Saturday, January 26, 2013

ტკივილი


ტკივილი გულში როგორ დავტოვო?
ამოვიგლიჯო თუ თან ვატარო?
ძარღვებში, ძვლებში დავაკრისტალო
თუ ნაწილ-ნაწილ გზაზე დავყარო?
ვამცნო ქვეყანას რომ აღარა ვარ,
ცრემლები წვიმად გადმოვაყარო!

შენდობას ითხოვს


გამშრალი მიწა შენდობას ითხოვს
და ელოდება საავდრო ღრუბელს,
ქარმა ფთილებად ჩამოაფინა,
გაშავდა ზეცა, ქუხილით უტევს...
წვიმამ დაუშვა სირმების ფარდა,
ელავს და კვესავს საუფლო უფლის,
მინდორში ვზივარ თელის ხეებთან,
ჩემს გულს სამყაროს გარდაქმნა უკვირს.

Thursday, January 17, 2013

შენ-ასი წლის შემდეგ(მარინია ცვეტაევა) Тебе — через сто лет (Марина Цветаева)



შენ, დაბადებულს ასი წლის შემდეგ,
ჩემი სიცოცხლის ბოლო წამიდან,
გწერ ისე, როგორც სიკვდილმისჯილი
ჩემი ხელით და ღრმა სამარიდან:
                                                           
-შენ, მეგობარო! ნუ მეძებ ტყუილად!
აღარ ვახსოვარ აღარც მოხუცებს,
-ტუჩებით უკვე ვეღარ მოგწვდები!
გაღმიდან ხელებს გამოგიწოდებ.
                       
იქ, ჯოჯოხეთში, ცეცხლივით მწვავენ,
შენი თვალები, ორი კოცონი,
შესცქერი იმას, ვინც ხელს ვერ ანძრევს,
ვინც გადალახა სხვა რუბიკონი.

ჩემთან, ამ ხელში, მუჭა მტვერია,
ჩემი ლექსები! გაფანტა ქარმა,
იმ სახლს მოძებნი, სად დავიბადე ,
თუ იმას, სადაც სიცოცხლე გაქრა?!

და შემხვედრ ქალებს, ლამაზ ბაფთებით
ისე შესძახებ, მე გავოცდები,
-თვითმარქვიებო! მკვდარი ხართ ყველა!
მხოლოდ ის არის მარად ცოცხლებში!

მე საიდუმლო ვიცოდი მისი!
და მეპყრა განძის ყველა კლიტენი!
მიცვალებულთა გამძარცველებო!
მას სამკაული რატომ შეხსენით!

ის ჩემი ასი ბეჭედი მახსოვს!
ძარღვებს მტკენენ და პირველად ვამბობ,
ვასაჩუქრებდი ირიბად, მრუდედ,
ნამდვილ მეგობარს არ დაველოდე!

ვწუხვარ, რომ იმ დღეს, ძალიან დიდხანს,
კვალში ვედექი ჩამავალ სხივებს,
რომ შეგხვედროდი შენ იმ საღამოს,
ასი წლის შემდეგ, ასი წლის შემდეგ...

თავს დავდებ, რომ ჩემს ყველა მეგობარს
შეუკურთხებ და ეტყვი საფლავში,
-ყველა აქებდით! მაგრამ სამოსი
მას ვარდისფერი რად არ ჩააცვით?!

ან უანგარო ვინ იყო ნეტავ?! და თუ
არ მომკლავ, არც მსურს დამალვა!
მე ყველა მათგანს  ვთხოვდი წერილებს,
რომ ღამით კოცნით გადამეთვალა.

არყოფნა ჩვენი პირობითია,
მინდიხარ ძლიერ, შენც ეს გაწვალებს,
უარს შეუთვლი ლამაზ საყვარლებს
და ყველა მათგანს ძვლებს ანაცვალებ.



К тебе, имеющему быть рожденным
Столетие спустя, как отдышу, —
Из самых недр — как на смерть осужденный,
Своей рукой пишу:

— Друг! не ищи меня! Другая мода!
Меня не помнят даже старики.
— Ртом не достать! — Через летейски воды
Протягиваю две руки.

Как два костра, глаза твои я вижу,
Пылающие мне в могилу — в ад, —
Ту видящие, что рукой не движет,
Умершую сто лет назад.


Со мной в руке — почти что горстка пыли —
Мои стихи! — я вижу: на ветру
Ты ищешь дом, где родилась я — или
В котором я умру.


На встречных женщин — тех, живых, счастливых, —
Горжусь, как смотришь, и ловлю слова:
— Сборище самозванок! Всё мертвы вы!
Она одна жива!


Я ей служил служеньем добровольца!
Все тайны знал, весь склад ее перстней!
Грабительницы мертвых! Эти кольца
Украдены у ней!

О, сто моих колец! Мне тянет жилы,
Раскаиваюсь в первый раз,
Что столько я их вкривь и вкось дарила, —
Тебя не дождалась!

И грустно мне еще, что в этот вечер,
Сегодняшний — так долго шла я вслед
Садящемуся солнцу, — и навстречу
Тебе — через сто лет.

Бьюсь об заклад, что бросишь ты проклятье
Моим друзьям во мглу могил:
— Все восхваляли! Розового платья
Никто не подарил!


Кто бескорыстней был?! — Нет, я корыстна!
Раз не убьешь, — корысти нет скрывать,
Что я у всех выпрашивала письма,
Чтоб ночью целовать.

Сказать? — Скажу! Небытие — условность.
Ты мне сейчас — страстнейший из гостей,
И ты откажешь перлу всех любовниц
Во имя той — костей.









Wednesday, January 16, 2013

აღმოჩნდი კარს უკან

ზამთარმა შეგსუდრა თოვლსა და ყინვაში,
შენს გულში სიკვდილი ატოკებს კლავიშებს,
ღრმა ორმოს ამოთხრის ის ჭირისუფალი,
რომელიც ცრემლებით დაახრჩობს ამინდებს,
შენიდან ქრისტემდე რაღაც არ ლაგდება,
შემოდის, გარბიხარ, ის ისევ შემოდის,
დამღუპველ ფიქრებთან მარტო რომ დაგტოვა,
შენ მაშინ გადადგი უკუღმა ნაბიჯი და
ეხლა შორსა ხარ, როგორც რომ არასდროს,
ღმერთისგან, ჩვენგანაც და ბოლო წუთებში,
როდესაც სიცოცხლე ულმობლად გტოვებდა,
აღმოჩნდი კარს უკან, მიკუნჭულ კუთხეში.

Sunday, January 13, 2013

თუთის არაყი


შეშაზე თოვლი გადაწოლილა,
ძველი სახლი კი პატრონებს ელის,
(თუთის არაყმა უკვე გაჟონა) ნატრობს
კაკლის ქვეშ გამართულ ქეიფს...
ოდა იძახის-" გვიანდებაო",
სახურავს თოვლი ედება წყებად,
ამ ზამთარს ალბათ ვერ გადაიტანს,
და ჩაინგრევა ასი წლის კერა,
გაყინულ ჭაში ერევა წვეთი,
წვეთი იმ სისხლის, აქ რომ გაზრდილა,
მერე ქცეულა კაცად, ვაჟკაცად,
მერე კი, სადღაც გადაკარგულა,
ამღვრეულია სითხე ძარღვებში,
წვეთებად შედის სულ სხვა პროფილი,
ძველი სახლი კი ამაოდ იცდის,
ახალ ამბების აქვს მოლოდინი,
ჩამოინგრევა ასი წლის კერა,
გადააწვება თოვლი სახურავს,
შეშა კი პატრონს ამაოდ ელის,
ბოთლიდან სისხლი წვეთ-წვეთ მოჟონავს...

დროს მომცემს სამყარო


გავყვები ერთხელაც გზას, საით, არ ვიცი,
გავცდები  ჩემს ოდას, ბაღსა და შესახვევს,
რომელსაც ყოველთვის სოფელში მივყავდი,
ეხლა კი ფიქრი მღლის მომავლის შესახებ.
შარა-გზას წალეკავს მდუმარე ხეები,
ნიავი აწეწავს თმებსაც და ფიქრებსაც,
სახლებქვეშ დაჩოქილ ჩრდილებში ვისვენებ
და ყველა ეზოში მადლს ვითხოვ უფლისგან.
ყოველი ნაბიჯი მაშორებს წუთებთან,
რომელიც ბავშვობის ბალიშზე დავტოვე,
სუნი რომ სდიოდა თივის და თბილი რძის,
ოცნების, სიზმრების, ზღაპრების მედროვეს.
მივდივარ, მთებიდან მოცოცავს ნისლები,
დარდი და წუხილი მინდა რომ გავფანტო,
მოვძებნი ახალი ცხოვრების ბალიშებს,
უკან რომ დავბრუნდე, დროს მომცემს სამყარო...

Friday, January 11, 2013

მშორდები


მთებზე გაწოლილ ნისლივით მშორდები
ამ უთავბოლო ქარის თარეშში,
თვალები დამიწვა ცრემლმა თუ ცხელმა მზემ,
ღმერთო, გავიხლართე თევზივით ბადეში,
ჰაერი არ მყოფნის, წყალს ვითხოვ მწყურვალი,
კვლავ სიყვარულის ზღვა მინდა გავცურო,
შენ კი ჰორიზონტს ნისლივით შორდები,
მადლობის სათქმელად მოვდივარ წარსულო...

Thursday, January 10, 2013

პოეტს


რითმებს დავეძებ მდუმარებაში,
და ამ სიჩუმის მესმის მუსიკა,
სხივად იღვრება ნათელი მთვარის,
გულში სიმები გადაიდრიკა.
მე მდუმარების ველში გელოდი,
შენ კი მოცარტის ჰანგით მოხვედი,
მე შეგიკარი იის კონები, შენ კი
მესროლე რითმა თავხედი...

Wednesday, January 9, 2013

ზვარაკად შეწირულ პატარებს


ზვარაკად შეწირულ პატარებს ვიგლოვებთ,
მინდვრებში ხმა ისმის ბავშვების სიცილის,
მათ უნდა შეეკრათ ყვავილთა კონები,
მშობლები შევამკობთ საფლავებს გვირგვინით,
თავდახრილ ნაძვებთან ჩვენ- ერთი ბეწონი,
დიდებსაც გვაჯობეს, პატარა ხელებით
გემს გეზი უცვალეს, შეცვალეს სამყარო,
ფიქრები გვასწავლეს სხვაგვარი ფერებით...
ბავშვების თვალებით დანახულ ქვეყანას,
სადაც არც ომია და არც რომ უკუნი,
თამაშით, ოცნებით, სილაღით სავსეს და
მშვიდობის კედლებზე დახატულ ღიმილით
ჩვენც ვხედავთ ახლა და დრო არის დავფიქრდეთ,
ოქროსფერ ძაფებით გადავკრათ გულები,
ერთმანეთს ჩავჭიდოთ სათუთად ხელები,
მათ სულებს რომ ჰქონდეთ საგზალი ულევი...

წვიმა (ეტიუდი)


სისხლისფერ ქედებზე ჩამოწვა ნისლები,
ვნებიან სხეულებს ჩააცვეს შავები,
ხმა ისმის ქუხილის, გაყუჩდა მიდამო,
ქვეყანას დაატყდა შხაპუნა ზვავები...

ბებიას(გილოცავ დაბადების დღეს)

თოვს, სახურავზე დაათოვა ცივმა ზამთარმა,
ფანჯრებზე ყინვამ დაგვიხატა თეთრი პეპლები,
ბუხარში შეშა დაამღერებს ცეცხლის სიმღერას,
მასავით თბილი ბებია მყავს დაუბერები...
მამა-პაპათა სურათები დამცქერის, ზევით,
ჭრელი ხალიჩის სივრცეებში ამაყად მოჩანს,
ბებომ მასწავლა მომავალის წარსულით ცნობა
და უჯიათი ცხოვრებითაც თამამად ტკბობა.
შეშის ტკრციალი გამახსენებს მოყოლილ ზღაპრებს,
ოცნების ფერში გადავხატავ კეთილს და ბოროტს,
გამარჯვებული სიკეთეა, რადგან ბებია ასი
წელია, მას პირჯვარით ყოველდღე ლოცავს...



Monday, January 7, 2013

ნეკერჩხალი(ჩანახატი)


ელავს ფიფქები მთვარის შუქზე, ლურჯდება ღამე,
ზეზეულ ლანდებს შეუსუდრავს ირგვლივ მიდამო,
გაყინულ ტოტებს ნეკერჩხალი ვეღარც გრძნობს ტანზე,
შერჩენილ ფოთლებს სისხლის წვეთად თეთრ თოვლზე აფენს,
ტკივილისაგან შეჭმუხვნია გული და სახე, ჭირხლი
წამწამებს დაუთრთვილავს და ცრემლი თვალებს
ლოლუებად რომ დაეკიდება, ჩუმია ღამე,
მისი განცდები ამ ქვეყანას უღმერთოდ ამხელს...

ყველა ქუჩა შემოდის ჩემში


გავდივარ გარეთ, ყველა ქუჩა შემოდის ჩემში,
როგორც ფიქრები, ახლობელი და შორეული,
წლების მანძილზე გადავკოცნე სულ ყველა ეზო,
ყველა მათგანი ნაცნობია და მშობლიური...
მიყვარს თბილისი, მისი შუქი, ლამპიონები,
მთვარის სხივებზე მოლივლივე ციმციმა მტკვარი,
ამაყი მთები, ჩვენს ქალაქს რომ არტყია ირგვლივ,
კედლები სახლის, სადაც ფიქრით არ სძინავთ ღამე,
სიკეთის ცეცხლი ქუჩებიდან შემოდის უხვად,
ანათებს, ბრწყინავს, უერთდება ვარსკვლავთა ციაგს,
ჩვენს გულებს სიბრძნის, სათნოების სანთლებად ანთებს,
სანუკვარ თბილისს სიყვარულის ქალაქად აქცევს...


Saturday, January 5, 2013

ნუ გამომაცლი ფრთებს(სიმღერა)


ნუ გამომაცლი ფრთებს, რომლითაც
                                 ვზიდავ სამყაროს,
ნუ ამატირებ, ცრემლს მივცემ ზღვებსა
                                               და ატაროს,
ტალღებად გადააქციოს, ნაპირნი
                                               მიმოაქციოს,
გემები მილეწ-მოლეწოს,  დარდები
                                       გადმოაფრქვიოს,
ნუ გამომაცლი ფრთებს, ნუღარ დამინგრევ
                                                      სახლს,
ნუთუ ცოტაა შენთვის?! ასე უყვარხარ
                                                        სხვას?!

თოვლი(თეთრი ლექსი)


მიყვარს  თოვლი,  თეთრი,  თეთრი  და
წმინდა,  როგორც  ლოტოსის  ყვავილი-
-ღმერთების  პირმშო.  ვაფასებ  თოვლი-
ვით  სპეტაკ  ადამიანურ  გრძნობებს და
პატიოსნებას.  თუმცა  ზოგჯერ  თოვლ-
საც  შ ე ი ძ ლ ე ბ ა  ჰქონდეს  შავი  სახე,
საშინელი  სანახავია  ჭუჭყიანი  თოვლი.

Thursday, January 3, 2013

ახალი წლის ღამე


გაიმართება დიდი ლხინი და ჩვენს სახეებს,
ღვინის ეშხი და ცხელი გული გააცისკროვნებს,
ირმის ყანწები გაახარებს დიდმუცლა კაცებს,
ოქროს ძაფებით გადაკერავს სიტყვათა კონებს,
ღიმილით სავსე სარკეები უხდება სუფრას,
ბროლის სხივები გადატეხავს გაყინულ ფანჯრებს
და მათი შუქი, სიტკბოებით, სითბოთი სავსე,
ქალაქის ქუჩებს ახალი წლის ნათებას მატებს...

შემოდგომის ეტიუდი


კვესავს ეული, ერთი კუნძი შემოდგომისა,
მის გვერდზე მინდორს  შესევია შავი ჭილ-ყვავი,
მოგონებები მინავლულის, ჩამალულისა
მის გულის ყუნჭში არის ბევრი, არის უზღვავი,
ფოთლის შრიალი, ტოტთა რხევა და ქარიშხალი,
სიო ნარნარი, ამ ქვეყანას მისი რჩეული,
გულში ჩამწვდომი, საალერსო სიტყვები ნაზი
და ცულის დარტყმა მტკივნეული, ანაზდეული...
კვესავს ეული, ერთი კუნძი შემოდგომისა,
გაშავებული პირითა და სიკეთით სავსე,
თავს დასდგომია დარდიანი ფარდაგი წვიმის
და ნეშომპალით მის გარშემო ნიადაგს ავსებს.

Wednesday, January 2, 2013

დროის მანქანა


დროის მანქანამ წამაცალა საათის მაჯა,
სადაც მივედი, იყო უკვე ძლიერ გვიანი,
დიდი ლოდივით მძიმე იყო თხოვნა და აჯა,
გულის ხვეულებს  მივაყენე დიდი ზიანი...
კვლავ ლიანდაგებს მივუყვები და ვითვლი წამებს,
როგორც ვითვლიდი ძვირფას წუთებს, ეხლა დარდიანს,
ციფერბლატები აირეკლავს სხვა დროის ალებს,
მატარებელი, თუ მანამდე თან არ წამიყვანს...

Tuesday, January 1, 2013

მივეფერები


მე მოგონების ლურჯი ველით დავიფარები,
ბურუსში ვხედავ დედას, მამას, ბავშვობის გემებს,
მწველი ტკივილის დგება გორები,
მინდა შევღებო სულ სხვა ფერებით,
არ მასვენებენ, მოვეფერები...

ლურჯია ღამე


ლურჯია ღამე, ლურჯია მთები,
მოგონებები მიხმობენ შენთან,
მთვარემ დამალა სახე ღრუბლებში,
შენი სახებაც თანდათან ქრება.
მე მახსენდება ის ტყე და ველი,
ფრთამოტეხილი ჩიტი უბეში,
სულისშებერვით ვათბობდით ერთად,
ეს იყო ჩვენთვის დიდი ნუგეში,
რომ ერთმანეთის გვესუნთქა ქარით,
რომ სიყვარულის გაგვეგო გემო,
ფრთამოტეხილი გაფრინდი მერე,
შენ და ის ჩიტი ღმერთთან ხართ, ჩემო.