნაკლებად.
მაია დიაკონიძე
28.12.2025 წელი
------------------
Gela Tsigroshvili
რა, დროს ლექსია, მაიავ,
ცომიანი აქვ ხელები..
იჩქარე თორო გახდება
ხინკალი გასაცხელები.
-------------------------
Maia Diakonidze
Gela Tsigroshvili
ხინკლითვი ვისა სცალიან,
გადმოყრილი გვაქ თვალები,
მემარჯვენე თუ ცაცია,
ქალს ვახვევთ ჩვენივ ძალებით.
-----------------------------
Gela Tsigroshvili
მერე კაცს გაამტყუვნებენ,
თვალს ვერ აშორებთ ქალები..
ზოგი ისეთა გაილის,
ვნების რო ასდის ალები,
დაწითდებოდენ სირცხვილით,
წარსულში ამორძალები.
--------------------------
Maia Diakonidze
Gela Tsigroshvili
იყვნენ ნამდვილი ქალები,
თუ იყვნენ ამოძალები,
ამირჩიეო, ძვირფასო,
კაცები სთხოვდნენ თვალებით,
ახლა კაცები ირჩევენ,
მაგრამ დავსიათ თვალები,
იმიტომ გადმოუყრია
ქალს რაც აქვს გასათვალები.
-------------------
გიორგი აღნიაშვილი
ქალი კი არა მზეია,
მკერდ საიგავოდ შობილი,
გულს ვნებაც შემომესია,
ძალუმად ფიქრს შემკობილი,
ნეტავ ვისი ხარ ქალაუ,
ვინ ოხრის მკლავზე დასწვები,
მე კი ინტრენეტს ვუმზერ და
საცაა გადავიწვები . . .
-------------------
Sofiko Meqvabishvili
მოდის და მოაქვს ქუჩა მშვენებით
შიშველი მკერდით, გრძელი ფეხებით,
თვალს მოგტაცებს და წამით ჩერდები
მორცხვად თავს ხრიან თითქოს ვერხვებიც.
მოდის, მოაფრქვევს სურნელს ვარდისას,
რამდენი თვალი დააკვდა მკერდზე,
ლამის ის ერთი ღილიც გადიხსნას,
ძლივს რომ უფარავს დაბერილ კერტებს.
არ ენაღვლება კაცების გმინვა
ქუჩას რომ მოსდევს უცხო ხმაურით,
იცის, იქ სადაც სულ მალე მივა
მისთვის ატყდება აურ-ზაური.
ქალაუ, იყავ ქართველი დედა
და მოიხადე დედური ვალი,
ნუ ცდილობ, კაცებს დამართო ბნედა,
ამრავლე ერის შთამომავალი.
-------------------------
Gocha Kharanauli
მზის ბუდე, ვნების მარანი....
დამეთანხმება ღებელი,
ეგ უკვე ქალი არ არის
რძე არის შესადღვებელი!
------------------------
Eteri Isakadze
ვფიქრობ, გაშიშვლდა გრძნობაც და,
ფიქრი აშლია ქარავანს,
წინათ ქალები თავს ხრიდნენ,
ეფარებოდნენ გალავანს.
მე იმათ მხარეს ვიხრები,
თუმც ცოტა, მაგრამ არიან,
ღმერთმა ამათაც უშველოს,
ვინც, (როგორც მათ სურთ,), დადიან!
~-------------------
Amiran Buturishvili
ასე აცთუნა ადამი,
მისივე ძვალმა - ევამა,
თვალები აუხილა და
ადამსაც უფრო ეამა...
----------------------
Maka Mikeladze
დღეს ასეთ ამბავს ვუსმინე
მაღალმა ღმერთმა ბრძანაო ,
ქალს , ყოველ კუთხეში ნახავ,
მორჩილს, წყნარსა და ნარნარსო.
ოთხმხრივ გაიშვნენ კაცები,
წყვილის ძებნაზედ მალნიო,
ვაგლახ რომ ეს დედამიწა,
ბურთივით არის მრგვალიო.
-------------------------
ციცინო ცქიტიშვილი
ბებიაჩემი ამბობდა:
ყველას ყავს თავის მუშტარი;
სიყვარულს მალვა უნდაო,
ჩვენ დაგვიტოვეს უსტარი.
არჩევანი კი ყველას აქვს,
ბურთიც და მოედანიცა,
ვის დაბრეცია თვალები,
ვის ყოფნის ერთი ქალიცა.
-----------------------
Nukri Lobjanidze
სადღა არიან ქალები,
ყველა საბერძნეთს წავიდა,
თვალდაყვლეფილი კაცები,
გაღმა ნაპირზე გავიდა.
ბერძნული ფულით რესტორნებს,
გაუდით გრიალ-გრიალი,
ქალის გარეშე ქეიფი,
კი დავამკვიდრეთ ტიალი.
კაცი კაცს გამოიცეკვებს,
ქალი არა ჰყავს, რაღა ქნას,
როდის გვეღირსოს ნეტავი,
ქალის სურნელით გადაღლა?!!!
------------------------------
Tamar Khomeriki
ქალი ევაა ადამო
მაცდურად აჩენს სანახავს,
თქვენ, სხვის სიშიშვლეს თვალით ხვრეპთ...
ცოლისა გიყვართ დამალვა.❤
....
თქვენ რაღა მოგდის ქალებო
მაშ თქვით, კაცებმა რაღა ქნან?
ნუღარ ჰყვედრით და გაკიცხავთ
სხვისას თუ კრეფენ ხარბადა.❤
....
ისე, სადღა გყავთ ქალები
ფეისბუქზე თუ მონახავთ,
პლატონურ ურთიერთობის
ვაგლახ რომ ხანა დამდგარა.❤
--------------------
Zia Saginadze
რა ლამაზი ხარ ლამაზი,
რომ დააბიჯებ,ცანაზდად,
იქნებ გამოჩნდეს საჯიშე
გულში ჩაგიკრას ანაზდად.
თუმცა თქვენ ფიქრობთ არა გვყავს, ეგ არის მონაგონია,
მთაში გვეწვიეთ გოდერძზე
გამოგიჩნდებათ მდომია.
ამ საახალწლო სიურპრიზს,
განა ვინღაა სწყრომია,
ყოველი წამი წუთისა,
ცხოვრების თანადგომია,
ყვლას გვიმარლოს ახალწელს,
თუ სიყვარული გვქონია,
სასიყვარულოდ სიცოცხლე,
გაუჩენ, მოუგონიათ.
--------------------------
ირინოლა ტყეშაველი
ხომ დაგაშტერათ ქალ- კაცნი,
მკერდშიშველ ქალას ყურებამ,
აბა სხვა რა დაგრჩენიათ,
თვალების დასაპურებლად...
საითაც უნდა გევხედოთ,
სავსეა ფეიბუქიო,
არაფერს გარგებთ შაირით,
ზედმეტი ბაქიბუქიო...
,, სვარკის " ყურებას
გერჩიოთ ლამაზი ქალის ცქერაო,
ზოგს შაგვრემანი მოსწონს და
ზოგსაცა წითურ- ქერაო,
ვიდრე სიბერე მოგისწრებთ,
დაგიბრმავთ ორთავ თვალსაო,
თავისუფალი ეძებეთ,
ცოლს ნუ წაართმევთ ქმარსაო...
თორემ ეს წლები სულ მალე
წაყვება ნიავქარსაო...
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ,
ყველას, ქალსა და კაცსაო,
შაირ-კაფიის ცვენასა,
კიდევ, უღრუბლო ცასაო...
ირინოლა ტყეშაველი
=================
Gela Tsigroshvili
მკერდზე რო ღილი შაიკრას,
არ აცლით ხელის დაბანას..
თუ ასე გული შეგტკივათ,
მიუყვათ დოლჩე გაბანას..
კაცების მესმის, ჯანდაბას,
მალამო არი თვალების,
შურთ თუ ჩვენ მხარეს არიან,
ვეღარა მესმის ქალების?!
-----------------
Maia Diakonidze
Gela Tsigroshvili ღილის შაკვრა რომ ნდომოდა,
ფოტოს არ გადაიღებდა,
რაიღა დოლჩე გაბანამ,
ჩააცვან ავთანდილებმა.
________________
Maguli Gviniashvili
ქალო
ქალო გაგხსნია საკინძე,
გამოგჩენია კოკრები,
ნუ გამახელებ დამინდე
თორემ იცოდე მოვკვდები.
თუ გამაგიჟებ, მოგიტაც
მთაში წაგიყვან მტირალსა
მოგიწყვეტ მინდვრის ყვავილებს
მზის სხივ მოგართმევ მცინარსა.
ქალო შაიკარ საკინძე,
გთხოვ ნუ ჩამაგდებ ცოდვაში,
შენი სურვილით დამწვარი
ღამეებს ვათევ ოხვრაში.
მ.ღ.