Sunday, February 28, 2016

თან მდევს ფიქრი (სახუმარო)

თან მდევს მუდამ, ფიქრი, მუქი,
შემომაცვა თავის ქურქი,
არ მანებებს არსად თავსო,
ჯოჯოხეთის ცეცხლით მწვავსო.
ღამით ბალიშს არ სცილდება,
დილით თავში მაცქერდება
ჭამს და მგზავრობს  ჩემთან ერთად,
დასვენების არ მრთავს ნებას.
თუ კი ვინმეს ეზარება
მარტო ყოფნა, უნდა ხლება,
მას გადავცემ ესტაფეტას,
რომ დავეხსნა დიდსა სნებას.




მინდვრის ყვავილებო!

მინდვრის ყვავილებო, ლამაზებო,
თქვენი სურნელება მიმოფანტეთ,
ქარი გაიწვიეთ სალაღობოდ,
წვიმას ცის თვალები ჩამობანეთ.
სურვილს აყოლილო, ჩამიჩუმით,
ჩადრით შემოსილო, ყაყაჩოო,
ნეტავ, ვინ იქნება იმისთანა,
ჩურჩულს ჩივილი არ დააყოლოს.

Saturday, February 20, 2016

Carl Sandburg,Lost დაკარგული, კარლ სანდბურგი (თარმანი ინგლისურიდან ლევან ჭელიძისა)

Carl Sandburg, Lost  

Desolate and lone
All night long on the lake
Where fog trails and mist creeps,
The whistle of a boat
Calls and cries unendingly,
Like some lost child
In tears and trouble
Hunting the harbor's breast
And the harbor's eyes


დაკარგული,კარლ სანდბურგი (თარმანი ინგლისურიდან ლევან ჭელიძისა) 

მიტოვებული და მარტოხელა,
ღამეში ტბაზე,
სადაც ბურუსი გზას იკვლევს,
დაცოცავს ნისლი,
სასტვენი ნავის
ყვირის და ტირის,
ვითარცა ბავშვი დაკარგული,
შეწუხებული და ცრემლიანი,
ნავსაყუდელის ეძებს მკერდს
და მისსავე თვალებს.






Sunday, February 14, 2016

საგალობელი წმინდა ნინოს

შროშანს ვუგალობოთ, ფერხდილს, ჩვენზე ფიქრით,
ჰანგებს სალამურის ვმატოთ ჩანგთა ჰიმნი,
საროს, ალვისტანას, კოკორს გაუფურჩქვნელს,
ბოდბის სანახებში ქარი აკვანს ურწევს.
სურის სურას სხვათა სასმისთ შეგებება,
ჩვენი ლოცვებიც ხომ ზეცას მიეგება,
დაშლილს ნაწილებად, ერთ დიდ ატირებად,
ზღვათა ტალღებივით რწმენა ადიდდება.
განძია დიდი და დამდგარი ნაპირზე,
კეთილთა ნაყოფთა მოწევას აპირებს,
თესა და აბნია სიკეთე მრავალი,
დატოვა მიწაზე  კეთილი მარცვალი,
სურის, ამაღლებულს ერის გამარჯვება,
ვიქცეთ არწივად, ფრთათა გამალებად,
აივსოს ბეღელი, ამღერდეს თარები,
ვჭედოთ და ვაბნიოთ ლურჯ ცხენებს ნალები.
ვენახში, ბაღებში გვეწვიოს ბარაქა,
ბოროტს და უკეთურს გავაცლით არაქათს,
ქალწულის თვალები ემსგასა ამარტებს,
მტერი და ავსული იმ შუქით დავნაცრეთ.
წმინდაო, წმინდაო, ერის საწინდარო,
კამარავ ცისაო, ჩვენთვის რომ გღვიძავსო,
ჩაუქრობელო, ლამპარო ღვთისაო,
ნინოო, წმინდაო, ჩვენო გამკითხავო!






Saturday, February 13, 2016

შეხე, ლამაზი გამოდის დილა!

თუ კი კლდის თავზე ამოვა ია,
თვალებს მოგვტაცებს კამკამა, ლურჯი,
გამოანათებს ქვასა და რკინას,
თვალებს აღაპყრობს მზისაკენ ქუჩი.
შენ რაღა ღმერთი გიწყრება, კაცო,
რატომ ხარ ასე ჯიუტი, ურჩი,
შეხე, ლამაზი გამოდის დილა,
წამოდექ ღიმით და ტირილს მორჩი.





Thursday, February 11, 2016

გული

გული - სიყვარულით სავსე შუშის ბოთლი,
მსხვრევადი და გამჭვირვალე, როგორც ჰაერი,
სისხლი - წითელი და ბლანტი, გაუმჭვირვალე,
კუნთი, სისხლძარღვების კვანძი და მაინც, 
უხილავი გრძნობების ნაერთი, ნაზი და ფაქიზი.

,

მე მაინც იგივე ვიქნები

ნისლებში ვეხვევი დილიდან,
მქარავს და მაცივებს ფიფქები,
ახლა რომ დავიწყო თავიდან,
მე მაინც იგივე ვიქნები.
სხეულზე დატოვეს ღარები
წლებმა და უშენო ფიქრებმა,
ნისლები მაცვივა ფიფქივით, -
მინაზე დაგხატეს თითებმა.

Tuesday, February 9, 2016

მაშ, რაღად-ღა მიმზერ?!

ფერმიხდილო ვარდო, ასე რატომ დარდობ,
ჩიტუნიავ, მარდო,შენ რადა ხარ მარტო,
რადა კვნესი, მტკვარო, რად დადუმდი, თარო,
გაზაფხულის მზეა, აღარ გავიხარო?!
გულში ლამაზ იებს დაუხრიათ თავი,
იასამანს, გრძნეულს, აეხილა თვალი,
სიბერეს და სიტყვებს დაუტყვიათ კვალი, -
მაშ, რაღად-ღა მიმზერ, ქარო, შურის თვალით?!




სიკეთის გზა

რა მოხდა მერე, კარგი ლექსი თუ ვერ დავწერე,
თუ კი ვერ დაწვა ჩემი გული მაღალმა რითმამ,
თუ კი ვერ შევძელ, შევწვდომოდი სხვათა დიდებას,
მომავლის კერპებს დავეგები გასავლელ ხიდად.
წინაპარივით შემოვისხი ტანზე ჯაგარი,
არ დაესუსხა ბოროტებას კანი სათუთი,
ძირს დავიღვარე ავსებული ნექტრით ხართუთის,
რომ უფრო ტკბილი გამხდარიყო მიწა ქართული.
მე ერთგულებით მეგობრობის ვწიე ჭაპანი,
სიყვარულით და სასოებით გავითბე გული,
ვერ დამწამებენ, რომ როდისმე ვიყავ ჯაბანი,
გზას მომავლსკენ გამინათებს სიკეთის შუქი.