Monday, February 27, 2017

პოეზია

ნაკადულის ერთვის რაკრაკს,
ხან ტალღათა დგება შფოთი,
როცა ვისმენ სიტყვათ სიტყვას,
პოეზიის დიდი დროშით.
მოლაღურის ნაზი სტვენა,
თუ არწივის მოძახილი,
შემოდგომის ფოთოლცვენა,
ჩრდილო ქართა მოტანილი...
რომ გაანდობს სიო ამბავს,
მთვარეს, ნაძვებს, კვიპაროსებს,
ეფერება და ჯვარს სახავს
"მეოცნებე ნიამორებს"...
ხან აანთებს ცაში სანთელს,
ხან გადმოგვფენს გულის მწღაზარ
სილამაზეს ჩუმი ღამის,
შემოჩენილს სევდის მახრად...
სულ ასეა:იწვის, ფეთქავს,
სულს ახალი გრძნობით ლახვრავს,
გაუშლია სუფრა ზეცად
და ღვთიური მოსდევს ძალა!



ქარებს გავყვები

ქარებს გავყევი, რადგან ვნებით ეხება ტუჩებს,
ალერსში მახრჩობს ნაზი სხივი მოლურჯო მთვარის,
ქარებს გავყევი, სულში მათოვს, ყოველი იცის
და მონატრების თეთრი ფრთები შესხმია ქარებს.

Thursday, February 23, 2017

ლექსებს ქარი წერს!

ტკივილიანი ვნებებიდან მოდის გამები,
ლექსებს ქარი წერს, ქარიშხალი, განაწამები,
უსასრულობის მწვერვალისკენ იცის სავალი,
უბელო ცხენებს ერეკება ტრიალ ტრამალში,
ხატავს ბუნება, ეს დიადი მხატვარი უფლის,
ქარიზმასა და სიდიადეს რომ ავლენს სულის
და ეზოპეა, სულხან-საბა, მიქელანჯელო,
ამსხვრევენ კერპებს და გვიტოვებენ საეტაპო
არაკებს, ლექსებს, რომ ალეწავენ ბოროტებს მკერდებს,
მომავლისათვის აგვიგებენ დასაყრდენ ღერძებს,
რომ სხვანაირი შემართებით დავხვდეთ ქარაშოტს
და ღმერთის თვალით დავინახოთ მთელი სამყარო!


ბოლოა იქნებ ამოსუნთქვაც...

ბოლოა იქნებ ამოსუნთქვაც, ბოლოა სიტყვაც, 
ბოლოა იმის შემოხედვა, ასე რომ გიყვარს, 
მაგრამ სანამდე არ დამდგარა ბოლოთა ბოლო,
უთავბოლობის და ქაოსის მსხვერპლნი ვართ მხოლოდ!

Wednesday, February 22, 2017

გაზაფხულის ანა-ბანა

აინთება მზე, ცარგვალი,
ბრწყინავს ოქროდ წყაროსთვალი,
გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს
დარიალზე ხევის წყალი.
ექოს გვეტყვის ლურჯი მთები,
ვაზებს ცრემლი ედინება,
ზამთარს წასვლა აღარ უნდა,
თოვლი წყლებად გვედინება.
იასამნის სუნი გვატკბობს,
კოხტად მოჩანს ცხვრების ფარა,
ლამაზია გაზაფხული,
ციდან მოაქვს ღმერთის ძალა,
ნაბავს თვალებს ნაზი ია,
ორთქლი ასდის ცვრიან ბალახს,
ირგვლივ მზე და ხალისია, -
სიყვარულის ანა-ბანა.

Tuesday, February 21, 2017

ანდერძი დამიტოვა მამაჩემმა (მეორე ვარიანტი)

ანდერძი დამიტოვა მამაჩემმა, -
სულში ჩაიდგიო დიადემა,
ფესვი ზნეკეთილი გადარჩება,
როცა დედამიწა წყვდიადდება.
ბნელში სანთლის შუქი გინათებდეს,
თავი საცდურისგან დაიხსენი,
რიჟრაჟს სიყვარული მიაგებე
და კვლავ - ყვავილები ალისფერი.
ირგვლივ კენჭებია მობნეული, -
ეშმაკს არ სძინავს და არ იღლება,
სარჩო, შენო ოფლით მოწეული,
ვინძლო უწილადო ღარიბებსაც.
ტურფა გაზაფხულებს გაეჯიბრე, -
იქნებ სულ ახლოა გარიჟრაჟი...
ქვეყნის მოღალატეთ გაემიჯნე,
ზვარში მარგალიტად აკიაფდი.
ხნულში ჩიტი გალობს ნაზთვალება,
თოვლქვეშ ლურჯი ია ინაბება...
ანდერძი დამიტოვა მამაჩემმა, -
სულში ჩაიდგიო დიადემა!

Saturday, February 18, 2017

სადარდელის დააღო ხახა

უზომო ჯავრის, სადარდელის დააღო ხახა 
და ტკივილებად ამოახველა,
თითქოს ჭლექიანს გახსნია წყლული,
ღმერთს ვერ შეჰბედა ცოდვის გამხელა...

დაბერწებულა ხეთა ნაწილი

დღეს რომ მოვიდა პირველი თოვლი,
გაოცებულა მთელი ქვეყანა,
აპრილში ჩემთვის ჩამოთოვს ფიქრით,
ყვავილთა ფიფქი ხეზე ეწამა.
მოჭკნა, მოდუნდა ნაზი სხეული,
იმედებს ტყუილად აძლევდა მარტი,
დაბერწებულა ხეთა ნაწილი,
დაელოდება მომავლის აპრილს!



Friday, February 17, 2017

ჩემს მასწავლებელს!

სარზე შემომჯდარა ჩიტი,
ვეღარ დავძარ ერთი კრინტი,
მას ვუსმენდი დღე და ღამე,
რომ გამეგო ცოტა რამე.
მაგრამ ცოტას მოჰყვა ბევრი,
ხნულში დატრიალდა კევრი,
ღმერთმა მოგცეს მადლი, ჩიტო,
სიკეთეს რომ თესავ, მიტომ!




Thursday, February 16, 2017

შიოს ძაღლმა შემაშინა

შემაშინა...ვზივარ შინა,
შარას აღარც გავცქერი,
შოშიები ლამისაა
შემომიხტნენ ფანჯრებში...
დავაპურო მინდა ძლიერ
დამშეული ჩიტები,
მაგრამ რა ვქნა? შიშისაგან
მარცვალ-მარცვალ ვიშლები.
შიოს ძაღლმა შემაშინა,
უნდა ვიჯდე ახლა შინა,
ავიკეცე ფეხი გზიდან...
ახლა სახლში მშვიდად მძინავს!



,

ზარი რეკს, მაგრამ არ გვესმის

ზარი რეკს, მაგრამ არ გვესმის, დაგვიგმანია ყურები,
გვგონია, ეშმაკს ვაშინებთ შანთით და ცხელი ქურებით,
მაგრამ იმისთვის ეგ არის ცხოვრების ზმნები უღლებით,
ჩვენს სულზე ზრუნვით დავღალოთ, ლუკმა არ ვჭამოთ ურგები.
.

Wednesday, February 15, 2017

გაუმარჯოს ყველას ნიჭით!

გავეხვიე მოსასხამში, მოვიჭირე ყურზე თითი,
რომ არ მესმას საშინელი, ხმა ბოროტი, ეშმას ფლიდის,
არ მსურს იმას დავუჯერო, ვისაც არ აქვს ღმერთის რიდი,
სამართალმა იზეიმოს, გაუმარჯოს ყველას ნიჭით!


Tuesday, February 14, 2017

თოვლის ფიფქი (საბავშვო)

ხმა არ გამცა თოვლის ფიფქმა,
გაბრაზდა და გამებუტა,
- რად ესროლე ჩემს ნიკოლოზს,
ეს ამხელა თოვლის გუნდა?!
ვთამაშობდი მასთან ერთდათ,
ვახატავდი ხელზე ფიფქებს,
ახლა ისე განაწყენდა,
მეც შორიდან ცივად მიმზერს.

Monday, February 13, 2017

ნეტავ, ვინ არის ნაღდი პოეტი?!

ნეტავ, ვინ არის ნაღდი პოეტი, -
გულით და სულით რჩეული ღმერთთა,
რომ უსალბუნებს იებს ბუბუნით
და წყაროსთვალი უკოცნის ფეხთა...
უმზეოდ ჩაქრა ბევრის სახელი,
ბევრს გაზაფხული ავად ენიშნა,
ვინც ჩაიბუდა გულში ნაღველი, -
"ანი" და "ჰოე" ამა ქვეყნისა,
ნეტავ, ის არის ნაღდი პოეტი,
მტერს რომ ეკვეთა ლომებრ ბერლინთან?!
მზეს რომ უმღერის, აშოლტილ ალვებს,
ირაოსშემკვრელ არწივებს ცაში...
ნუთუ არ არის ნაღდი პოეტი,
მწვერვალს რომ სწვდება მფრინავი რაშით?!
გულგატეხილი მიჰყვება აღმართს
და ყვავილებთან გამართავს ბაასს,
ცის ფერს უმღერისს ტოროლასავით,
ჩაუღიღინებს ბალახის ატლასს...
ხან სიყვარულის ვნებულა ცეცხლით,
ხან მეგობრობის დაცლის ფიალას,
უკეთურობას კალმით რომ ებრძვის,
კეთილს კი უფენს ფეხთით ფიანდაზს...
მრავალ ენაზე დაჰკვესავს თბილისს,
ქალის და ღვინის ეშხით დაგული,
ვარსკვლავს უმღერებს საარით დილის
მოჭირნახულე ქვეყნის წარსულის!
მზისფერ ამინდებს, ცისფერ ამინდებს,
მოლაღურივით ვინც შესტრფის ნაზად,
ვინც ეკალ-ბარდებს თავს არ არიდებს,
ბრმად არ მიჰყვება საწუთროს ტალღას...
ის თუა ნეტავ ნაღდი პოეტი,
ქარიშხლიანი რომ ადევს დამღა?!
ზოგი სიავის ტალღამ მორეცხა
და აგრძნობინა სიცივე ზამთრის...
დაბადებული ნამდვილ პოეტად
საქართველოში მრავალი დადის...
და თუ გინახავთ ზეცის თვალები, -
ანკარა და მზის ალით გამთბარი,
მოოქროსფერო სავსე თაველთა
ტალღადდაწვენა ქარში ნარნარი, -
ესაა სახე ნაღდი პოეტის, -
ღვთივკურთხევაც და წყევლაც მისანთა...
ბევრისმთქმელი და ბევრისმომცემი, -
თუ ერთხელ მაინც გულით გიყვარდა!



Sunday, February 12, 2017

მთავარი ამქვეყნად - სინდისის ქონაა

თოვლიან ფიფქების მივყვები ქარავანს,
ბილიკებს დათოვლილს წინ ხვდება აღმართი,
-" ვერ შეძლებ ასვლასო", - ვიღაცა ქილიკობს...
არ მინდა ბოროტთან დავა და კამათი.
აღმართი, დაღმართი - ცხოვრების სკოლაა,
ცხოვრების სკოლაა - ახლობლის ღალატიც,
მთავარი ამ ქვეყნად სინდისის ქონაა,
ყველა დანარჩენი - მთავარის დანართი.


ჩემს გულშიც ბჟუტავს!

გავშიშვლებულვარ, ვით ზამთარში ხეთა ნაწილი,
ჩამომიცურდა, თმებს ვერ ფარავს თეთრი მანდილი,
აწურულ მხრებზე ძევს სიცივე, -  თეთრი მანტია,
დაუფლებია სულს გაყინულს კვლავ აპათია.
აუხდენელი სურვილების მოჩანს ნაპირი,
მოლოდინი კი მდუმარეა, მეტად ხანგრძლივი,
კაცის ნაფეხურს, დათოვლილებს, წაშლის წვიმები,
ჩემს გულშიც ბჟუტავს, ვით ღადარში, მცირე იმედი...


მაინც შევცქერი დღის გათენებას (ტრიოლეტი)

შებურვილი ვარ მარტის სასხამში,
უმისამართოდ მათოვს ფერებად,
თუმცა ზამთარმა შემასვა  შხამი,
შებურვილი ვარ მარტის სასხამში,
კვლავ გაზაფხულის მზე მეფერება,
მიყო სიცივემ, რაც რომ ენება,
შებურვილი ვარ მარტის სასხამში,
მაინც გავცქერი დღის გათენებას.


Saturday, February 11, 2017

სხვისი ტკივილი გავინაწილო

მე სიგიჟე და ღელვა მწყურია
თავაწყვეტილი ცხენების ჯოგის,
როგორც მთის ჯიხვი მწვერვალს შევასკდე, -
აღმასვლისათვის არ მინდა თოკი.
ლამანშის სრუტე ცურვით გავლიო,
მხრებით ავზიდო დარდების ლოდი,
სხვისი ტკივილი გავინაწილო, -
ასე გავუძლო სიკვდილის ლოდინს.



ძილში კვლავაც! (ავტ. იზა მარიხოშვილი)

ფიქრით დაღლილი, ძილის წინ რომ კვლავ შენზე ვფიქრობ,
არ მინდა შეწყდეს ეს ფიქრები, თუგინდაც წამით,
ოცნებით თვალებს შევანათებ უტყვ ციურ მნათობს,
და დავიძინებ, რადგან შენთან მოვდივარ ღამით.
როცა ვიძინებ, იმედი მაქვს, შენი ხატება -
მიახლოვდება, ვიცი სიზმრად რომ მეახლები,
და თუნდაც ზამთრად, გაზაფხული აფერადდება,
კი დაგინახავ, მაგრამ უფრო მომენატრები!


არ მინანია არასდროს!

არ მინანია არასდროს ამ ქვეყნად ჩემი მოსვლა,
რაც უნდა ოქრო მაყარონ, არვის გავხდები მონა,
ვერც ბოროტს ვეტყვი, კარგი ხარ, ტუჩებს ვერ გავუქონავ,
კეთილს კი ისევ ვაღმერთებ, -  ვესვრი იების კონას.

ჩემს გიულის (ავტ. თამრიკო იაშაღაშვილი, ეძღვნება გიული გიგაურს)

ქათინაურად ნუ ჩათვლი
რასაც გულგახსნილ გეტყვი:
მე ამნაირი თვალები
არ მინახია არსად.

თვალი სარკეა სულისო,-
გვიქადაგებენ ბრძენნი...
რა მნათი სული გქონია,
იასამნისების დარად!

ხინჯი რა არის, ოდნავი
ჩრდილიც არა ჩანს მათში,
რა ბოროტება იხარებს
სიალალესა შინა!

მოკასკასეა მზესავით
და ვარდისაებრ ნაზი,
ნელმოდუდუნე წყაროებრ
ნაკადულივით წმინდა,

აუმღვრეველი მარადის,
უანგარო და დინჯი,
ერთი შეხედვით დაგიპყრობს
და მიგიზიდავს ნაზად...

იქნებ ქართული ფრესკაა,-
აღფრთოვანება მიწის,
იქნებ მოსტაცა ნათელი
ნელმოკიაფე ვარსკვლავთ?

თვალი სარკეა სულისო,-
გვეუბნებიან ბრძენნი,
რა სუფთა სულით დადიხარ,
რა შეგაწუხებს, გოგო?

ქათინაურად ნუ ჩათვლი,
რასაც გულგახსნილ გეტყვი:
ემაგნაირი თვალები
ზღაპრად მინახავს მხოლოდ....

Friday, February 10, 2017

მაიკო წვიმაში (ავტორი: თამრიკო იაშაღაშვილი)

წკაპ-წკუპ...წვიმა იმნაირად ლაღობს,
გეგონება, გვირილების მზეა,
მიაბიჯებ ამ დელგმაში მარტო
და ეგ გული ერთიანად ღელავს.
გიხარია, გაზაფხულის თქეში
ყელ-კისერზე გეცვარება უხვად,
სირინოზთა გალობანი გესმის
(ნაძვები კი ძველებურად სწუხან).
ამ წვიმაში შენც გაზაფხულს ჰგავხარ
ბედნიერი გაღიმების მადლით
და გაკვირვებს, ზეციურის სევდას
ამნაირად რად გაურბის ხალხი...
ჰაეროვანს ვერ შეგაკრთობს წვიმა,
მიაბიჯებ ამაყად და ნაზად,
დედამიწის მოფერება გინდა,
გაზაფხული გიფერადებს კალთას.
შენს იისფერ იმედებს და დარდებს
ერთიანად ახმოვანებს წვიმა,
ცრემლებივით გეღვენთება თვალზე,
მერე ჩქერად ედინება მიწას.
წკაპ-წკუპ... წვიმა იმნაირად ლაღობს,
გეგონება, გვირილების მზეა,
მიაბიჯებ ამ დელგმაში მარტო
და ეგ გული ერთიანად ღელავს.

3 ნოემბერი, 1981 წელი


ჩემს მაიკოს (ავტორი: თამრიკო იაშაღაშვილი)

ის კნაჭა გოგო,
გაზაფხულს რომ ჰგავდა ძალიან,
საოცრად წრფელი,
თაფლისფერი, ირმის თვალებით,
ახლა დინჯი და ღირსეული დამა-ქალია,
შვილების დედა, მეოჯახე,
დიდად გამრჯელი.
შრომობს, არსაით, სამწუხაროდ, არ ეჩქარება,
ოჯახის ბურჯის უმძიმესი ტვირთი ჰკიდია,
მაგრამ გულს ერთი საიდუმლო
აქვს ნეტარება, -
გასცქერის ზეცას მოკამკამეს,
ხანაც - ნისლიანს
და თავის სათქმელს სტრიქონებად
ნარნარად აწყობს,
წლების ნაფიქრალს
გამალებით კინძავს ლექსებად,
არ ეპუება ზოგჯერ ხრიოკ,
ხორკლიან აწმყოს
და წარსულს ლაღი სიყვარულით ეალერსება,
მუხლმოდრეკილი ევედრება არსთა გამრიგეს,
გადმოხედოს და შეივრდომოს ერი სვიანი,
ქარსმინდობილი ეკლესიის ზარებს არისხებს
ის კნაჭა გოგო, გაოცებულთვალებიანი.
  31 იანვარი 2017 წელი
-

Tuesday, February 7, 2017

ჩემია ყველა ვარდი და ია

ჩემია ყველა ვარდი და ია,
ყველა ყვავილი, ერთად შეკრული...
ვერ ვემეგობრე თავკერძა ნიავს,
დავრჩი ამქვეყნად მარტო, ეული..


ისევ მიღიმის მოხუცი მამა

ზმანებაა თუ ცხადია მართლა,
მზერას ვაპარებ კედლისკენ კრძალვით,
ისევ მიღიმის მოხუცი მამა
და ფეხაკრეფით ოთახში დადის,
გამომიწოდებს წიგნს რუსთაველის,
ნათლით შეამკობს ქართველთა ანბანს,
მიაღწიაო თითქოს საწადელს, -
დაფნის გვირგვინით პოეტად მნათლავს!

უკვდავების წყალი (ზღაპარი)

   ერთ სოფელში ქალი ცხოვრობდა. ორი ვაჟი ჰყავდა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და ოჯახის ჭაპანს მარტო სწევდა. ერთ დღეს ოჯახის დედა წყალზე წავიდა, დაღლილ-დაქანცული წყაროსთან ჩამოჯდა დასასვენებლად, წყლის ჭურჭელი გვერდზე მოიდგა. ჩამოიარა მოხუცმა ჯოხით ხელში და ჰკითხა, - შენი შვილები სად არიან? - ქალმა ამაყად უპასუხა: - სახლში ბუხართან დავტოვე, ამ სიცივეში გარეთ ხომ არ გამოვიყვანდი?  - მართლაც საშინელი ამინდი იდგა, ქარი ზუზუნებდა, ალაგ-ალაგ თოვლი იდო, - რამდენი წლისანი  არიან შენი შვილები? - კვლავ ჰკითხა მოხუცმა. - ერთი ოთხისაა, მეორე - ხუთის, ენაცვალოთ, დედა, - ღიმილით თქვა ქალმა, გაყინული თითები თუნგს შემოხვია და წყალს შეუდგა. მოხუცმა სიყვარულით შეხედა ქალს და უთხრა: - შვილო, ვხედავ, კარგი დედა ხარ, მაგრამ შვილები ახლავე მიაჩვიე შრომას, თორემ მათგან კაცები არ დადგება! - ქალმა მადლობა გადაუხადა დარიგებისთვის, წყლის ჭურჭელი აავსო და სახლისკენ გაეშურა. მოხუცის ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია. უვლიდა შვილებს, ცივ ნიავს არ აკარებდა, ავად არ გამიხდნენო და ზამთარში ცხვირს არ აყოფინებდა გარეთ. გაზარმაცდნენ ბიჭები, განცხრომას მიეცნენ, იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ დედას დახმარება ჭირდებოდა. შრომისაგან წელში გაწყვეტილი დედა ლოგინად ჩავარდა, რამდენიმე დღე სიცხისა და ტკივილებისაგან იტანჯებოდა.ერთ დღეს ნასიცხარმა ტუჩებგამშრალმა წაიჩურჩულა - წყალი, წყალი, - შეწუხდნენ შვილები, უკვე თოთხმეტი-თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, აქეთ ეცნენ, იქით ეცნენ, ყველა ჭურჭელი ცარიელი დახვდათ, სახლში წყლის მარაგი ამოწურულიყო, დაიწყეს კინკლაობა, წყლის მოსატანად არა შენ წადი, არა შენო, ვერ გადაეწყვიტათ, რომელი წასულიყო, კვლავ გაისმა მომაკვდავის ხმა, -  წყალი, -  ბიჭები თავიანთ ოთახებში მიიმალნენ. დაბნეულები ფანჯრებს ეცნენ, გამოაღეს, გადახტნენ და წყაროსკენ მოკურცხლეს იმ ჭურჭლით ხელში, რაც ოთახებში იპოვეს.  მათი ოთახები სახლის სხვადასხვა მხარეს იყო განლაგებული, ამიტომ წყაროსაც სხვადასხვა მხრიდან მიადგნენ, ერთმანეთი რომ დაინახეს, შერცხვათ, ხმაამოუღებლივ აავსეს დოქები და წყალი დედას მიურბენინეს, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ დაალევინებდა ავადმყოფს პირველი წყალს. შვილების მოტანილმა წყალმა დედა მოასულიერა, მალე კარგად გახდა. რა იცოდნენ შვილებმა, რომ დედისთვის უკვდავების წყალი მოჰქონდათ?! მას მერე ბიჭები მხარში ამოუდგნენ მშობელს და სასახელო შვილებიც დადგნენ, ისეთივე მზრუნველი და მეოჯახეები, როგორიც მათი დედა იყო. "კვიცი გვარზე ხტის", იტყოდნენ ხოლმე ბიჭების შემხედვარე სოფლელები.

Saturday, February 4, 2017

სანამ იტყოდე

სანამ იტყოდე რამეს, დაფიქრდი,
ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი,
თორემ ვერ იჭერს სიტყვებს ანკესი,
არც პეპლის ბადე არის დამჭერი,
პირველად იყო სიტყვაო, - უთქვამთ,
იმისი ძალა ცაზე მეხია,
ნუ იტყვი სიტყვას, კაცს გულს რომ უკლავს, -
შემოგვღაღადებს  დიდი მესია.



Friday, February 3, 2017

ამას გთხოვ, უფალო!


დარდებშესხმული ტოტი ვარ ერთი, ქარწაღებული,
ღმერთო, მიშველე, არ დავენარცხო კლდეთა პირს ბასრებს,
არ მექცეს ბინად უფსკრულები, შავი მღვიმენი,
არ მაზიაროს ბედისწერამ ბოროტთა ზრახვებს,
რომ მე არ დავრჩე ჯოჯოხეთის ცეცხლით გზნებული,
უნდილი ცხვარი, შენი ურჩი, ბუნტის მოთავე,
ერთი პატარა უმწე კრავი, გზააბნეული,
წუთისოფლისგან დევნილი და მასთან მოდავე.
არ დავიკარგო, ვით ფოთოლი, ქარსმინდობილი
არედ, რომელიც არ მეკუთვნის, მხოლოდ მიზიდავს,
გაუშლია რა ლელიანში ფარჩის ლოგინი...
რომ არ მაცდუნოს უთვალავმა ხიბლმა მიწისამ,
მინდა წაშალოს ამ გრიგალმა ცოდვების კვალი,
ღმერთო, შემინდე, გადმომხედე, თუნდაც ირიბად!
,





უფალს!

სიონის ზარებს გამოვატან შორიდან  სალამს,
ცად დაუხვდები, ერთადერთო მზევ და ტკივილო,
დავიარები ამ მიწაზე, უფალო, სანამ, -
როგორმე უნდა შემივრდომო, თვალთ ამიხილო.
როგორმე უნდა მომაშველო ცრემლიანს ხელი,
არ მომარიდო სევდიანი, ნაცნობი მზერა,
მერე კი, როცა მომეწევა სიკვდილის ცელი,
შენთან ვიქნები სამუდამოდ, ღრმად მწამს და მჯერა.

Thursday, February 2, 2017

გოგონა, რომელიც უყვარდათ

გოგონა, რომელიც უყვარდათ
(ან ასე ეგონა თავიდან...),
შეცბუნდა, როდესაც მუხთალთა
ტკივილი შეასვეს ჯამიდან.
ცრემლებით გაანდო ნიავქარს,
თუ როგორ დაუხშეს ნათელი...
საწამლავს ასმევდნენ ნიადაგ, -
მას ღვინო ეგონა ნაფერი.
უმადურთ მიაგებს უფალი, -
სიცრუე ზეცაში ფასდება!
და... მაინც მწვალებლებს უმადლის,
რომ შეძლო ავკარგის გარჩევა.
და... ისევ ბილიკი გზაწვრილთან...
გულშიც კვლავ ყინვა და თოვლია...
ყველაფერს დაიწყებს თავიდან. -
ასეა, თუ მხოლოდ ჰგონია?!

ჩვენი ოცნება (ჩანახატი)

  რაც წლები მემატება, სულ უფრო ღრმად ვუფიქრდები და ვაანალიზებ ქართველი ხალხის მდგომარეობას. სასოწარკვეთილ და უიმედო სახეებს ვხედავ გარშემო. დილით დავინახე, ნაგვის ყუთში კაცი იქექებოდა, არ ვიცი, რას ეძებდა, მაგრამ ამ სანახაობამ სულით ხორცამდე შემძრა და გული მომიკლა. სამწუხაროა, რომ არაფრით არ შემიძლია ამ ხალხს დავეხმარო, მე თვითონ არ ვმუშაობ, ხოლო ის კაპიკები, რომელიც მათთვის შეუძლია გაიღოს ჩვენი თანამოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ზღვაში წვეთია, რაც მათ სჭირდებათ. ნებისმიერი საზოგადოება უნდა ისწრაფოდეს სოციალური უთანასწორობის მოსპობისაკენ, ჩვენთან კი, როგორც ვხედავ, ეს უთანასწორობა ღრმავდება. მანქანების შემოყვანას იმხელა ბაჟი დაადეს, რა თქმა უნდა ძველ იაფფასიან მანქანებზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ასე თუ ისე ჩვენი ღარიბი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო, რომ ეს მცირეშემოსავლიანი ბიზნესიც მოესპო ხალხს. თვითონ, ჩვენი ბიზნეს და პოლიტ ელიტა, რა თქმა უნდა, ძალიან იაფად განაბაჟებენ თავიანთ ძვირადღირებულ მანქანებს, თუმცა ყიდვაც არ ჭირდებათ, მათ ხომ ისედაც უფასოდ ემსახურებათ მანქანები. ალბათ გადაადგილებაში ხელი ეშლებათ საცობებში. საით მივდივართ, უკვე ვეღარც ვხვდები, საპნის ბუშტივით ჩაიფუშა ჩვენი ოცნება, ბედნიერ საქართველოში ვიცხოვროთ!

გამონათქვამები

ბუშტებივით სკდება იმედები, მაგრამ მათგან
განსხვავებით იმედი არ ყვირის, არ ხმაურობს,
ჩუმად მიიპარება, დამდნარი თოვლივით,
თუმცა გულში ღრმა და დიდ კვალს ტოვებს,
უიმედო გული სწორედ გამსკდარ, მომჩვარულ,
ნაგლეჯებად ქცეულ ბუშტს ემსგავსება.


       _______________________

ჩუმად ისმის ზარების რეკვა, 
მაგრამ რაოდენი წუხილია მასში, 
ჩემო სამშობლოვ!

  ________________________________


მონადაც რომ გაუხდე ზოგიერთ ადამიანს, მადლობელი მაინც არ დარჩება, იტყვის ამ პატივისცემის ღირსი ვიყავიო, ამიტომ მიაგეთ "კეისარს კეისრისა", ნუ ეცდებით ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ თქვენ თვითონვე არ დარჩეთ გულნატკენნი და იმედგაცრუებულნი.

    ______________________________

ყველაფერი არ უნდა აპატიო ადამიანებს, იმიტომ რომ მერე ჰგონიათ მართლები იყვნენ

  _____________________________

ძაღლიც კი ცდილობს სხვა ცოცხალი არსება გადაარჩინოს, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, ჩვენ კი ერთმანეთს ვხოცავთ!

Wednesday, February 1, 2017

ვიცი

ვიცი, რომ სხვა დრო აღარ იქნება,
ვეღარ დავრჩებით ღმერთის იმედად,
ჩვენც გავანძრიოთ უნდა ხელები,
ეპოქას, ჩვენს ერს, როგორც შეჰფერის.

მუზა მეწვია

დილაადრიან მუზა მეწვია, მითხრა:
-ნუ დარდობ შენს თავს ქეციანს,
წინაპრებს ტყუილად დაურჩათ გარჯა,
ერი სიმწრისგან ტკივილებს ყლაპავს,
ქვეყანას ბედკრულს მიხედეთ ახლა,
თორემ დარჩება ტურას და შამანს.
,