არ დაგიჯერებ, რომ კვლავ გიყვარვარ,
შუბლს თვალთმაქცობის დაღი ატყვია,
არ დაგიჯერებ, რომ ჩემი კოცნა
ხელებს გაგითბობს და გიხარია,
არ დაგიჯერებ, რადგან ზამთარში
მიმქრალ მზესავით სხვებთან თამაშობ,
სიყვარულს ჩვენსას არა აქვს ძალა, -
გულს ყინულებით ვეღარ გაათბობ...
ისევ მუზების ღმერთთან ვქილიკობ,
რომ სიყვარული წამია მხოლოდ,
მაგრამ ამ წამსაც ბრმად შეუძლია
წესი აგვიგოს და დაგვამონოს.
სიყვარულს ვეძებთ სიზმარში, ცხადში,
წამი - ფარსია, წამი - ცხონება,
წამები წამებს გააბათილებს
და რაღა რჩება ჩვენი ცხოვრება?!
ისევ დაუკრავს დუდუკი, ზურნა,
ისევ ჩამოთოვს ატმის ფიფქები,
შენ - მოგონებებს მიითვლი ისევ,
მე - ცვრად და წვიმად ჩამოვიღვრები...
No comments:
Post a Comment