Sunday, August 31, 2025

სულის გამთელების ერთადერთი გზა, ესე

                                        

  სულის გამთელების ერთადერთი გზა

ღმერთმა ყველას ჩაგვბერა სული — სუფთა, როგორც ყვავილის ფურცელზე მბრჭყვინავი დილის ნამი; ნაზი და სათუთი, როგორც ახალშობილის სუნთქვა, მაგრამ რატომ ხდება, რომ ეს სინაზე დროთა განმავლობაში ქრება, იკარგება?! აბრეშუმის ძაფით მოქსოვილი ნაზი და სათუთი ქსოვილი უხეშ, ხაოიან მასალად იქცევა? ვინ არის ამაში დამნაშავე?
ბავშვის ცხოვრების პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვა მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. ოჯახი თითქოს ბუდეა, სადაც ბარტყი იზრდება — დაცული, სითბოთი გარშემოხვეული. მაგრამ თუ ბუდეში ქარი შეიპარა, მშობლები ერთმანეთის წინაშე უპატივცემულობას იჩენენ, ჩხუბობენ, უთანხმოებაა და-ძმებს, ნათესავებს შორის მაშინ ბავშვის სული იღებს პირველ ჭრილობას, რომლის მორჩენა-გამთელება ძალიან რთულია. (დადგენილია, რომ მანიაკების უმრავლესობა იმ ოჯახებში გაიზარდნენ, სადაც მამა დედას ფიზიკურად უსწორდებოდა).
შემდეგ, როცა ბავშვი სამყაროში ცხოვრებისეულ გზას გადის: სკოლა, სასწავლებელი, სამსახური,, ათას ვინმეს ხვდება. ზოგიერთთან შეხვედრა თითქოს მზის სხივია — სითბოს ანიჭებს და გულში შუქს უნთებს; ზოგჯერ კი პირიქით, ხვდება ქარიშხალს, რომელიც მის სულს ფოთოლივით აქეთ-იქით აქანავებს და შინაგან სიმშვიდეს ართმევს. ასე ნელ-ნელა, წლების მანძილზე სულს თითქოს მძიმე ქვა აწვება და მის ქვეშ შეიძლება გაიჭყლიტოს კიდეც. ეს ტვირთი იმდენად მძიმე ხდება, რომ ადამიანი საკუთარ ბნელ ლაბირინთში იკარგება და თვითმკვლელობის კარს აღებს. დღეს ძალიან ხშირია თვითმკვლელობები და ამის მიზეზი მრავალია: ადამიანი ვერ ერევა იმ პრობლემებს, რომელიც მის წინაშე დგას,. ეშმაკი თითქოს ბადეში ახვევს და სხვა გამოავალს არ უტოვებს, თუ არა თავისი სული ეშმაკს გადასცეს.
მაგრამ მაინც არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია კაცის შინაგანი სამყაროს განახლება — რწმენა. როცა ქრისტე გულში შემოდის, სული კვლავ წყაროსავით იწმინდება, კვლავ ყვავილობს, როგორც გაზაფხულზე გამოღვიძებული ხე. ღმერთის სიყვარული დაღლილ გულს ფრთებს უბრუნებს და სულიერი ჭრილობაც ნელ-ნელა ხორცდება.
ამიტომ აუცილებელია, ბავშვთა სულში რწმენის ნათელი ჩანასახშივე დაითესოს. მათი სული უნდა დავიცვათ, როგორც უდაბნოში გადარჩენილი ყვავილი, რომ ქარმა ვერ წააქციოს. მხოლოდ ასე გადავარჩენთ მათ და ამით საკუთარ თავსაც.
მაია დიაკონიძე
31.08.2025 წელი

Saturday, August 30, 2025

მინიმა

 სულის საწყაო ვერ შევივსე, ძაან ვეცადე,

მივდევ ამ დღეებს დალოცვილებს, კუმშვად-კვეცადებს,
იქნებ საკმაოდ ვერ ვიტანჯე და ვერ ვეწამე,
რა მანძილი მაქვს გასავლელი ნეტავ ზეცამდე?!
მაია დიაკონიძე
28.08.2025 წელი

სიყვარულის ძალა (სატრფიალო)

სიყვარულის ძალა
შენს სიზმრებში არ გამიღე კარი,
ბილიკები ვერ გავთელე შენკენ,
თითქოს ყელში გამეჩხირა ძვალი,
შეშფოთებით შორს ზარებიც რეკენ.
გამომწყვდეულს ქაჯთა ციხე-კოშკში,
მხოლოდ შავი უშენობა მზარავს,
თუ როდისმე ამ ტკივილით მოვკვდი,
შენ გადმოგცემ სიყვარულის ძალას.
რომ ყოველთვის ახლოს მყავდე მზესთან,
არ გამებნე გარიჟრაჟის ნისლში,
მიითვალე ჩემი გულის ფეთქვა, -
გაზაფხულის სუნთქვა მარადისი.
მაია დიაკონიძე
26.08.2025 წელი

მტერი ხარ! (ეკოლოგია)

მტერი ხარ!
მტერი ხარ, ბუნების მტერი ხარ,
მუხას ისარს რად ასობ?!
სუყველა ამ მიწის მტვერი ვართ,
მხოლოდ სიყვარული ფასობს.
შეხედე ობოლ შველს თვალებში,
რაზე დაადინე ცრემლი,
განაბულს მშობლიურ ალერსში,
მგლურად მოუღერე ხელი.
მტერი ხარ, ბუნების მტერი ხარ,
მუხას ისარს რად ასობ,
სუყველა ამ მიწის მტვერი ვართ,
მხოლოდ სიყვარული ფასობს.
მაია დიაკონიძე
30.08. 2025 წელი

სიკვდილ-საკუბოვედ მე უკვე გავემზადე

არ მოხდა!
სიკვდილ-საკუბოვედ მე უკვე გავემზადე,
მადლობა ამისთვის ავაზაკ-არამზადებს,
გაფრენას ცისაკენ ვერავინ დამიშლის,
ეს გულიც სიცოცხლეს არაფრით არ იშლის.
უკან მომყვებიან ტოროლა-წიწკანები,
მე კი ფრთებგაშლილი ახლა ვარ უკარები,
თუ კი გზად ცისაკენ ცალი ფრთა ჩამომტყდა,
ვიტყვი, - რაც მინდოდა, არ ახდა, არ მოხდა.
მაია დიაკონიძე
28.08.2025 წელი


ლექს- გამოცანა, ფისო და ციცო (საბავშვო)

 ლექს- გამოცანა

ფისო და ციცო
ოცნებები უყვარს ფისოს,
გვერდზე უზის ციცოს,
ხედავს, თევზი ცურავს ცაში,
- შეჭმა არა ღირსო, -
გაიფიქრა, - დრო სადაა,
არ მაქვს სამაგისო!
ციცოს უნდა მოფერება,
უყვარს არავისო. -
ვაშლის ტოტზე ჩამომსხდარან
ფისუნა და ციცო.
პატარებო, თევზის სახლი,
იცით, სად არისო?
მაია დიაკონიძე
27.08.2025 წელი

Thursday, August 28, 2025

მარიამის ნათლობა (ნინოობის კონკურსისთვის) საბავშვო

პაწაწინა მარიამი, დღეს რომ უნდა მოინათლოს,
- ღვთის ნათელი დაადგება, - ნუცა ბებო ასე ამბობს,
- არ გახდება აღარც ავად, აღარც ცუდად მოიქცევა,
ჭუჭყიანი ჯამ-ჭურჭელი განა გარეთ გაექცევა?
გამართულად ივლის, დაწერს, წაიკითხავს სიტყვას ქართულს,
ღვთიშობელის სახელი რომ ადიდოს და გაამართლოს.
მაია დიაკონიძე
2021 წელი

ციკლიდან : ,, ღიმილის~თერაპია ." ( მამუკა ში~ს და კახა რე~ს .) / ფშაურ კილოზე ./ , ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ციკლიდან : ,, ღიმილის~თერაპია ."

( მამუკა ში~ს და კახა რე~ს .)
/ ფშაურ კილოზე ./
ეს ამბავი ამ საუკუნის დასაწყისში მოხდა და ლექსი დაკარგული მეგონა . ახლა გამომიჩნდა და მკითხველსაც გთავაზობთ ,,ღიმილით სამკურნალოდ ."
1. შრომაში გაუდრეკელი ,
ბიჭია ადრეკილიდან *...
მაგას რა ღვინო დაათრობს ,
თუ გინდა ასვა მილიდან ;
2 . ხანდახან პახმელიაზე ,
თავი აწუხებს დილიდან ,
კახური სიდინჯით ითმენს ,~
შაყირ~დაცინვას ლილიდან .
3 . ისე კი ,
არაყს ვერ იტანს ,
ამის თავად
ვარ მხილველი ,
სალონიკს
ამბავ გადაჰხდა ,
მართლა რომ
გასაკვირველი .
4 . ერთხელაც ,
კახასთან ერთად ,
ბიჭი მიუჯდა ჭაჭასა ...
თვითონ ~ კახეთის
მზეს ლოცავს ,
რეხვიაშვილი ~
რ ა ჭ ა ს ა .
5 . ასე სვეს
ჭ ა ჭ ი ს არაყი ,
ღვინის ,,გათლილი"
ჭიქითა ...
უკვე ვერაფერს
ხედავდნენ
თავისი თეფშის
იქითა ...
6 . უნიტაზს , როგორც
მიკროფონს ,
მიუსხდნენ
აქეთ ~ იქითა
და ... შემოსძახეს
,, სიმღერა "
ორთავ , ვაჟკაცურ
რიხითა .
7 . საწყალი
ლ ი ლ ი ჩიოდა ,
ეს რა შარს
გადამკიდესო ...
რით ვერ ისწავლეს ,
არ გასცდნენ ,
თავისი ძღომის
კიდესო ;
8 . ღირსი კი არის
სუყველა ,
,, რაც თესა ,
იმას მკიდესო ",~
თავის მოთხუნულ
იატაკს ,
თვითონ სწმენდდეს
და ჰგვიდესო !
9 . მაგრამ რა ვუყო ,
ამ საწყლებს ,
ამ სიცხით
გათანგულებსო ,
ყინულის
კომპრესებს ვადებ ,
იმით ვუგრილებ
გულებსო !
10 . თუმც აქაც
პრობლემები მაქვს ,
ლამის ჩავვარდე
კომაში ...
ამათ რა ყინულ
ეყოფათ ,
ც ე ნ ტ ნ ე რ ს
სცდებიან წონაში !
11 . იოლად
მათი მორჩენა
ვიცი , რომ
გამიჭირდება ...
,, ტ ი ტ ა ნ ი კ ს "
რომ დაეჯახა , ~
ის ა ი ს ბ ე რ გ ი
მჭირდება !
* ადრეკილი ~ სოფელია გურჯაანის რაიონში .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
23 . 10 . 2001 წელი .

ემიგრაციიდან სახლში დაბრუნებულ ჩემს უფროს მეგობარს ,~ ჯეირან გვარაძეს ! , ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 ემიგრაციიდან სახლში დაბრუნებულ

ჩემს უფროს მეგობარს ,~
ჯეირან გვარაძეს !
1 . მხოლოდ სიყვარულს
ახლავს ტკივილი ,
არვინ დამიწყოს
შემოდავება ...
რამდენი ხანი იყავ
ჩვენს გვერდით ,
მაგრამ ჩვენ მაინც
გვეცოტავება .
2 . სამშობლოს გარეთ
ყოფნა სულ სხვაა ,
სხვაგვარად მიგვაქვს
მოვლენა გულთან ;
მიტომ ადვილად
ვერა ვთმობთ იმას ,
რაც გვაკავშირებს
ჩვენივ მამულთან !
3 . არა , არა ვართ
ეგოისტები ,
ვიცით , რომ გელის
ოჯახი , ბინა ,
საკუთარ სახლში
უნდა დაბრუნდე ,
ჩვენ კი რატომღაც
გული გვეტკინა .
4 . მთელი სამყარო
ცეცხლის ბურთია ,
ბრძოლის ველია ,
მართლა ლელოა ...
და ქვეყნის გარეთ ,
ერთი ქართველიც , ~
ერთი პ ა ტ ა რ ა
საქართველოა !
5 . ერთურთს
ვშველოდით
სულის ტარებას , ~
ჩუმად ერთმანეთს
ტკივილს ვპარავდით ...
შენი წასვლით კი ,
ჩემო ძვირფასო ,
ჩვენ კიდევ უფრო
დავპატარავდით !
6 . მთლად უნუგეშოდ
მაინც არ ვრჩებით
და გულითა ვსვამთ
შენს სადღეგრძელოს :
თუმც ჩვენ მოგვაკლდი
ერთი აგური ,
შეემატები დ ი დ
საქართველოს !
7 . მხოლოდ სიყვარულს
ახლავს ტკივილი
და განშორებას
მიტომ განვიცდით ...
გვიხაროდეს თუ
გული გვწყდებოდეს ? !
რა ვქნათ , არ ვიცით !
რა ვქნათ , არ ვიცით !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
03 . 02 . 2002 წელი .

Saturday, August 23, 2025

ნესტან-დარეჯანს მიმამსგავსე (სატრფიალო)

ნესტან-დარეჯანს მიმამსგავსე
ნესტან-დარეჯანს მიმამსგავსე ზურმუხტის კაბით,
- საფირონები გიდგას თვალში, - ღიმილით ამბობ,
მთელი სამყარო გააოცე ახალი ამბით,
რომ შენს ალალ გულს მე მჩუქნი და მხოლოდ მე მანდობ.
მეც ფიროსმანის ლომს გამსგავსე, მზესავით ბრწყინავ,
და არ ვიღლები შენი ცქერით, ჩიტივით ვლაღობ,
წინაპრის კოშკში ჩვენ დავიდებთ უთუოდ ბინას,
თვალს მივადევნებთ ვარსკვლავების ციალს და აღლუმს.
და თუ ერთხელაც ამ სამყაროს დავტოვებთ ერთად,
ვეფხის ტყავივით თვალწარმტაცს და ნისლივით ფაფუკს,
შენ წინ ბრძოლებში გამარჯვების სასმისი გედგას,
მე კი ვიხდენდე, ვით აისი ვარდისფერ სამოსს.
მაია დიაკონიძე
22.08.2025 წელი

Wednesday, August 20, 2025

მინიმა

 სად ხარ, როდესაც მჭირდები,

მიწას ცრემლით რომ ვალტობ,

გვერდზე თუ არ დამიდექი,

ჭირი წამიღებს, მარტოს.


ორიოდე სიტყვა წიგნზე „მეგობარი“ – ავტ. ამირან გოდერძიშვილი

ორიოდე სიტყვა წიგნზე „მეგობარი“ – ავტ. ამირან გოდერძიშვილი
ამირან გოდერძიშვილის წიგნი „მეგობარი“ არის უნიკალური მცდელობა, ახსნას საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მეგობრობის ისტორია — ძველი თბილისელი აშუღის, იეთიმ-გურჯის (იეთიმ დაბღიშვილი) და იოსებ ჯუღაშვილის, მომავალში მსოფლიო პოლიტიკური ლიდერის - სტალინის ურთიერთობა. ავტორი ამ ამბავს „საუკუნის საიდუმლოს“ უწოდებს და მასთან ახლოს მიგვიყვანს, როგორც ბიოგრაფიული ფაქტებით, ისე უცნობი, აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსებით.
წიგნი იწყება იეთიმ-გურჯის ცხოვრების ამსახველი ნარატივით — ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაბადებული, განათლება ქაღალდის პარკებზე შეძენილი, მაგრამ ნიჭითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული მელექსე და მომღერალი, რომელიც ერთდროულად ქმნიდა როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ სიმღერებს. ის იყო თბილისური ბოჰემის ნამდვილი წარმომადგენელი, ხელოვნების მოყვარული და უბრალო ხალხის გულშემატკივარი.
1905 წლის რევოლუციის დღეებში იეთიმი უკვე აქტიურად იყო ჩართული მუშათა მოძრაობაში — წერდა გამბედავ ლექსებს, გამოდიოდა კრებებზე მოწოდებებით, აფრიალებდა დროშებს.
„მუშის სისხლით მაძღარნო,
დღეს რომ ხარობთ რთველშია,
მუშას უფრთხილდით, ერიდეთ,
ნუ სჩაგრავთ ყველაფერშია.“
მისი გულწრფელი სიყვარული მუშათა მიმართ კიდევ ერთ ლექსშიც ჩანს:
„ჩემისთანა სიყვარული
რომ ვიცოდე, თქვენში არი,
მე რომ მიყვარს, მერე ვინა?
ჩვენი მუშა-პროლეტარი.“
სწორედ ამ რევოლუციურ წრეებში გაიცნო იოსებ ჯუღაშვილი. ოთხი წლით უმცროსი, მაგრამ სემინარიის განათლებითა და ორგანიზაციული ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდა სტალინი დიდი შთაბეჭდილებას მოახდენდა იეთიმზე. მათი მეგობრობის კვალს ავტორი პოეტის შემოქმედებაში ეძებს — ცენზურის პირობებში, შეფარულად, მაგრამ მაინც აშკარად, იეთიმმა მრავალი ლექსი მიუძღვნა ამ მეგობრობას, მის მტკივნეულ დასასრულსაც კი.
ზოგ ლექსებში იეთიმი სიყვარულით იხსენებს მეგობარს:
„ქვეყნად ერთი მოძმე მყავდა,
დიდი ხანი მემსახურა,
რომელ გზაზეც მატყუებდნენ —
ჩემ მაგივრად მან იყურა.“
მაგრამ მოგვიანებით, გულისტკივილითაც მიმართავს:
„რად ივიწყე შენი ფიცი,
რაზედ გახდი ჩემი მტერი,
ორი წელი გემსახურე,
ბოლოს თავი რად მომჭერი?“
ლექსების ციტატები მკითხველს ცხადად უჩვენებს ამ ურთიერთობის სითბოსაც და დრამატიზმსაც. - ერთგან პოეტი სიყვარულით იხსენებს „მოძმეს, რომელმაც მტრები სულ გამურა“, ხოლო სხვა სტროფებში მწარე გულისტკივილით ეუბნება: „ორი წელი გემსახურე, ბოლოს თავი რად მომჭერი?“ — თითქოს უშუალოდ სტალინს მიმართავს შეკითხვით.
მიუხედავად წყენისა, იეთიმ-გურჯი ბოლომდე არ წყვეტდა სიყვარულს მეგობრისადმი, იგი სულ უსასრულო ლოდინის და პასუხის ძიებაში იყო. „მრწამსში“ ის წერს:
„მე რაცა მრწამს, იგი მწამდა,
მე ის მიყვარს, ვინც მიყვარდა,
გულიდგან ვერ ამომგლეჯენ,
ვინც რომ გულში ჩამივარდა.“
„ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს“-ში კი ჩივის:
„მშვიდი, წყნარი გული გქონდა,
რად გამხდარა თუჯი,
ვისმა ენამ შეგაძულა
შენ იეთიმ-გურჯი?“
ამირან გოდერძიშვილის ნაშრომის განსაკუთრებული ღირებულება არის ის, რომ ის გვიხატავს არა მხოლოდ პოეტს, არამედ ეპოქას — თბილისურ ეზოებს, მტკვრის ნაპირებზე გამართულ ღამის სუფრებს, რევოლუციურ იდეალებსა და მეგობრობის ტრაგიკულ დასასრულს, რომლის მიზეზიც ბოლომდე გაურკვეველი რჩება.
ამირან გოდერძიშვილს მოჰყავს ლექსიც, რომელიც თითქოს სტალინის პასუხია:
„იეთიმ გურჯო, მწარე ცრემლით ინამე,
მოგიშალე სახლი, კარი, ბინა მე,
ხნიერი ხარ, სად შენა და ვინა მე,
ვერ მომხარშავ, ვარ ფოლადი, რკინა მე.“
ჯანგატეხილი, ციხეგამოვლილი, ჯოხით მოსიარულე პოეტი თავის ყოფასა და მდგომარეობაში თითქოს მეგობარს ადანაშაულებს კიდევ.
იეთიმი ხედავდა მეგობრის ბნელ მხარესაც. ლექსში „სტალინს“ ის პირდაპირ აკრიტიკებს მის დიქტატორულ მიდრეკილებებს:
„ვინცა სთქვა: ,,ეგრე არ უნდა"
მას შხამი ჩავადებინე,
ვიფრინე, ვჟლიტე ათასნი,
ძვლები ქვად დავაყრევინე.“
ამ წიგნის წაკითხვისას მკითხველი თითქოს თავად გადადის ძველ თბილისში, უსმენს იეთიმის ჩონგურის ხმას და გრძნობს იმ სიყვარულისა და წყენის ნაზავს, რომელიც მან მთელი სიცოცხლე ატარა გულში. ავტორის აზრით, განხეთქილების მიზეზი მაინც ის იყო, რომ დისციპლინირებული, რევოლუციურ ბრძოლებში გამობრძმედილი იოსებ სტალინი ვერ შეეგუებოდა ყარაჩოღული წეს-ჩვეულებებით მცხოვრებ აშუღ მეგობარს.
„მეგობარი“ არის არა მხოლოდ ბიოგრაფია, არამედ ლიტერატურულ-ისტორიული კვლევა, რომელიც პოეტის პირადი განცდების ფონზე გვიჩვენებს სტალინის სხვა, ადამიანურ მხარესაც — მეგობრისა, რომელიც პოეტმა ბოლომდე ვერ ამოიღო გულიდან. ამირან გოდერძიშვილის დეტალებზე ორიენტირებული ნაშრომი განსაკუთრებით ფასობს იმით, რომ აქ პირველად ქვეყნდება იეთიმ-გურჯის გამოუქვეყნებელი ლექსები, რომელიც ნაშრომის ავტორმა გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში მოიპოვა.
თუ გსურთ, რომ გაიცნოთ ძველი თბილისის სული, შეიგრძნოთ ბოჰემური თავისუფლების და რევოლუციური სულისკვეთების ნაზავი, და თან მოისმინოთ უცნაური მეგობრობის ისტორია, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
მაია დიაკონიძე
15.08.2025 წელი

ვერა მწყვიტავ (სატრფიალო ლირიკიდან)

ვერა მწყვიტავ!
ვერა მწყვიტავ შენს მომნუსხველ მზერას
(ჩამავალი მზის სხივებში ვჩანვარ),
ვით არწივი ლამაზ ხოხობს, მზვერავ
და გაოცებს ჩემი ჭრელი ფარჩა.
ზღვები, ზღვები, ჩქერები და ტალღა,
გეხლებიან და მიჰყავხარ შორით,
მე კი სულელს მეუფლება განცდა,
კი არ მტოვებ, მე მეძახი ,,მოდი!"
თოლიად რომ გადავიქცე, მინდა,
ფრთით შეგეხო, რომ გეყოლო გვერდით,
ან გეახლო უნატიფეს ფიქრად,
ჰორიზონტებს ოცნებად რომ ერთვის.
მაია დიაკონიძე
18.08. 2025 წელი

Sunday, August 17, 2025

რომ შევერთო

 

რომ შევერთო
ჩემს ლექსებსაც ჩავარდნიათ ენა,
სიტყვას მგონი ვეღარ ვაბამ სიტყვას,
დამიკარგავს იმედი და ლხენა,
და ერთხელაც დამკიდებენ დიდ ქვას.
რომ შევერთო წინაპრების საძვლეს,
მთიდან ქარმა დამაწიოს ბანი,
ვიცი, სიტყვა ჩემზე დიდხანს გაძლებს,
ვით ტინის კლდე, წვიმით განაბანი.
17.08. 2025 წელი
მაია დიაკონიძე

Friday, August 15, 2025

მინიმა

 ჩემს ბედს მგონი ძაღლი არ დაჰყეფდა,

შენ რომ აქ მყოლოდი, სიახლოვეს,

სიშორე ჩვენ შორის რომ გამეფდა

ალბათ, იმიტომაც მიმატოვე.





Thursday, August 14, 2025

ნანა მეფარიშვილს ამერიკაში პოეზიის საღამოზე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (ახალი წიგნისთვის)

  თან ამერიკას ვნახავდი!

(/ფშაურ კილოზე)

არასდროს არ მიფიქრია,
მე თავის გამოჩენაზე,
ეხლა კი ძაან მამინდა,
თქვენთან რო ვიყო სცენაზე.
არა ვარ ზოგიერთივით,
მარტო რო არი კბენაზე,
თქვენ საფერებელ სიტყვები,
ბევრი მადგება ენაზე.
სათქმელს პირისპირ გეტყოდით,--
როდემდე ვიყო თმენაზე,--
თ ა ნ ა მ ე რ ი კ ა ს ვ ნ ა ხ ა ვ დ ი...
რა ვქნა, ვარ გამორჩენაზე!!!
P.S. გეხუმრეთ,ვიცი, ვინც მანდ ხართ,
სული გჭირავთ კბილითა,
არ შაგაშინოთ წყვდიადმა,--
მზე კვლავ ამოვა დილითა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ . თესალონიკი.
6 . 07 . 2012 წელი.

შაირ-კაფიობა, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, გელა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, მაია დიაკონიძე, ახალი წიგნისთვის

 შაირ-კაფიობა

წამალი
1. რადგან უფალმა
ეს სამყარო
მუქ ფერში ღება,
ოცნება უნდა
ცისარტყელას
ფერებით ფეროს...
და უჩემობა,
როგორც სენი
თუ შეგეყრება,
მსურს ღმერთმა
წამლად, —
ჩემი გული
გამოგიწეროს!
2 . ამ გულში
შენთვის ავაშენე
სასახლე ქარვის,
ის სიყმაწვილის
სიგიჟმაჟეც
უკვე დაღვინდა,
აქ ხომ დედოფლად
მე შენს გარდა
არ ველი არვის,
მოდი და ,,შენ სენს"
უმკურნალე,
მეტი რა გინდა?!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
21 . 12 . 2023 წელი
გუჯას!
/Სალაღობოდ/
უყვარხარ ამურს,მუდამ მზადაა,
(მითებიც უნდა გადაიწეროს),
შენი გულისთვის ახლაც მზადაა
Ასკლეპიოსი გადაიმტეროს..
გელა ციგროშვილი..24.12.23
ეკა ჯავახიშვილის კაფია:
,,ახლა ყველანი გამოვლენ,
ფროიდები და ნიცშენი,
ვინმე თუ განკურნებულა
,,დალია გული" ვინც შენი?"
კუნძული კრიტი . 26 . 12 . 2023 წელი .
კაფია~კომენტარის პასუხად
ეკო ჯავახიშვილს!
(ფშაურ კილოზე)
1 . ზოგს ცხელი მზე
სწვავს ელადის,
შენ , ~ კრიტზე
ზიხარ ჩეროში...
თუმც კარგად
ვერ გარკვეულხარ
ჯერ მედიცინის
სფეროში.
2 . არც ასკლეპიოსი
გახსოვს,
არც,, ფიცი
ჰიპოკრატესი,"
კაფიის დუელში
მიწვევ,
ვით საშკა
პუშკინს, ~ დანტესი.
3. ,,შენი წამალი
არჩენსო?"~
ჰკითხულობ
როგორც მელია...
გეტყვი:
,,ზოგ წამალს
თუ სვამენ,
ზოგიც ზედ
წასასმელია!"
4. პირადად უნდა
გაგსინჯო,
სენი დავარდეს
ნულამდე...
,,ონლაინ" არა
ვმკურნალობ,
უნდა მოხვიდე
გულამდე!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
26 . 12 . 2023 წელი
მაია დიაკონიძის კაფია:
რად შაგიშინამს ქალები,
,,მალამოს გცხობთ", იმუქრები,
იქნებ არ უნდათ, რომ ნახო,
გამხდრებია თუ მსუქნები.
ისევ ,,ონლაინ" ურჩევნათ
მაგ ,,თერაპიის კურსები",
ყველა ქალს იწვევ მაგ გულში,
ხელს იფშვნეტ და ილურსები.
მაია დიაკონიძე

ხალხურ მოტივებზე

 მინდოდა, რომ გყვარებოდი,

ანიდანა და ჰოემდე?!

სიყვარულისა გეამბო,

ქარ ყოფილიყოს მოენე.

,,მიყვარხარ" ყურში რომ გეთქვა,

მოგევლო მთების კალთები,

რამდენ ყაყაჩოს ნახავდი,

იმდენჯერმც შემიყვარებდი.


Wednesday, August 13, 2025

,,კუნწულა ლექსებიდან", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი წიგნისთვის

 მინდა!

მინდა ვიცოცხლო
ასი წელი და მეტი კიდევ,
თეთრი თმა~წვერით შევაბერდე
ამ მთას და ამ ბარს,
მთელი ცხოვრება ჩემს დათესილ
სიკეთეს ვმკიდე,
შვილს და შვილიშვილს ვუყვებოდე
წინაპართ ამბავს!

Monday, August 11, 2025

შენთან მაშორებს (სატრფიალო)

შენთან მაშორებს ათასი მილი

და ეს სიშორე მთაზე ნისლს მოჰგავს,

ვეღარ ვივიწყებ შენს ლამაზ ღიმილს,

სამოთხეში რომ ამყოფებს მოკვდავს.


ხან ვეღარა ვგრძნობ ჟამი რომ მიდის,

და მერცხალივით შევხარი ზეცას,

შენთან მაშორებს ათასი მილი,

თუმც დროს და სივრცეს ოცნება კეცავს.













არავის ენდო?!

არვის ენდო?!
(სიმღერა)
არვის ენდო, ასე უთქვამთ,
შენც არ გენდო?! როგორ აბა,
როცა შენ ხარ ჩემი სულთქმა,
შენთან ხიდებს ცაში ვაბამ.
გამიცინებ, მზედ მოდიხარ,
დამწუხრდები, მთვარეს ჰგავხარ,
ნუღარ მაქცევ ცივ ლოდინად,
გულში ია-ვარდად მყავხარ.
მაია დიაკონიძე
11.08.2025 წელი