გუშინ პოსტი წავიკითხე, გულისმკვლელი. ახალგაზრდა ქალი წერდა, დედას დაბადების დღემ უღიმღამოდ ჩაიარა, არავინ მოსულა, მამამ ერთი მეზობელი მოიწვია, ერთად დაულევიათ ყავა, მას, ფეხმძიმეს, ორი წლის შვილთან ეჩქარებოდა და მალე დაუტოვებია მშობლების სახლი. მერე კი სულ გადავიწყებია ეს ამბავი. ეს დღე თურმე დედას უკანასკნელი დაბადების დღე ყოფილა და რამოდენა იყო ქალის წუხილი, რომ მშობელს გრანდიოზული დაბადების დღე არ მოუწყო: დაანთებდა ყველა ოთახში ჭაღებს, ფორტეპიანოზე მის საყვარელ მუსიკას დაუკრავდა, მოიწვევდა ყველა ნათესავს, ნაცნობს თუ უცნობს და ა. შ. რომ დედა გაცინებული და ბედნიერი ყოფილიყო, იქნებ სიკვდილი გადაეფიქრებინაო.
მეც, დადარდიანებულს, ჩემი დის - მედიკოს სიკვდილის წინა დღე გამახსენდა. ჩემთან მოვიდა სტუმრად, საოცრად სევდიანი იყო, ყველანაირად ვცდილობდი გამემხიარულებინა, თავზე ვევლებოდი, ჩემი თავის მიკვირდა, ისე ვნერვიულობდი მასზე. სახე სულ ჩამოღვენთილი ჰქონდა. თუ რამ საუკეთესო საჭმელი მქონდა, გამოვუტანე. მიყვარხარ მეთქი, ვუთხარი. მეორე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა. რაოდენია ჩემი მწუხარება, სიკვდილი ვერც მე გადავაფიქრებინე.
მოვეფეროთ ადამიანებს, გვიყვარდეს ისინი, დავიხარჯოთ მათ წინაშე, არ ჩაგვყვეს დარდი, რომ სიკვდილი ვერ გადავაფიქრებინეთ, არადა, დარწმუნებული ვარ, სიკვდილის გადაფიქრებაც შეიძლება.
No comments:
Post a Comment