Wednesday, July 24, 2013

მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი


მე უსაშველო მოლოდინს ვითვლი,
გაცივებულა სისხლი  ძარღვებში,
როგორც ნაწვიმარ მიწაზე სოკო,
ისე მრავლდება დარდის მარცვლები.
ღრუბელმა პირი შეიკრა მქისედ,
აღარ ჭიკჭიკებს ცაში მერცხალი,
მე კი ქარივით სამოსელს ვიცვლი
და შენს დანახვას ისევ ვიჩქარი.
ვიცი, დაეწვა ფარვანას ფრთები,
როცა სინათლის შუქი იხილა,
შენკენ სავალი ოცნების გზებიც,
დიდი ხანია გაქრა ფიქრიდან.

წარსულს დაედო თანდათან მტვერი


წარსულს დაედო თანდათან მტვერი,
და კვალს გავყვები ნაფეხურების,
რომლებიც გულში ტოვებენ ველებს,
ხან ღალატის და ხან ერთგულების.
ჩამოეცალა სამოსი ვნებას და მაშინ,
როცა სულ მთლად გაშიშვლდა,
ალმოდებული ყაყაჩოს ფურცლებს
ქარმა თვალებით ცისკენ ანიშნა.
ცივა იქ, სადაც ჭკნება სურვილი,
და მონდომებას აღარ აქვს ძალა,
ავდევნებივარ ყინვას და ქარბუქს,
ჩემი სხეული მიწისკენ მძალავს.

Sunday, July 21, 2013

უფალს ვთხოვ შველას


გარბოდა დრო და მეც მუხლებზე ბევრჯერ დავეცი,
და არავისთვის არ მინდოდა მეთხოვა შველა,
ალბათ ამიტომ წამოვკარი  ისევ  ქვას ფეხი,
აღარც კი ვჩანვარ, დავრჩი ციდა ბალახის ხელა.
გაძვალტყავებულ ბედს მივანდე საქმენი ჩემნი,
გონს რომ მოვედი, სინანულის წუთები დგება ,
აღარ მწამს ფიცი, ეხლა უკვე ბევრი რამ ვიცი,
მუხლზე  დამდგარი, თვალზე ცრემლით,
უფალს ვთხოვ შველას.

ოცნების სახლი


მე მეჩვენება, ალუბლების ზეცაში ვცხოვრობ,
ზღაპრის გმირი ვარ და ყვავილებს ღრუბლებში გავშლი,
ფერიასავით ჯადოსნური ჯოხით ვთამაშობ, -
იქნებ ოდესმე ავიშენო ოცნების სახლი...

Saturday, July 20, 2013

რომ ამეხდინა ოცნება ჩემი


რძისფერ ღრუბლებში ისე გავები,
რომ ამეხდინა ოცნება ჩემი,
გავხდი ცოტათი ახალგაზრდული,
უფრორე ნაზი და ღიმილმფენი....

Friday, July 19, 2013

ფიქრი, რომელიც მაწვალებს წლები


გადმოფრინდება ჩიტივით მაცნე
და თითქოს ციდან წვეთები ჟონავს,
როგორც დახეთქილ ჭერიდან წყალი,
ჩემს გულშიც წვიმს და ვიხსენებ ლოცვას.
ცრემლებით ვიკლავ დროდადრო წყურვილს,
ყოფაცხოვრების ვაგვარებ საქმეს,
თევზივით ვცურავ ხანდახან წყალში,
ხან პირგამშრალი ვაწყდები ნაპირს.
თავს ზევით, ვხედავ, არაა ძალა,
რომ დამიყუჩოს ტკივილი ძვლების,
წვიმს ჩემს გულში და ზეციდან ჟონავს
ფიქრი, რომელიც მაწვალებს წლები...

სამშობლოს


შენ არასოდეს მოგაკლდება ფერები მზისა,
ოქროს და ვერცხლის პალატებში ქარივით იშვი,
ვაზის ლერწი ხარ, ჩუქურთმებში ამოქარგული,
პურის ყანა ხარ, მთების წყარო, ღმერთების  შვილი.

ოქროს თევზი


მებადურს ამოყვა ანკესზე თევზი,
კაცს უთხრა, ახდება სურვილი შენი,
მეთევზეს დაება შიშისგან ენა,
სიტყვა ვერ წარმოთქვა და თვითონ შერცხვა.,
რომ ვეღარ გაანდო ოცნება ღმერთსაც,
დაფლეთილ ტანსაცმელს ატარებს დღესაც,
ეგონა, თხოვნისთვის რომ მისცენ ნება,
ვარგისი სამოსი ხომ უნდა ეცვას?!

Wednesday, July 17, 2013

ქრისტეს ზარები


ასწლოვან მუხას შეხიზვნია ძველი სამრეკლო
და ოდოიას შემოსძახებს ქრისტეს ზარები,
თუ არა გძინავთ, შემომხედეთ, დელგმამ დამახრჩო,
ნუთუ ვერ ხედავთ, უფსკრულისკენ მივექანები,
დაბინდულ ფერებს შერევია დაშნების ფერი,
მტრის საჭურველი დაიყრება, როგორც ბალთები,
მთვარე კი, ისევ გაანათებს ასწლოვან მუხას,
ჩ ვ ე ნ ზ ე  ნ ა წ ყ ე ნ ი...

Monday, July 15, 2013

მონატრება


მინდა თბილისური სახლის
ჩემს ძველ აივანზე ვიყო,
გული არ დასწყდება პარიზს, -
მანეს მირჩევნია ნიკო.
სურნელს ელისეის მინდვრის,
მიჯობს მთაწმინდაზე ფიჭვის,
ლუვრის პალატებზე ფიქრი
მორჩა, გამიქარწყლდა იჭვი..
.

ლურჯი თვალები


ლურჯი თვალები გიხდება ისე,
რომ ჩემს სამოსელს ვამატებ ზღვისფერს...

აბსტრაქციამ მიმიზიდა ანძებით


უშენობამ დაარღვია სამყარო,
როგორც ბავშვი კუბიკებით ვთამაშობ,
გავხდი უფრო სენტი-მენტი-ალური,
მოგონებებს გვერდს კი ვეღარ ავუვლი.
ხან ვიცინი, როცა ცრემლი მწყურია,
ხან კი ვტირი, რაგინდ უცნაურია,
სასაცილოდ გაუხდიათ ქვეყანა,
ასაფრენი ბილიკები მებარა...
სიხარულის დაუთვლიათ ფერები, -
ვის რამდენი დაუთმია ედემი?!
მიწამ უკვე გამოცალა ყანწები, -
აბსტრაქციამ მიმიზიდა ანძებით.

Saturday, July 13, 2013

სიტყვა "უშენობა"


სიტყვა "უშენობა" გულში ჩავიკარი,
გულქვა მოგონებებს ბოლო აღარ უჩანს,
მინდა შემომხედო, სანამ დაბნელდება,
ვიდრე სიყვარული სევდამ დაამუნჯა.
ცაზე მზე და მთვარე ბევრჯერ შეიცვლება,
ურვა შემიპყრობს და სიმწრით ავმღერდები,
თითქოს ერთი ბიჯიც არის უსასრულო,
სანამ ჩემთან მოხვალ, უკვე დავბერდები.
ამ დიდ მოლოდინში გრძნობაც დაილია,
დღეებს უშენობის უკვე აღარც ვითვლი...
ვიცი, სევდის ფრინველს როგორ მოვერიო,
სანამ განშორების წყალი გადაგვივლის.

Friday, July 12, 2013

მეშინია სულიერი დაღლის


მეშინია სულიერი დაღლის,
როცა ჭმუნვაც უკვე აღარ ძალგიძს,
როცა ცაში ვეღარ არჩევ ფერებს,
მთების იქით აღარ ეძებ ედემს.
როცა ვერ გრძნობ სილამაზეს ვარდის,
იასამანს  სუნი აღარ ასდის,
როცა უკვე სულერთია შენთვის,
შენი ხმა რომ აღარავის ესმის.

მზე ხარ და ...


არასდროს მბეზრდება ლურჯი და წითელი,
ლურჯი ხომ ზღვა არის, წითელი-ყაყაჩო,
ტალღების ხმაურშიც შენს სიტყვებს ვკითხულობ,
ყვავილთა ფერებშიც შენს გრძნობებს ვდარაჯობ.
ვარსკვლავებს მოვიხმობ გზის მანათობელად,
ბადრ მთვარეს წავართმევ ღიმილის უფლებას,
მხოლოდ შენ გიმღერის ამქვეყნად ყოველი,
მზე ხარ და თავს გვადგას  შენი მეუფება.

Thursday, July 11, 2013

ღრუბლის ფთილა


ბურუსიდან გამოვიდა ღრუბლის ფთილა,
ვარდისფერი მოითხოვა ტანსაცმელი,
მზემ მთის წვერზე გაუშალა სუფრა თბილად,
საღამომ კი მოახვია შალი თხელი.
მოიწყინა, სევდას აჰყვა ღრუბლის ფთილა,
სიყვარულში დაიღვარა, როგორც წვიმა,
ღამემ მკერდზე დააყარა ვარსკვლავები,
მთვარემ სირმის ქვეშაგები გაუფინა.

Sunday, July 7, 2013

შენი ოცნება


ჩემს გულში გაჩრილა
დარდის ტოტები
ანტენებივით...
და ფიქრებს იჭერს,
ფქვილივით გაიცრა
ბავშვობის ოცნება,
შევცქერი თეთრ ჭერს!...
შენი ოცნებაც ამ ნარჩენებს
გადაჰყოლია...

ფოტოდან მიცქერის...


ფოტოდან მიცქერის ათასი სახე,
ზოგიერთ მათგანს დაუგეს მახე,
ცხოვრების გზაზე დააღალატეს,
მოღალატეთა თვალი დათხარეს...

უქონელ კაცს(2)


მათხოვრის კალთაზე ჰკიდია ვირთხა.
დაფლეთილ ჯიბეში პურის ქერქს ღრღნის და...
ძაღლი კი- ერთგულად დარაჯობს პატრონს,
გაყინულ გუგებში მთვარის შუქს აფრთხობს,
სარკიდან უცქერის თვალები ღმერთის,
გაღებულ კართან რომ თავის შვილს ელის...

უქონელ კაცს(1)


ღობე-ღობე, ქუჩა-ქუჩა,
დაიცვითა ტანსაცმელი,
ნაფლეთებში გამოწყობილ
სტუმარს არსად არვინ ელის.
მხოლოდ ღმერთის საუფლოში
მისთვის არის კარი ღია,
სანატრელი სტუმარია,
"ფიანდაზებს" მისთვის შლიან.
სხეულს ქარი დაიტირებს,
დააკვნესებს სალამურებს, -
ამ ქვეყანას მისი ყოფა
მხოლოდ ამას ადასტურებს.
აქ ვერც ერთი კაცის გულში
თანაგრძნობა ვერ იპოვა,
საცხოვრებლად და სამყოფად
გამოუყვეს ნაგვის გროვა.
აქ ძაღლი და ვირთხა არის
მისი ძმა და მეგობარი,
მხოლოდ მათთვის გაუნდია
გულისთქმა და სატკივარი.
საჭმელსაც კი მათთან იყოფს, -
არ სჩვევია მას სიძუნწე,
სამძიმარზე მისულ წვიმას
ქარიშხალი კარებს უღებს...
გაყინული თვალებიდან
თითქოს სხივი კრთება უფლის.
ღარიბსა და უქონელ კაცს
თვით ეშმაკიც ძლიერ უფრთხის.
ზოგს წარწყმედა რატომ უკვირს?

ქჯებმა ლახტი გამომდეს


ქაჯებმა ლახტი გამომდეს,
ჭინკამ გამიკრა ხელები,
ტყე-ღრე მატარეს მზაკვრულად,
სისხლში მიცვალეს გენები.
მას მერე ძლივსღა დავდივარ,
ქვეყანას არ ვეჩვენები,
მიმუხთლა წუთისოფელმა,
გადავისერე ვენები.
არც ამან მომცა საშველი,
სისხლი წურწურით მდიოდა,
სუნზე მოვიდნენ ყორნები,
დედის ტირილი ისმოდა,
ლეშისმჭამელნო, რა გინდათ,
ლეში თუ გინდა შეჭამოთ,
სული ხომ მაინც დარჩება,
შეხებას როგორ ბედავთო,
არ გამოდგება მაგისთვის,
თქვენ რომ ბრჭყალებსა ლესავთო,,
თუ ჯოჯოხეთში მოვხვდები,
იქ აგიტირებთ დედასო!.
.

Saturday, July 6, 2013

სისხლის ყივილია, ისევ რომ გაისმის (ბაღათერ არაბულის "სტამბულის" მოტივებზე


გამოჩნდა სოფელი, დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ,
სულს ვითქვამ, კლდეებში წყაროა ჩართული,
მშვენიერ სიზმარს ჰგავს ტყიანი მიდამო, -
ხიდზე დაჩოქილი წინ მხვდება  წარსული...
შენ, ჩემო მიწაო, ძუძუ რომ მაწოვე,
რომ დამიფრთიანე გული და მუხლიც,
არ მინდა, არ მიყვარს შენ გარდა არავინ,
გაღმიდან ხელს მიწვდის ტოტები მუხის.
შარაგზა ჩამოჰგავს სამოთხის მდინარეს,
დაწნული ღობიდან მიცქერენ თვალები,
მიდამო სავსეა ჭრელ-ჭრელი პეპლებით,
ხბო მხვდება ეზოში ნაცნობი ხალებით,
ცას სწვდება ღიმილი და დედას ვეხვევი,
აქ არის წარსულიც, სულთქმა და ზღაპარიც,
რომელსაც ვაცხობდი, როდესაც მშიოდა,
მერე კი ბაბუას საფლავთან დავფალი...
ჰაერში სუნი დგას პურის და ფოთლების,
ჩიტების ჭიკჭიკი ბაღს ავსებს ედემის,
გულს გავხსნი სალაღოდ, მეზობლებს ვეძახი
და ვკოცნი იმ მიწას, ქება რომ ეგების.
მზე ისევ მიცინის... მინდვრისკენ ვეშვები,
დილის ცვარს გულმკერდზე მძივებად გავიშლი...
რა ტკბილად მიღიმი, მზიანო ბავშვობავ,
სისხლის ყივილია,  ისევ რომ  გაისმის!

ჩემო ნანა, აფხაზეთო!


ჩემო ნანა, აფხაზეთო!

 

ჰოი, ნანა, დამარწიე შენს აკვანში,

მათამაშე ღრუბლებით და წვიმებით,

ჰოი, ნანა, დაიმღერე ძველებურად,

შემეგებე ტყეებით და ნისლებით.

 

ჰოი, ნანა, შენზე ფიქრმა მომინელა,

გოგოები ერთ აფხაზ ბიჭს ვყვარობდით,

ჰოი, ნანა, რომ ვეღარ გგრძნობ ჩემსას ჩემად,

მაინც სევდით ისევ გიხმობ: ,,გამოდი".


Friday, July 5, 2013

ცას ვეღარ მივწვდი ხელითა


მიწავ, ნუ გაგეცინება,
გულში მალულად გყვარობდი,
ვიცი, შენ უნდა მიმიღო, -
ფართოდ გამიღო კარები,
დამრეც ფერდობებს დავყვები,
ცას ვეღარ მივწვდი მინითა,
მინდა რომ გკოცნო, გეფერო...
შენ შემხვდე გუდასტვირითა.

მიწას


სანამ შენს პერანგს მათხოვებ,
ბარი მთას მოეკრძალება,
ნისლები ათამაშებულ
სხივებს მიიღებს ძალებად,
აყვავებული ყაყაჩო
თავს აწევს, ქვეყნის რჩეული,
მიწა ცის გვირგვინს დაიდგამს,
აღარ უტირის სხეული,
ვერც ყანა იგრძნობს ტკივილებს,
სიო გვერდს უვლის თავთავებს,
ჩავდგები მინდვრის შუაში,
მწყერჩიტას ვეტყვი არაკებს,
თოხით გამოვალ ნაპირას,
მუნჯი გავხდები მეხარე,
სანამ შენს პერანგს ჩავიცმევ,
პური არსობის იხარებს...