Saturday, October 24, 2015

მე თოჯინა ვარ

    მე ნამდვილი  თოჯინა ვარ, თუმცა ცოტა შელახული, დაძველებული, თვალებშიმზე ჩამქრალი ერთ დროს კი, როცა მიყიდეს, ჩემ შეხედვას არაფერი სჯობდა. მწვანე თვალება ქერათმიანი ლამაზმანი ვიყავი, ახლანდელი ბარბები სწორედაც რომ ვერ შემედრებოდნენ ნამდვილ, შეკვეთით დამზადებულ, საბჭოთა თოჯინას, დახვეული ნატურალური თმებით, თეთრი გეტრებითა და შავი ტუფლებით, მოსწავლესავით ჩაცმულ-დახურულს. მიყიდეს ჩემი საწოლით, ლოგინით, ვარდისფერი ბალიშებითა და ატლასის პენუარით, ავეჯეულობით და ანტიკვარიატით, სხვაც ბევრი რამ მომყვა, თუმცა ყველაფერი აღარც მახსოვს. სანამ სახლში მომიყვანდნენ, საპატარძლო კაბაშიც გამომაწყვეს, ოქრომკერგით ნაქარგი ფატა ძალიან  მიხდებოდა. ასეთი დედოფალა მაშინ იშვიათობა იყო, ამიტომ შენაძენით ამაყობდა არა მარტო ჩემი პატრონი, არამედ მისი დედა, მამა, ბებიები და ბაბუებიც კი. გარეთ ფაიტონით გამასეირნებდნენ, გვერდზე ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ პატრონს მომისვამდნენ და ყველას აჩვენებდნენ, ნახეთ, რა ლამაზი თოჯინა გვყავსო. მეც ვიპრანჭებოდი, ბედით კმაყოფილი, აქაოდა რა კარგ ხელში ჩავვარდი-მეთქი, ასე ყველა თოჯინას კი არ უმართლებდა?!, ზოგს ისეთი პატრონი შეხვდებოდა, ზედ არ შეხედავდა, ძირსაც გაათრევ-გამოათრევდა, თავსაც გაუტეხავდა, დაასახიჩრებულს ბოლოს ნაგავსაყრელზე მიუჩენდა ბინას, განა იშვიათად დაგინახავთ ხელ-ფეხმომძვრალი, თმებდაგლეჯილი დედოფალები, ნაგავში გადაყრილები?! ჰოდა, მეც მანდ ვარ! მე კი, როგორც ზევით აღვნიშნე, დიდ პატივში ვიყავი. მიხაროდა, ასე რომ მექცეოდნენ. პატრონი ყველგან თან დამატარებდა, მამამისს რამდენიმე მანქანაც აყიდინა, თოჯინას ძირს ფეხს ვერ დავადგმევინებო, პატრონის დედაც მეფერებოდა, მამაც, ბებიებიც და ბაბუებიც. მისთვის კი, ერთი წუთიც  უჩემოდ გატარებული, მთელი საუკუნე იყო. ნაირ-ნაირ ტანსაცმელს არ მაკლებდა, ეს ნუტრიას ქურქიო, ეს ტყავის ქურთუკიო, ეს "დუბლიონკაო", მაშინ მაგარ მოდაში იყო,  ხან დედოფლის სამოსში ვიყავი გამოწყობილი, ხან- მზარეულის,  ხან დიდი სახლის პატარა დიასახლისის როლს ვასრულებდი, ხან კი მოკლე კაბასა, შავ გეტრებსა და თეთრ ფეხსაცმელებში, მაღალ ქუსლებზე თავმომწონეობდი პატრონის წინ. არც სამკაულები მაკლდა: რამდენიმე ბრილიანტის ბეჭედი, საყურეები, სამაჯურები და საათები, ყველაფერი ოქროსი, მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. პატრონმა, კარგად გაერთოსო, ჯერ სხვა ლამაზი თოჯინები მომიყვანა, იმეგობრეო, მერე შვილი თოჯინების ყიდვა გადაწყვიტა, შენნაირი ლამაზები უნდა იყვნენო, ბიჭი თოჯინების ყიდვა მაშინ ძნელი იყო, ახლა გაიოლდა, მაშინ კი მხოლოდ გოგო თოჯინები იყიდებოდა, ამიტომაც ორი გოგო თოჯინა მიყიდა, ბიჭი კი, რომ ვერ იშოვა, შეკვეთით დაამზადებინა, აქაოდა ჩემი გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო. ახლა დედის როლი მოვირგე,. სახლიც შეიძინა ჩვენთვის, უზარმაზარი ვარდისფერი სასახლე, დღეს ბარბებს რომ აქვთ, და ყველა გოგონა რომ შურის თვალით უყურებს, ვარდისფერი  მანქანაც მიყიდა, მაგრამ ხელფეხშეკრულს როგორ შემეძლო მისი ტარება, აქაოდა ჩემს თოჯინას ყველაფერი აქვსო, კმაყოფილი და ბედნიერი იყო, მეც ბედნიერი ვიყავი, სანამ...

                                                 __________________________

   ქალი ლოგინში იწვა და სარკეში ადევნებდა თვალს ქმარს. რეზოს დაკუნთული, გარუჯული  სხეული ყოველთვის ვნებას აღძრავდა მასში. ფულიანი კაცი იყო რეზო, მაღალი თანამდებობის პირი. ქალებსაც მოსწონდათ ენაწყლიანი, კოხტა, ხელგაშლილი მამაკაცი. ეჭვები ღრღნიდა, ბოლო ხანებში ქმარმა მის მიმართ დამოკიდებულება თითქოს შეცვალა, ისეთი სიყვარულით აღარ ექცეოდა, როგორც უწინ, თუ ეს ყველაფერი ეჩვენებოდა?!  ახლაც საუკეთესო ტანსაცმელში გამოეწყო, კვირა დღე იყო. ქალმა შეკითხვის დასმა ვერ გაბედა, მაგრამ თითქოს მის სხეულში რაღაცა მექანიზმი ჩაირთოო, თოჯინის თავში რაღაცა აირია. სწრაფად აამოძრავა ხელები და ფეხები, ჩაიცვა და უჩუმრად აედევნა მეუღლეს. რა იცოდა რეზომ, რომ მან შემთხვევით გამოჰკრა ხელი იმ გასაღებს, რომელიც თოჯინას აამუშავებდა, ეს გასაღები კი ეჭვი იყო. დიახაც, ეჭვი, რომელსაც შეუძლია ერთ წუთში გაანადგუროს დიდი ხნის ნალოლიავები, ფანტაზიით თუ რალობით შექმნილი უზარმაზარი კოშკები, თუ კი ის სიცრუეზეა აგებული. რეზო ძველ დანგრეულ შენობას მიადგა,  ქალმა აბანოს მიამსგავსა, ძველი ნესტიანი ობმოკიდებული კედლებიდან წყალი ჟონავდა, კაცმა ეს შენობა გვირაბივით სწრაფად გაიარა, გზადაგზა ქალისთვის უცხო ადამიანებს ხვდებოდა, ხელს ართმევდა, ესაუბრებოდა, ქალმა თითო-ოროლა სიტყვის გარჩევა თუ შეძლო: "მიიყვანეს," "ყველაფერი მზადაა", "მალე დაიწყება", რომელთა აზრი მისთვის უცნობი და გაურკვეველი იყო.  ქალი უჩუმრად მიჰყვებოდა უკან, შიშობდა, ქმარს არ დაენახა. კაციც საოცარ სიფრთხილეს იჩენდა, უკან-უკან იხედებოდა, შენობიდან გასული მამაკაცი ლამაზ სახლს თუ სასახლეს მიადგა, მიიხედ-მოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, შიგნით შევიდა. ქალს არასოდეს დაუნახავს უწინ ეს შენობა ამ ადგილას ან არ შეუმჩნევია, ალბათ. ცოტა ხანში ქალიც უკან მიჰყვა, დაუბრკოლებლად გაიარა ორივე მხრიდან სტატუებით მორთული დერეფანი, რომელიც კოლიზეუმს უფრო ჰგავდა ვიდრე ჩვეულებრივ კორიდორს, გაკვირვებული ათვალიერებდა იქაურობას, გადაადგილებაში ხელს არავინ უშლიდა, მიუხედავად ბევრი იქ მდგომის უცნაური მზერისა, ის გზას უშიშრად აგრძელებდა. დერეფნის ბოლოს თვალებში თითქოს რაღაცა ეცა,, თვალები აეწვა.წაქცევისგან ძლივს შეიკავა თავი, თვალები რომ გაახილა ქვემოთ ჩამავალი კიბეები შენიშნა, ჩაუყვა და უეცრად მის თვალწინ უზარმაზარი არენა გადაიშალა, თავიდან ეგონა ცირკში მოხვდა, ჰაერში კვამლის ბოლქვები და ბუღი იდგა, ამიტომ უჭირდა რაიმეს გარჩევა, ისმოდა ყვირილი, კვნესა, შეძახილები. ნელ-ნელა თვალი შეაჩვია იქაურობას,  მის წინ საშინელი სურათი გადაიშალა, რომლის მთავარი მონაწილენი, მისდა გასაოცრად,  ადამიანები იყვნენ. მათ ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, უიარღოდ, ერთნეთს ხელებით  ებრძოდნენ, ფეხებსაც იშველიებდნენ, კბილებსაც, ერთმანეთს ხორცებს აგლეჯდნენ, თმებით წეწდნენ, აქა-იქ ხორცის ნაფლეთები ეყარა, აგერ ყურიც, სისხლის გუბეში კაცი ფართხალებდა, მკვდარიც კი შენიშნა, რომელსაც არენიდან მიათრევდნენ.  ქალი თვალებს არ უჯერებდა, ალბათ სიზმარში ვარ, გაიფიქრა და იქაურობის თვალიერება განაგრძო. მაყურებლებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანის სახე გაარჩია, რამდენიმე პოლიტიკოსი, ბიზნესმენიც ესწრებოდა წარმოდგენას, ზოგიერთი ყიჟინით, შეძახილებით ამხნევებდა ბრძოლის მონაწილეებს,, ზოგი თვალებზე ხელს იფარებდა, დადუმებული და გაშტერებული იჯდა, თითქოს სცხვენოდათ იქ ყოფნის, მაგრამ სხვა გზა არა ჰქონდათ, რამდენიმეს გულიც კი არეოდა და თავისივე ნაღებში იჯდა გაუნძრევლად.. ქალს თავბრუ დაეხვა, მეუღლე რომ ვერსად დაინახა, გასასვლელისკენ დაიძრა, უნდოდა ჰაერი ჩაესუნთქა და გაერკვია, რასთან ჰქონდა საქმე, რეალობასთან თუ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. დერეფანში ღია კარი შენიშნა, საიდანაც ხმაური ისმოდა, რეზოს ხმა გაარჩია, სასწრაფოდ იქით დაიძრა, უნდოდა ნანახი ეამბო მისთვის, შველა ეთხოვა. ოთახში გაშლილ მაგიდას მისი მეუღლე და რამდენიმე კაცი მისხდომოდა, მათ შორის რეზოს მეგობრები იცნო, ზოგი კი მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, რაღაცას ჭამდნენ, ის იყო ქმრის სახელი უნდა ეყვირა, რომ მის ხელში ადამიანის თითები შეამჩნია, რომელსაც ის მადიანად მიირთმევდა, ქალი ქმარს გაქონილ პირისახეზე მიაშტერდა, -ვინ არის ეს თოჯინა?!- ჰკითხეს გაოგნებულ რეზოს, მან პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ქალმა გონება დაკარგა, მას ტუჩებზე შეაცივდა სიტყვა-: "კაციჭამიები".
          როცა გონს მოვიდა, ლოგინში იწვა, მეუღლე ზემოდან ეჭვით დასცქეროდა,  ქმარს თვალი თვალში გაუყარა, ის მშვიდად და ალერსით ელაპარაკებოდა,  -რა მოგივიდა, საყვარელო? ძილში საშინლად კვნესოდი, ცუდად ხომ  არ ხარ?! ექიმი გამოვიძახო?! -არ ჩერდებოდა რეზო. ყველაფერი სიზმარი ყოფილა, გაიფიქრა ქალმა და მშვიდად ამოისუნთქა., მეუღლეც დააწყნარა, არაფერი მიჭირსო და ლოგინიდან სწრაფად წამოხტა. მოდუნდა, მოიღვენთა, თითქოს მამოძრავებელი ძალები წაერთვაო, ისევ ის გახდა, ვინც მანამდე იყო.მექანიზმი გამოირთო. ქალი კვლავ გაუყვა უზრუნველი ცხოვრების დინებას და ყველაფერი ესე გაგრძელდებოდა, რომ არა უცნაური ზარი, რომელმაც ამცნო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და არა მარტო საყვარელი, შვილიც კი. ზარმა დააფრთხო კიდევაც და მიძინებული ეჭვიც გაუღვიძა,-იქნებ ის სიზმარიც მართალია, -გაიფიქრა, ისევ აერია ტვინში რაღაცა, თითქოს ახლა ამოიღო არტახებიდან ხელი, მეუღლეს დაკითხვა მოუწყო. რეზომ თავიდან იუარა მეორე ცოლ-შვილის ამბავი, მაგრამ ბოლოს სიმართლე აღიარა, მიხვდა რომ რეალობას ვეღარ დამალავდა. ქალი ლოგინად ჩავარდა, ორი კვირა საწოლიდან ვეღარ დგებოდა, რეზო საწოლთან მუხლებდაჩოქილი პატიებას სთხოვდა, მაგრამ პასუხი არ ისმოდა.-ამდენი წელი ვის ვემსახურებოდი?!-შეკითხვას სვამდა ქალი და მწარე ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან. ბოლოს მოხდა მოულოდნელი რამ, ქალი გამოჯანმრთელდა, ლოგინიდან ამდგარმა ცოტაოდენი ტანსაცმელი შეაგროვა,  მოცეკვავესავით ხელები აიქნია, გედივით მოიღერა კისერი და ამღერდა, ის ყელზე მოეხვია რეზოს და მადლობა მოუხადა, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლა, როგორც ჩიტი,  რომელიც დიდი ხანი იყო გალიაში გამოკეტილი,- აქამდე მე შენზე ვსწორდებოდი, შენ ჩემთვის სამაგალითო პიროვნება იყავი, დღეის იქით კი  მე თავისუფალი ადამიანი ვარ,- უთხრა ქმარს,- ჩვენ ერთად აღარ ვიცხოვრებთ და მან დატოვა ვარდისფერი კოშკი.


                                                 ______________________


              მე, პატარა გოგონა ვარ, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. მეც თოჯინა ვარ, რომლის ორ ნაწილად გახლეჩას ლამობენ. მერე უკვირთ, რატომ გვაქვს ნერვები ასე აწეწილი. ჩვენ ყველანი თოჯინები ვართ, ვინმეს მიერ მართული, მთავარია სიკეთეს ვემსახუროთ.  მე, დედამ და ჩემმა პატარა ძმამ მამის სახლი დავტოვეთ და დავსახლდით ქალაქგარეთ ბაბუაჩემის, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, სახლში. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო ჩემთვის მშობლიური კუთხის მიტოვება, მაგრამ დედას მარტო ვერ დავტოვებდი.  ჩემი უფროსი და მამასთან დარჩა, ის ნამდვილი ბარბია, ულამაზესი ქერა თმებითა და ლურჯი თვალებით, ძალიან ჰგავს ჩვენს უკრაინელ ბებიას. ბებია დიდი ხანია უკრაინაში გადასახლდა, არეულობის დროს, 90-იანებში, პატარა ბიძასთან ერთად. დედა მიხვდა, რომ ცხოვრება ისეთი იოლი არ არის, როგორც ეგონა. ის აღარ ცხოვრობს ცისფერი ოცნებების ვარდისფერ სასახლეში. ის წყნარი, მშვიდი, ალერსიანია, ისეთივე ფუმფულა და ნაზი, როგორც მისი შეკერილი ბალიშები. ის გამოსავალს ეძებს, ათას საქმეს მოჰკიდა ხელი, რომ მე და ჩემი ძმა გვარჩინოს. მაინც გვიჭირს, მაგრამ მამაჩემისგან დახმარებას არ ღებულობს. დედამ ბებიას ნასწავლები სამკურნალო მალამოების რამდენიმე რეცეპტი გაიხსენა და ახლა იმ ადამიანებს ემსახურება, რომლებსაც მისი დახმარება ჭირდებათ. მე და დედა ხშირად დავდივართ შორიახლო მინდვრებში სამკურნალო ბალახების შესაგროვებლად, ჩვენს სახლში სულ დგას ყვავილების სუნი, რომელიც ძალიან მომწონს. ერთხელ ველზე გავედით, მე გვირილებს ვაგროვებდი, დედა, როგორც ყოველთვის-ბალახებს, დასასვენებლად ჩამოვჯექით, მე მუხლებში ჩავუდე თავი,  ცას ვუყურებდი, მოიღრუბლა, უცებ წვეთი დამეცა სახეზე, ვიფიქრე, წვიმა დაიწყო-მეთქი, მაღლა ავიხედე, დედა ტიროდა, მას სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და სახის კანს მიწვავდა,-რა მოგივიდა, -ვკითხე შეშფოთებით,-დედა მენატრება,- მითხრა დაღონებულმა, მივხვდი, რომ მასაც აქვს სურვილები, ოცნებები, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევ, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორიც მე ვარ. მაშინ მფრინავი ხალიჩა ვინატრე ან ნატვრის თვალი, რომ მისთვის ყველა ოცნება ამეხდინა.
                 სახლში დედამ ხატების კუთხე მოიწყო.ხშირად ლოცულობს. ერთხელ ვკითხე- ვისთვის ლოცულობ, დედი?-ყველასთვის, მიპასუხა.- მამასთვისაც ლოცულობ/' -გავუმეორე შეკითხვა.- მამასთვისაც;- ისევ მიპასუხა და თვალებში სევდა ჩაუდგა. მამამ მეორედ იქორწინა, ახლა სხვა თოჯინაზე. მე და ჩემი ძმაც ისევ მის თოჯინებად დავრჩით, უხილავი ძაფებით მართულ თოჯინებად, დედა კი, თავისუფალი ადამიანია, ყველაზე თავისუფალი...

                                                 --------------------------
         

          მე თოჯინა ვარ, დაბერებული, შელახული, მაგრამ თვალებშიმზეჩამდგარი, რადგან ახლა მე ჩემი შვილიშვილის თოჯინა ვარ, ბებო თოჯინა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს, მე სიკეთეს ვემსახურები და არა ბოროტებას, მე თოჯინა ვარ, რომელიც მუდამ იცინის, რომ პატარა მაია გაახაროს, მაგრამ ერთხელაც ალბათ დადგება დღე, რომ მეც კუთხეში მიმაგდებენ, გამათრევენ და როგორც უვარგისსა და გამოუსადეგარს სანაგვეზე გადამაგდებენ,


                                                 -----------------------------------------
        გოგონას პატარაობიდან უყვარდა სასაფლაო, რაღაცა სიმყუდროვეს გრძნობდა   საფლავებს შორის. პირველად იქ  ბებიას დასაფლავებაზე მოხვდა, თავისი საყვარელი ბებიას., რომელიც მუდამ კაკლის მურაბითა და ჩურჩხელებით უმასპინძლდებოდა. ამის მერე შეუყვარდა ალბათ სასაფლაო. ახსოვდა, როგორ ჩაუშვვეს კუბო წინასწარგათხრილ ორმოში, კიდევ დიდხანს ესმოდა, როგორ აყრიდნენ მიწას,  თვითონ კვიპაროსის ქვეშ იდგა ატირებული, ახსოვს ვიღაცა ამშვიდებდა, მაგრამ ვინ იყო, არ ახსოვს, ალბათ იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო. მას მერე ხშირად დადიოდა სასაფლაოზე, ხავსმოკიდებულ ქვებს ესაუბრებოდა. სწორედ იქ გაიცნო პატარა ბიჭი, რომელიც სადღაც შორიახლოს ათევდა ღამეს, უსახლკარო  და უპატრონო იყო.გოგონას ეცოდებოდა, ხანდახან მისთვის საჭმელი მოჰქონდა სახლიდან,  -სად ათევ ღამეს,-ჰკითხა ერთხელ გოგონამ, აქვე ახლოს- უპასუხა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და ერთ პატარა სახლთან მიიყვანა, რომელიც თავისი ხელით შეეკოწიწებინა, გოგონა გაოცებით უყურებდა უცნაურ ნაგებობას, ფერადი შუშებითა და პლასტიკატებით შემკობილს, რომელიც მზის შუქზე ელავდა და ბრწყინავდა. -რა ნიჭიერი ყოფილხარ, -უთხრა გოგონამ, -მართლა მოგწონს? ჰკითხა ბიჭმა, --მართლა, მართლა,- პასუხობდა გოგონა, მაგრამ ყველაზე მეტად გააოცა იმ მშვენიერმა თოჯინებმა, რომლებსაც ამ სახლში მოეყარათ თავი. ზოგი გოგო თოჯინა იყო, ზოგი-ბიჭი, ლამაზად ჩაცმულ-დახურულები უცნაურად გამოიყურებოდნენ ამ ადგილას.-თოჯინების თეატრი-, წამოიძახა გოგონამ. -ამათ მაინც სად პოულობ?! - ჰკითხა ბიჭს, -ნაგავსაყრელზე,- იყო პასუხი, -წამოდი გაჩვენო,-უთხრა ბიჭმა, ხელი მოჰკიდა და გზას გაუყვნენ, მალე ნაგვით სავსე პატარა გორას მიადგნენ, რას არ ნახავდით აქ: გადაყრილ ავეჯს, ტანსაცმელს, ანტიკვარიატს, სურათებს და დიდ თუ პატარა თოჯინებს, ტანსაცმელშემოძარცვულებს, თავგატეხილებს, ხელფეხმომძვრალს, ზოგს წითელი ბაფთებით, ზოგს-თეთრი გეტრებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, ზოგს თმადავარხცხნილსა და გაპუდრულს, ზოგსაც, სიძველისაგან წამწამებდაგლეჯილსა და გაშავებულს-.ისინი ჩემი ერთადერთი მეგობრები არიან, -თქვა ბიჭმა და მათი შეგროვება დაიწყო, მას მერე გოგონა ყოველთვის ერიდებოდა ნაგავსაყრელებს, ახსენდებოდა ის პატარა ბიჭი, რომლის ერთადერთი მეგობრები ძველი, გადაყრილი თოჯინები იყვნენ, არ უნდოდა ერთ დღეს თვითონაც იქ აღმოჩენილიყო.

Tuesday, October 20, 2015

მფარველი ანგელოზი (მოთხრობა)

   მთიდან სულ სირბილით მოვექანებოდი, რაღაცა ძალა თითქოს ქვემოთ მექაჩებოდა, ხანდახან ვბორძიკობდი, ქვას წამოვდებდი ხოლმე ფეხს,  ხან ეკალ-ბარდები მიღობავდა გზას, არ ვეპუებოდი, ვგლეჯდი, ვწეწდი, დავსისხლიანდი კიდეც, მაგრამ ვერაფერმა შემაჩერა, ვგრძნობდი ვიღაცას ვჭირდებოდი, ქანცგაწყვეტილი მივედი სახლში, ჩემი ქმარი ეზოში რაღაცას საქმიანობდა, გაკვირვებით შემომხედა- რა მოგსვლია, ქალო!-ესღა მკითხა, არაფერი მიპასუხია,  დავწყნარდი, აქ ყველაფერი რიგზეა, თორემ დათო ასე მშვიდად არ იქნებოდა-მეთქი,.სახლში შევედი, დასასვენებლად მივწექი, ბალიშზე დავდე თუ არა თავი, საშინელი სიზმარი მესიზმრა, დედას ფეხი სტკიოდა, დახმარებას მთხოვდა, ოფლიანმა გავიღვიძე,- ალბათ მოუხერხებლად ვიწექი,- თავი დავიმშვიდე. მას მერე, რაც დედაჩემი უკრაინაში ცხოვრობს, ხშირად მესიზმრება, ვფორიაქობ, ვნერვიულობ, ვეღარ ვისვენებ. აი, ახლაც, ისევ ცუდი აზრები ამეკვიატა.
     დედა უკრაინელი მყავს. დიდი ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში, მამა გაიცნო, ხუთი შვილი ვეყოლეთ, გმირი დედაა, მაგრამ რა ხეირი, სამნი აქ ვცხოვრობთ, ერთი და-მხატვარი მოსკოვშია, ის კი არეულობის პერიოდში, 90-იან წლებში, სამშობლოში წავიდა, ჩემი ნაბოლარა ძმა, აფხაზეთის ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, თან წაიყვანა, უკეთესი ცხოვრების იმედით. ძმას მკურნალობა სჭირდებოდა, ფული არ ჰქონდა, სამუშაოს ვერ შოულობდა, ინვალიდს კი არა, ჯანმრთელ, ჯანსაღ მამაკაცებს დღესაც კი უჭირათ სამუშაოს შოვნა, მაშინ კი, იმ არეულობასა და საყოველთაო ქაოსში, მითუმეტეს, ძნელი იყო. ის ცალი ყურით ყრუ არის, გაგრასთან დაიჭრა, ექვსი საათი უკეთებდნენ ოპერაციას გაგრაში, ჩვენი ექიმების გულმოდგინეობით ყური აღუდგინეს, თუმცა სმენა ვერ შეუნარჩუნეს. რეაბილიტაციის მერე ისევ აფხაზეთში დაბრუნდა საბრძოლველად, კოდორს იცავდა. ძალიან დაწყდა გული. როდესაც გაიგო , რომ 2008 წელს ქართველებმა კოდორი დაკარგეს.  უკვე ოც წელზე მეტია, რაც  ხარკოვში ცხოვრობს, უკრაინელი ქალი მოიყვანა ცოლად, თუმცა დედა ძალიან წინააღმდეგი იყო, ქართველი რძალი უნდოდა, ქართველმა ქართველი უნდა მოიყვანოსო ცოლადო, სულ ამას ეუბნებოდა ჩემს ძმებს. დედას საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ არ გაუმართლა, ხერხემალი დაიზიანა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ახლაც სანატორიუმშია, ხარკოვისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ძმა ყოველ კვირა ჩადის მის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ დედას მეთვალყურე და მომვლელი მუდმივად ჰყავს, მაინც ვღელავ, მიჭირს დედის გარეშე, ვოცნებობ, რომ ჩემთან იყოს, მშობლებთან ცხოვრება ხომ ღვთის მადლია. წუთისოფელს რა ვუთხარი, რომ ასე დაგვაცილა ერთმანეთს დედმამიშვილები და მშობლები, ერთმანეთის ნახვაც გვიჭირს, უსახსრობის გამო, დაილოცოს სკაიპის მომგონი, მაგითღა ვხედავთ ერთმანეთს, ისიც დროგამოშვებით, - დროის უქონლობის გამო .
    იმ დღეს საქმეებში გავერთე, ცუდი აღარაფერი მიფიქრია. ღამით ისევ  უსიამოვნოდ მეძინა, თითქოს ვიღაცა მეძახდა, შველას მთხოვდა მეტს ვეღარ გავუძელი და დილით ძმას დავურეკე ხარკოვში, რამე ცუდი ხომ არ ხდება -მეთქი. ჩემმა ზარმა გააკვირვა, ყველაფერი წესრიგშიაო დამამშვიდა,- ორი დღის წინ ვიყავიო დედასთან.-. მაგრამ რაც რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, გამაოცა,  ჩემი ზარის  შემდეგ  ჩემი ძმა აფორიაქებულა, დედასთან დაურეკია, ზარს არავინ პასუხობდა, მერე დაუკავშირდა სანატორიუმის დირექტორს და გაუგია, რომ დედას სწორედ წინა დღეს მოუტეხია ფეხი და საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მისთვის არც შეუტყობინებიათ, ის  კი  მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა დედასთან ჩასვლას, თავზარდაცემული დათო(ჩემი ქმრის სეხნიაა) საავადმყოფოში გაქანდა ,  74 წლის ქალი მწოლიარე და გირებზე ფეხჩამოკიდებული რომ დაინახა , გადაირია. აღმოჩნდა, რომ იქაური ექიმების კვალიფიკაცია არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დედასთვის სასწრაფო ოპერაცია გაეკეთებინათ, საჭირო იყო ხარკოვიდან სპეციალისტის ჩაყვანა. ასეც მოიქცა, დედას ოპერაცია გაუკეთეს, რომ არა ეს, მოხუცი მენჯ-ბარძაყის  მოტეხილობას (ფეხი ორ ადგილას იყო გადატეხილი),  ვერ გადაიტანდა.  მხოლოდ ოპერაციის შემდეგ დამირეკა ძმამ და ეს ამბავი შემატყობინა, მადლობას მიხდიდა, - მაია, შენ რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდაო,- შვებით ამოვისუნთქე, მივხვდი, რომ ჩემმა მფარველმა ანგელოზმა საშიშროებისაგან გვიხსნა და ჩემი მისია ნაწილობრივ მაინც შევასრულე.  

Sunday, October 18, 2015

ხარი (საბავშვო)

-ხართუთა და ხარ-ირემი,
ხარი, ქვეყნის გადამრჩენი,
ბუხარი და ხარისთვალა,
-ავთომ სწავლით გაგვახარა.

დევმა მზე ჩამოგვიბნელა (საბავშვო)

აღარ გვაქვს გზისთვის საგზალი,
აღარც დილა დგას მზიანი,
მაშ, წასვლას რაღას ვეჩქაროთ,
ხმალი ვაფეროთ  ფრთიანი,
დევმა მზე ჩამოგვიბნელა,
ვეღარა გვითქვამს სათქმელი,
იქნებ მთის იქით გადავსვათ,
რომ დადგეს ჩვენი საშველი.


Saturday, October 17, 2015

სოსო ბაბუა (საბავშვო)

      პატარა ნინო დედამ ცირკში წაიყვანა. კმაყოფილი და ბედნიერი ბრუნდებოდა შინ. უცებ გზაზე ბუშტების გამყიდველი  შეამჩნია. დედას ბუშტების ყიდვა სთხოვა. გამყიდველი მოხუცებული კაცი აღმოჩნდა. -რა გქვია, გოგონა?-ჰკითხა კაცმა პატარას.- მე ნინო ვარ, შენ რა გქვია?-კითხვა დაუბრუნა მოხუცს. -მე სოსო ბაბუა ვარ,- თქვა ღიმილით გამყიდველმა და გოგონას რამდენიმე ცალი გასაბერი ბუშტები მიაწოდა.- მერე თითქოს რაღაცა დაავიწყდაო,-  ეს ჩემგან საჩუქრად, პატარავ! -თქვა და ბავშვს დამატებით უშველებელი ნეონის ბუშტი მისცა ხელში. -ეს ოცნებების ბუშტია, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერი აგისრულდება!-უთხრა ბავშვს. -მადლობ,-თქვა ნინომ. გოგონას სიხარულით აუჩქრიალდა გული.
        ცისფერი ნეონის ბუშტი დიდხანს ეკიდა ნინოს ოთახში, ნელ-ნელა ჩაიჩუტა, დაპატარავდა. დედამ გადაწყვიტა მისი გადაგდება, მაგრამ გოგონამ გამოართვა და პატარა ყუთში მოათავსა, სადაც ძვირფას ნივთებს ინახავდა.
        ახლა ნონო დიდი გოგოა, მაგრამ ცისფერი ბუშტების დანახვაზე ყოველთვის სოსო ბაბუა ახსენდება. იცის რომ მას ყველა ოცნება აუსრულდება.

           

ჩანახატი

      გარეთ წვიმს, ღრუბლიანი ამინდია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ჩემი ოთახიც საავდროდ გამზადებულს ჰგავს. ჭერზე ბიაზი რამდენიმე ადგილზე ძირს ჩამოვარდნილა, დამსკდარა, გაყვითლებულა, რამდენიმე წლის წინ ჩვენ ზემოთ მცხოვრებმა მეზობელმა წყალი დაგვასხა თავზე, მას მერე რემონტი ვეღარც გავაკეთეთ, ახლაც გეგონება, ესაა და წყალი წამოვა ჭერიდანო, კედლებზე შპალიერი ახეულია ერთ ადგილას, საცაა ძირს ჩამოვა, ისიც  მეზობლების წყალობით, სამზარეულოს კანალიზაციის მილი დაახლოებით ათი წლის მანძილზე იყო გახეთქილი, წყალი ჟონავდა სამზარეულოს ჭერიდან, დასველდა და დახავსდა სამზარეულოსა და საწოლი ოთახის კედელი, რომელიც საერთოა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ჩემი ოთახი ისე დარჩა, როგორც ნაშთი ძველი მოგონებებისა, დაბზარული, გაძარცვული, ნარემონტალი. ფანჯარასთან ვზივარ, ვამთქნარებ და ძილმორეული შევცქერი საავდრო ღრუბლებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში. ნეტავ როდის შემოვა მზის სხივები ჩემს ფანჯრებში, როდის გამოიდარებს?!

გამოცანები (საბავშვო)

შავ-წითელი ყვავილია,
ყანის ხშირი სტუმარია,
უგვირგვინო დედოფალსა,
ტახტი  მინდვრად უკავია.
                               (ყაყაჩო)



თეთრი, ხანაც ნაცრისფერი,
დიდი მკერდით, დიდი გულით,
მშვიდობის ჩიტს ეძახიან,
ოვაციით არნახულით.
                            (მტრედი)



ქარებს უნდა დაეჭიდოს,
რომ ვეება ტვირთი ზიდოს,
ატრიალოს დიდი ქვები,
ფქვილით ავსოს მაფრაშები.
                       (ქარის წისქვილი)

ღრუბელს ცრემლად დაეკიდა,
ცამ ვარსკვლავის ფორმა მისცა,
მიწისაკენ გამოგზავნა
გოგო-ბიჭის გასახარად.
                          (თოვლის ფიფქი)


ხან ყვავილით ამოგვივსებს კალათებს და თვალებსაც,
ხან მზე არის ისე მწველი, თავი შეგებრალება,
ხან  ლხინია საწნახელში, ვენახს ვსტუმრობთ გოდრებით,
ხან გვცივა და ბუხრის პირას დილას ვხვდებით ზმორებით.
                                          (წელიწადის დროები)

ერთი ზღაპრის გმირია,
მისი მოგონილია,
თუკი მხრებზე თავი გადევს,
ყველა გზა გაქვს ხსნილია.
                                     (ნაცარქექია)
                                           

Friday, October 16, 2015

გაკვეთილი (საბავშვო)

ჩავატარე გაკვეთილი,
გავიძახე მურია,
სწავლა უნდა ამისთანა!
თვლით იჯერა გულია,
ერთს რომ ერთი მივუმატოთ,
რამდენია, მოსწავლე?-
ვეკითხები, ის მპასუხობს,
ორჯერ ყეფით, მხურვალედ,
გადავწყვიტე სკოლა გავხსნა,
ბატისა და იხვისთვის,
მამალიც კი, როგორც ვხედავ,
სწავლისაკენ მიილტვის.
ზუსტად იცის, რომელ წუთზე
შემოსძახოს "ყიყლიყო",
რომ გვაუწყოს გათენება,
სამჯერ უნდა იყივლოს.





ჟურნალისტი( საბავშვო)

მინდა გავხდე ჟურნალისტი,
თან ვატარო ჩამწერი,
ინტერვიუ ჩამოვართვა
ჩემს ფისუნას, გაბერილს,
სანამ კნუტებს შემოისევს,
თვალჭრელას და ფერადებს,
უნდა ბეწვებდავარცხნილი,
ლურჯ ეკრანზე მოთავსდეს.





თეთრი მამა-დავითი(საბავშვო)

სიფრიფანა ფანტელი თავს მევლება დილიდან,
თეთრი მამა-დავითი  ჰგავს თბილისის თილისმას,
თოვლი, გაბრწყინებული, ისრებს მესვრის ირიბად,
მთების თეთრი კარვები გულს ზეცისკენ იზიდავს.




მშვიდობის დღე (საბავშვო)

დალიმ ხელი დაიმშვენა,
შეკრა დიდი თაიგული,
ბებოს უნდა მიულოცოს
დღე, მშვიდობის, მთელი გულით.

ბებოს კიტრი(საბავშვო)

მოიწია ბებომ კიტრი,
შრომითა და  დიდი ჯაფით,
ბაღჩა-ვენახს ხომ ჭირდება
მშრომელი და გამრჯე კაცი.
საჭმელს შევჭამ, გავიზრდები,
ხარს დავადგამ ქედზე უღელს,
ტყიდან შეშას ჩამოვიტან,
სარით ვენახს ჩამოვურბენ.

Wednesday, October 14, 2015

ჩემი სოფელი( საბავშვო)

სილამაზით განთქმულია ქვეყნად ჩემი სოფელი,
აქ მდელოა გვირილების, იქ ჩანჩქერი მომელის,
ხიდისთავში ბებო მხვდება, მესალმება ყოველი,
ხარი, ძროხა, კნუტი ფეფო,
ვარ ნატვრის თვლის მფლობელი.


დიტოს გასაჭირი (საბავშვო)

დაეკარგა თურმე დიტოს, სათამაშო მობილი,
ყურშამ, მისმა მეგობარმა, ჭირი იგრძნო ძმობილის,
გადასინჯა ეზო-ყურე, საღორე და საქათმე,
თურმე ნატო მობილურით, ძროხებს საქმეს ავალებს,
მოიწველონ ბევრზე-ბევრი რძე თოვლივით ქათქათა,
ბებომ თურმე იმ დილისთვის, ბაბუს ცხენი დარახტა,
რომ წაიღონ თეთრი სითხე გასაყიდად ქალაქად,
შავი ჩოხა-ახალუხი დიტოს, ჩვენსას, დახატავს.
 
,



Monday, October 12, 2015

გამრჯე ბიჭი(საბავშვო)

გამრჯე არის ჩვენი თოკო,
ადრე დილით ურემს აბამს,
უნდა წაჰყვეს შეშის ჭრაზე
მამიკოს და თემო პაპას.

ზარმაცი ზურა(საბავშვო)

დაეკარგა პულტი ზურას,
ვეღარ მართავს თავის ავტოს,
ფეხით წასვლა აღარ უნდა,
უნდა მამას დაემსგავსოს.

კიბორგების მეგობარი (საბავშვო)

კომპიუტერს უზის ბიჭი,
არავისთვის არა სცხელა,
ბებოს უნდა დახმარება,
პაპაც მშველელს ელოდება,.
მაგრამ თამაშს ვერა სწყდება
კიბორგების მეგობარი და
ეკრანზე მთელ ჯარს ებრძვის,
გახდა დიდი მეომარი.

თევზაობა(საბავშვო)

თევზაობა უყვარს გიოს,
ცდილობს ლოქო დაიჭიროს,
თუ ამოჰყვა თევზი ანკესს,
ვგონებ მაღლა ვეღარ დარჩეს.
მდინარეში ადენს ტყაპანს,
წყალსაც ცოტას არ ჩაყლაპავს,
დიდ ღლავს როგორ მოერიოს,
ასე ციცქნამ როგორ სძლიოს?!
მაგრამ ბიჭი არა ღელავს,
ჩანთა უდევს ლოქოსხელა,
უნდა ხელი დაიმშვენოს,
თევზის კუდი მაინც ერგოს.



პატარა მხატვარი(საბავშვო)

შარვალს იცმევს კუბოკრულს,
პერანგს სუფთა,  ქათქათას,
დიდი ფუნჯით ზღვის ნაპირზე
ლურჯ პეიზაჟს დახატავს.
როგორც დიდი მხატვარი,
დაიხურავს ბერეტსაც,
ფიროსმანის ნიჭი მისცეს.
მაღლა ღმერთს ევედრება.
აგერ მფრინავ ღრუბელს ხატავს,
ქარი გახდა სამიზნე,
ტალღა თითქოს ტალღას მისდევს,
ტილო ყველას ვერ იტევს.
.

Sunday, October 11, 2015

გამოცანები (საბავშვო)

                                  გამოცანები
 

სათვალით და წიგნით ხელში,
ვინ დამჯდარა კაკლის ძირას?!
მურაბების ხარშვას მორჩა,
ეწაფება წიგნის კითხვას.
                               (ბებია)



თავი, ცხვირი დაგვისველა,
ფეხსაცმელი დაგვითხუპნა,
მისი მოსვლით ყველა ხარობს,
ბაღში ვარდი გაიფურჩქნა.
                            (წვიმა)



ვარდის დიდი მეგობარი,
მომღერალი ჩიტუნია,
მისი სტვენით ყველა ხარობს,
თავი გვერზე დაუხრია.
                     (ბულბული)


დარია თუ ავდარია, მუდამ ქოლგა აფარია.
                                                              ( სოკო)


კო, კო, კო, კოს გაიძახის,
თავქოჩორა ფრინველია,
საბუდარში ჩამჯდარა და
ქვეშ კვერცხები მიუწყვია.
                              (ქათამი)



კრიჭი-კრიჭი, ისმის მუდამ,
ერთი დიდი ოთახია,
გრძელი თმებით შედიან და
მოკლე თმებით გამოდიან.
                              (საპარიკმახერო)



Saturday, October 10, 2015

ბროწეული (საბავშვო)

დაგვიმწიფდა ბროწეული,
დაგვიმშვენა ხელის გული,
ათასობით მწიფე მარცვალს,
სასარგებლო წვენი ახლავს.

გაზაფხული მობრძანდება (საბავშვო)

ზამთრის სუსხი ნელა გვტოვებს,
გაზაფხული გვეძალება,
ატმისა და ნუშის კვირტებს,
მზე შიგ გულში უსახლდება.
ერთმანეთის საფერებლად,
ერთმანეთის მიყოლებით,
ამოდიან შავ-თეთრ ველზე
ნაირფერი ყვავილები,
აქ ენძელა გადაშლილა,
აქ კი- ია ლურჯთვალება,
ფეთქავს, ლაღობს გაზაფხული,
დროზე ადრე მობრძანდება!

ბულბული (საბავშვო)

გალიაში გამოკეტეს პაწაწინა ჩიტუნია,
აღარცა ჭამს, აღარცა სვამს,
პირზე კლიტე დაუდია,
ბულბული რომ არ მღეროდეს,
განა ვინმეს გაუგია?!

წითელი ავტო (საბავშვო მოთხრობა)

 მარის ძალიან უყვარს ხელოვნური ყვავილების დამზადება. ზოგი ყვავილი წითელია, ზოგი - ყვითელი, ზოგიც - ვარდისფერი. ლამაზია ეს ყვავილები, ამიტომაც მოსწონთ პატარა გოგონებს, ზოგს ნაწნავებზე იმაგრებენ, ზოგსაც - კაბაზე. პატარა ზურიკო კი გოგო არ არის! ამიტომაც ფიქრობს, ნეტავ რისთვის აკეთებს დედაჩემი ამ ყვავილებს, ვის ჭირდება?! აი, მე  რომ დიდი გავიზრდები, ავტოებს გავაკეთებ, დიდ ავტოებს, საქმეც ეგ იქნება... (ზურიკოს განსაკუთრებით მოსწონს წითელი სათამაშო მანქანა) დედაჩემმა აკეთოს თავისი ყვავილები, სოფოს მისცეს, თმებზე მიიმაგრებს, მე კი დიდი წითელი ავტო მინდა, სახელად "ფერერი".
  ღმერთმა აუხდინოს პატარა ზურიკოს ეს ოცნება!

პატარა გოჭი (საბავშვო მოთხრობა)

 ერთ ეზოში პატარა გოჭი ცხოვრობს, გოჭმაჭურს ეძახიან. გაიღვიძებს დილით გოჭმაჭური და ფიქრობს, რა ჭამოს. აბა, იმას სხვა საფიქრელი არაფერი აქვს, კბილები არა აქვს გასახეხი და გაკვეთილები სასწავლი. მიდის გოჭმაჭური ვაშლის ხესთან და ეუბნება: ვაშლის ხეო, ვაშლის ხეო, ერთი წითელი ვაშლი გადმომიგდე! ვაშლის ხე პასუხობს:_ შე ცინგლიანო, აქედან დამეკარგე, განა არ იცი, რომ წითელი ვაშლები ზურიკოსთვის მაქვს შენახული?! შენ მანდ, ღობის ძირში, დამპალი ვაშლები რომ ყრია, ის შეჭამეო. რა ქნას გოჭმაჭურმა, ჭამს დამპალ ვაშლებს.
  ახლა, მსხლის ხისკენ იღებს გეზს, მასაც ეძახის, ერთი- ორი ტკბილი მსუქანი მსხალი ჩამომიგდეო, მაგრამ მსხლის ხეც იგივეს პასუხობს, ეს მსხლები ზურიკოსთვის მაქვს შენახულიო. რაღას იზამს გოჭმაჭმური, დადის ხის ძირში და ძირნაყარ მსხლებს მიირთმევს. განა მანაც არ იცის, ვინ არის ზურიკო?!
     აი, ზურიკო ეზოში გამოდის, ძლივ-ძლივობით ადგამს ნაბიჯებს, იმიტომ რომ ძალიან პატარაა, თორემ იცით, რა ვაჟკაცია! მიდის ბიჭი ვაშლის ხესთან, ეპოტინება ტოტებს, წითელი ვაშლი უნდა, ვაშლის ხეც ტოტებს დაბლა წევს, იზნიქება, მაგრამ ბიჭი მაინც ვერ წვდება წითელ ვაშლს, გამორბის ბებო, ვაშლს წყვეტს და ზურიკოს აწვდის. ოო, როგორ უხარია ზურიკოს! წითელი ვაშლი ბრწყინავს მის პატარა ფაფუკ ხელებში, უხარია ბებოს, უხარია ვაშლის ხეს, უხარია ეზოს!

წითელი ბურთი (საბავშვო მოთხრობა)

   პატარა ზურიკოს წითელი ბურთი მოუტანეს. ახტა წითელი ბურთი, იცინის ზურიკო, დახტა წითელი ბურთი, ისევ იცინის. ძალიან უხარია ზურიკოს. წითელი ბურთი ხან ახტება, ხან დახტება. ზურა კი გულიანად იცინის და იცინის. მის სიცილზე დედაც იცინის, მამაც, დიდი გოგო სოფოც და ბებოც. იმათ სიცილზე მზემაც გაიცინა, გაიცინა და ოქროსფერი სხივები  გადააფინა ველებს. მის სიცილზე ყვავილები გაიშალა, გაიფურჩქნა. ყვავილებმაც გაიცინეს,ახლა პეპლები აცეკვდა, გაიცინა ყველამ.
   ახტება წითელი ბურთი, იცინის ზურიკო, დედა, მამა, პატარა გოგო სოფო, ბებო, მზე, ყვავილები და მთელი დედამიწა.

ბანაობა(საბავშვო)

ნებიერა კოხტა გოგო,
ძამიკოსთან ისევ ომობს:
-ნუ დადიხარ დათხუპნული,
-ამოცანა არის რთული,
სულ არ უყვარს წყალი ლევანს,
ბებო, პაპა ძლიერ ღელავს,
შეკრეს ერთად ყველამ პირი,
ბიჭს დაადგა გასაჭირი,
თავი უცბად ჩამობანეს,
ვეღარ გრძნობდა უკვე საფრთხეს,
მთელი ტანით აბანავეს,
სისუფთავის სურნელს აფრქვევს.



დარდობს ბიჭი ზურიკელა (საბავშვო)

დარდობს ბიჭი ზურიკელა,
სათამაშოდ არვის ცხელა,
ავთო პაპას ეხმარება,
ვენახს ფურჩქნის ნელა-ნელა,
ლევანს ცხვარი ებარება,
გაიყვანოს უნდა ველად,
სოფიკუნა სარეცხს რეცხავს,
ქეთო ბებოს უნდა შველა,
დარდობს ბიჭი ზურიკელა,
სათამაშოდ არვის ცხელა,
სანადიროდ წავლენ ალბათ,
ის და მისი მურიკელა.

,
,

ფანქარი (საბავშვო)

ფანქრის გათლა გადაწყვიტა
სოფიკუნამ, ერთი ციდამ,
საიდან არ უტრიალა,
სიმწრით თითიც მოიკვნიტა,
ვერ გააწყო ვერაფერი,
კატუნიას თვალი ჰკიდა,
-მომეხმარე უსაქმურო,
დაგიხატავ სამ-ოთხ ცინტალს,
-აიპრიხა კატამ კუდი და
კნავილით უთხრა რაღაც,
გოგო მიხვდა, რომ ბებია
დაეხმაროს უნდა ახლაც.





ცელქი სოფო (საბავშვო)

დედოფალა მისცეს ხელში,
გადაუღეს ბევრი ფოტო,
მე მანქანით მინდოდაო,
არ ისვენებს ცელქი სოფო,
რომ ვერაფრით დააწყნარეს,
შეუსრულეს გოგოს თხოვნა,
რული მისცეს მხოლოდ ხელში,
მანქანისო ჭირსო პოვნა.

ზეიმი (საბავშვო)

ფერად-ფერად ბუშტებით
გამოვიდნენ ბაღიდან,
ფოტოც ბევრი გადაიღეს
უხარიათ ძალიან.

ცელქი ბიჭი ლევანი (საბავშვო)

ცელქობს ბიჭი, ლევანი,
დააქცია მელანი,
მტირალა და აბეზარი,
გაგვიჩინა გულზე ბზარი.

ავთანდილი (საბავშვო)

კოხტა ბიჭი ავთანდილი,
გონიერი, ლაღი, ზრდილი,
საჭმელს აწვდის ბებიას,
ბებოს ყელი სტკენია.
ლოცავს ქალი დამხმარეს,
სწავლით, გარჯით ახარებს,
გულზე აბნევს აკიდოს,
მაღლა ღმერთმა ადიდოს!

ორი მეგობარი (საბავშვო)

აბრიალებს თვალებს ზურა.
მგელი უნდა შეაშინოს,
რომ პატარა მურიკელამ
თავი მხნედ და ლაღად იგრძნოს,
თუ კი მტერმა გადმოკვეთა
მათი სახლის ეზო-კარი,
მედგრად უნდა დახვდეს ხროვას
ჩვენი ორი მეგობარი.

Friday, October 9, 2015

მიყვარხარო, დედა გეტყვის (საბავშვო)

მიყვარხარო, დედა გეტყვის,
გადაივლი ბილიკებს,
სიტყვებს, მისგან გამოგზავნილს,
როგორც ლოცვას მიიღებ,
ადიდდება მდინარე თუ
ჩამოდგება ზამთარი,
შენთან არის ის ყოველთვის,
დაგეხმაროს, მზად არის!

უფალის წყალობა დიდია!

სიცოცხლეს არასდროს ვღალატობ,
მაშინაც, მთები რომ ტირიან,
მდინარეც იპოვის კალაპოტს, -
უფალის წყალობა დიდია!

Thursday, October 8, 2015

ანანური, ბანა, გრემი

ანანური, ბანა, გრემი,
ყოველ დილას ვხვდები კდემით.
დევი ბრდღვინავს ბოროტებით,
ისმის ზარი თეთნულდს ზევით,
კვალად ლურჯი მეომრების
ზეცას რთავენ ოპიზრები,
ჟღარუნია რვალის, მგლეთის...
ელვას, ფორაჯ ქარაფებით,
გზას უკვალავს ქარი  სტვენით.
ღამის ყორანს შავი ფრთებით,
ჩუმი ცა ცვლის, ძელქვა-წარაფს
სალი კლდენი მზეს უმალავს,
ჭიუხებში ხარ-ირემი
ჯანში ტეხავს მთების ჰავას.

გველი ამოჰყვა ლიბოსა (ხალხურ მოტივებზე)

გველი ამოჰყვა ლიბოსა,
კაცმა ვით მოილხინოსა?!
ომით მოსული ვაჟკაცი
ვეღარ შახსნიდეს ღილოსა,
შხამით გვივსებდნენ თასებსა,
შხამითვე ვსვამდეთ ღვინოსა,
ქვრივმა, შავებში მოსილმა,
როგორღა დაიძინოსა,
ვინ დააპუროს ობლები,
ღმერთით, სულ ცოტა ცდილობსა,
შხამი ჩაღვრილა მიწაშიც,
დასხმია საყველპუროსა,
ამ სატიალო ქვეყანას
ძილს ძაღლის ყეფა უფრთხობსა,
გადუწყვეტიათ სინდისი, -
დიდი, პატარა ქურდობსა,
სიტყვა "მამული" არ ესმით,
დამსგავსებიან ურდოსა,
ნამღერსა იავნანურსა,
ყური ვინ უნდა უგდოსა?!



მეფეთა ყვავილი

ვარ ვარდი ქვიშაში, ფერით და სინაზით
ვერ შემედარება ვერცერთი ყვავილი,
ძოწივით წითელი, სურნელით ფაქიზით
ეზოსაც დავატკბობ სახლის წინ, ალიზით
მოზელილ კედლებსაც ვდარაჯობ ავი ზნით,
ეკლიან ღეროებს შემორჩა ტკივილი,
ვნებებსაც დავაცხრობ გრძნობებით აზიზით,
ვარ ვარდი ქვიშაში, მეფეთა ყვავილი.



Sunday, October 4, 2015

პიკასოს თურმე შეეჯიბრა მოდილიანი

მე სიახლე მაქვს, თითქოს, თქვენთვის, ძველი სიახლე,
პიკასოს ერთ დღეს შეეჯიბრა მოდილიანი,
ტორეადორმა გაუყარა ხარს თვალი თვალში
სცნო გენიოსი და პიკასომ შემოჰკრა ტაში,
ფიროსმანი მან დაგვიხატა ფუნჯებით ხელში,
არ ატყუებდა მას ხელოვნის ალღო და გეში,
მას ჭეშმარიტი ესპანელის უდუღდა სისხლი,
ფლამენგოს რიტმში გაახვია მსოფლიო  ნიჭით.


იქნებ არც იყავი...

იქნებ არც იყავი... ტყუილად მიყვარდი, 
მირაჟში ცხოვრება მარგუნა სამყარომ,
არაფერს არ ვნანობ, მინდა რომ მიყვარდე,
ოღონდ ის მითხარი, ამქვეყნად სად გნახო?!

Saturday, October 3, 2015

Однажды

Однажды, я опять вернулась,
Но вслед за мной пришла гроза,
Не успел ты оглянутся,
Алмаз блестнул в моих глазах.
В душе исчезли все сонения,
Огонь любьви давно погас,
И тянется в дали дорога,
Закати солнца не для нас.



სიმფონია ( საბავშვო)

ჭუჭულების დევნაში დაიღალა ბებია,
ახლა ხბორებს გამოუდგა, დადგა მათი ჯერია,
ხან ზმუილი, ხან კაკანი, აუკლიათ ეზო-კარი,
მურიკელამ თავის ყეფით სიმფონიას მისცა ბანი.

ბოლო აკორდებით

ქარმა სიცივისთვის ისევ გამიმეტა,
შარფი ვეღარ ფარავს სახის ყვირიმალებს,
ვდგავარ ამინდივით სულ მთლად გაცრეცილი,
გრძნობებალეწილი, შენ კი იგვიანებ...
ნაძვმა დამაბერტყა თოვლის ერთი გუნდა,
თეთრი ფანტელები თრთიან გაოცებით,
ვდგავარ ხიდის თავში გრძნობებდალეწილი,
ყინულს ვეჯახები ბოლო აკორდებით. 

Friday, October 2, 2015

უშენოდ ყოფნა

შემოვაცალე ბროწეულს ქერქი,
ძოწიფერ მარცვლებს გავუგე გემო...
ჩემმა ცხოვრებამ დაკარგა ფერი, -
უშენოდ ყოფნა სასჯელად მერგო.



დრომ დამაფერთხა თავისი კალთა

დრომ დამაფერთხა თავისი კალთა,
ქარვისფერი ვარ და არა ლალის,
თვალებში მაწევს მწუხრი სიშორის,
ძარღვებში სისხლი გაცივდეს ლამის.
ვიღაც კოსმოსში მიფრინავს ახლა,
უნდა დალაშქროს ცხოვრება ხვალის...
ძვლებში დამტვრეულ ჩონჩხებს მაგონებს,
ვერხვის ტოტები ნათელში მთვარის...
თარეში გააქვთ ნაღვინარ ქვევრებს,
თასით დავცალეთ დიდება ერის...
შეემატება ლეკვებს ლომისას 
ღამისმთეველი, რჩეული ღმერთის?!